კატეგორიები

კორუფციული სკანდალები ესპანეთში და პრემიერის განმარტებები

კორუფციული სკანდალები ესპანეთში და პრემიერის განმარტებები
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი აცხადებს, რომ მისი წინამორბედის, კორფციულ სკანდალში გახვეული ხოსე ლუის როდრიგეს საპატეროს მხარდაჭერის შესაწყვეტად არავითარი მიზეზი არ არსებობს. ეს განცხადება მან ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ახალი დეტალების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა.

„ვფიქრობ, არ არსებობს საკმარისი საფუძველი“, -  განაცხადა სანჩესმა რომში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც პაპ ლეო XIV-თან ვატიკანში შეხვედრის შემდეგ გაიმართა.

სოციალისტმა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ხელისუფლებაში 2018 წელს მოვიდა, „სასამართლოსთან სრული თანამშრომლობა“ და უდანაშაულობის პრეზუმფციის პატივისცემა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

საპატერო, რომელიც ესპანეთს 2004-2011 წლებში მართავდა, ჩვენების მისაცემად მომავალ თვეშია დაბარებული იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც, 2021 წელს ავიაკომპანია Plus Ultra-ს ფინანსური დახმარებისას სავარაუდოდ ჩაიდინეს.

საქმე იმას ეხება, გამოიყენა თუ არა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თავისი პოლიტიკური გავლენა, რათა ავიაკომპანიას 2021 წელს 53 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება მიეღო, ასევე, ისარგებლა თუ არა ამით, მან და მისმა ოჯახმა.

საქმის მოსამართლე ეჭვობს, რომ საპატერო შესაძლოა ყოფილიყო კომპლექსური ქსელის ნაწილი, რომელიც მოიცავდა ფიქტიურ კომპანიებსა და კულისებს მიღმა ლობირებას, რათა სოციალისტური მთავრობის არხებით სასურველი გადაწყვეტილებები გაეტარებინათ.

საპატერო ესპანური მემარცხენე ფლანგის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურაა და სანჩესის მოკავშირედ ითვლება. გავლენით ვაჭრობისა და სხვა შესაძლო დანაშაულების გამო გასულ კვირას მის წინააღმდეგ გამოძიება ოფიციალურად დაიწყო. ყოფილი პრემიერ-მინისტრი რაიმე დანაშაულს ან იმას, რომ ოდესმე Plus Ultra-სგან თანხა მიუღია უარყოფს.

საინფორმაციო სააგენტო France-Presse-ის თანახმად, გამოძიების მასალებში საუბარია იმაზეც, რომ საპატეროს სეიფის ჩხრეკისას აღმოაჩინეს მრავალი ძვირადღირებული საათი და სამკაული, რომელთა ღირებულებაც ჯერ დაუდგენელია. ყოფილი პრემიერის გარემოცვა აცხადებს, რომ ეს ნივთები ოჯახური მემკვიდრეობის ნაწილია.

მიუხედავად იმისა, რომ კორუფციის საქმეებზე ქვეყანაში სხვა პრემიერ-მინისტრებიც დაუკითხავთ, ეს თანამედროვე ესპანეთის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ ოფიციალური გამოძიება დაიწყო.

ეს საქმე დამატებით ზეწოლაა სანჩესზე, რომელიც საკუთარ გარემოცვასთან დაკავშირებული გამოძიებებითა, და ასევე, რეგიონულ არჩევნებში მძიმე მარცხებით უკვე დასუსტებულია.

ოთხშაბათს პოლიცია მადრიდში სოციალისტური პარტიის შტაბ-ბინაში შევიდა და და პარტიის ყოფილი წევრის, ლეირე დიესის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დოკუმენტები მოითხოვა.

დიესს ადანაშაულებენ, რომ მონაწილეობდა ქსელში, რომლის მიზანიც, სასამართლოს თანახმად, პარტიის ან მთავრობის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი პროცესებისთვის ხელის შეშლა იყო.

სანჩესმა განაცხადა, რომ სოციალისტური პარტია სასამართლოს პატივს სცემს და გამოძიებასთან თანამშრომლობს. მისივე თქმით, პარტიამ დიესთან კავშირი მის მიმართ ეჭვების გაჩენის შემდეგ გაწყვიტა.

პედრო სანჩესმა უარყო ოპოზიციის მოთხოვნაც ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე და განაცხადა, რომ ესპანეთს „სტაბილურობა“ სჭირდება. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ სოციალურ და ეკონომიკურ პროგრესზე, რომელიც, მისივე განმარტებით, მოქმედმა ადმინისტრაციამ უზრუნველყო.

„ცხადია, ახალი დარღვევების შემთხვევაში ჩვენ ისეთივე სიმტკიცით ვიმოქმედებთ, როგორც ადრე,“ - თქვა პედრო სანჩესმა და სოციალისტურ პარტიაში ადრე განხორციელებულ დისციპლინურ ზომებზე მიანიშნა.

დაკავშირებული ამბები
კორუფციული სკანდალები ესპანეთში და პრემიერის განმარტებები მადრიდი ანტისამთავრობო და სოციალურმა საპროტესტო ტალღამ მოიცვა