ვარშავა ალკოჰოლური სასმელების ღამის საათებში გაყიდვაზე აკრძალვის დაწესებას გეგმავს.
შესაბამისი შეზღუდვა ძალაში პირველი ივნისიდან უნდა შევიდეს და საღამოს 22:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე დროის მონაკვეთში შეეხება მცირე და მსხვილ სასურსათო მაღაზიებს, ჯიხურებს, ავტოგასამართ სადგურებსა და ყველა იმ ტიპის ობიექტს, რომელიც ალკოჰოლის შემცველ სასმელებსა თუ სხვა ტიპის ნივთიერებებს ყიდის.
პოლონეთის დედაქალაქის მერის თქმით, მართალია, შეზღუდვების მომხრე არ არის, თუმცა მრავალწლიანმა დისკუსიებმა დაარწმუნეს, რომ ამან, შესაძლოა, დადებითად იმოქმედოს ქალაქზე.
შეზღუდვა ნაწილია მუნიციპალური პროგრამისა, რომლის მიზანია, ვარშავის მასშტაბით ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის 24-საათიანი უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ფართო აკრძალვების შემოღებამდე, ის ვარშავის იმ გარეუბნებში დააწესეს, საიდანაც ღამის საათებში მოქალაქეთა საჩივრების რაოდენობა მკვეთრად იყო გაზრდილი. მათივე თქმით, ეს მაჩვენებელი ახლა საგრძნობლად არის შემცირებული, რაც დასტურდება მუნიციპალური ინსპექციისა და პოლიციის განყოფილებებში შესული ნაკლები შეტყობინებით.
საზოგადოებრივი კონსულტაციებისას, ვარშავის მოსახლეობის 81%-მა მიიჩნია, რომ ღამის აკრძალვის დაწესება სწორი გადაწყვეტილებაა, მათი თითქმის 100% კი ფიქრობს, რომ შეზღუდვები მხოლოდ ცალკეულ რაიონებსა თუ დასახლებებზე არ უნდა ვრცელდებოდეს.
„ვფიქრობ, ასე ბევრად უსაფრთხო იქნება. მეუღლესთან ერთად ხშირად ვიმყოფებით შვედეთში და ეს იქ კარგად მუშაობს. დრო საკმარისია ალკოჰოლის საყიდლად“, - ამბობს ვარშავის ერთ-ერთი მცხოვრები.
„მშრალი კანონის დროს ყოველთვის ჩნდება შავი ბაზარი. ვიღაც ბებია ფანჯრიდან, ჩანთებიდან გაყიდის ბოთლებს. ასე იყო საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ მაინც ვემხრობი აკრძალვას, რადგან ინციდენტებისა და ჩხუბების მასშტაბები მნიშვნელოვნად შემცირდება“, - მიაჩნია Euronews-ის მიერ გამოკითხულ კიდევ ერთ რესპონდენტს.
ვარშავის ზოგიერთი მცხოვრები თვლის, რომ პრობლემა არა ალკოჰოლურ საშუალებებში, არამედ ადამიანთა ქცევაშია, რისი მოგვარებაც ხელისუფლებას ნამდვილად გაუჭირდება. მათი თქმით, აკრძალვა არაეფექტურია, რადგან სავსებით შესაძლებელია, მოქალაქემ ალკოჰოლური სასმელი შეზღუდვის საათებამდე იყიდოს.
ვარშავის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ აკრძალვა არ გავრცელდება რესტორნებზე, ბარებსა და ფრედერიკ შოპენის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ე.წ. Duty-Free ზონაზე - გაამართლებს თუ არა პოლონური „მშრალი კანონი“, ამაზე პასუხად, მათი თქმით, საუკეთესო ინდიკატორი იქნება მომდევნო თვეების მაჩვენებლები.
