კონგოსა და უგანდაში ებოლას ვირუსის აფეთქებასთან გამკლავებას ცდილობენ. როგორც მსოფლიო სასურსათო პროგრამის იტურის ბიუროს ხელმძღვანელი ამბობს, ებოლას აფეთქება და საკვების უსაფრთხოება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. მისი თქმით, არსებობს ჯანდაცვის ზომები, რომლებიც გულისხმობს ადამიანების იზოლაციას გარკვეულ ზონებში, მაგრამ თუ ისინი არ იღებენ საკვებით დახმარებას, ბუნებრივია, აღარ დარჩებიან ამ ზონებში.
„არსებობს ჯანდაცვის ზომები, რომლებიც გულისხმობს ადამიანების განთავსებას იზოლირებულ სივრცეში, მაგრამ თუ ეს ადამიანები საკვებით დახმარებას არ მიიღებენ, ისინი შეზღუდვის ზონაში არ დარჩებიან, ისინი ამ ტერიტორიებს დატოვებენ და საკვების საძებნელად სხვაგან წავლენ. მათ ბაზრებში მოუწევთ შესვლა. ამ გადაადგილებით მათ შეუძლიათ სხვა ადამიანების დაინფიცირება“. - აცხადებს მსოფლიო სასურსათო პროგრამის იტურის ბიუროს ხელმძღვანელი, ოლივიე ნკაკუდულუ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი, ამბობს, რომ უკვე 900-ზე მეტი საეჭვო და გარდაცვალების 220-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.
ებოლა კვირების განმავლობაში შეუმჩნევლად ვრცელდებოდა, რადგან ჯანდაცვის ორგანოები ხალხს უფრო გავრცელებულ ზაირის შტამზე ამოწმებდნენ, სანამ არ მიხვდნენ, რომ ეს აფეთქება გაცილებით იშვიათი შტამით - ბუნდიბუგიოთი იყო გამოწვეული.
რამდენიმე სააგენტომ ბუნიაში რამდენიმე ტონა დახმარება ჩაიტანა, რომელიც კონგოს სამი ყველაზე მეტად დაზარალებული ქალაქის - ბუნიას, რუამპარასა და მონგბვალუსთვის იყო განკუთვნილი.
ამასთან, უბრალო მოსახლეობის უნდობლობამ ებოლაზე რეაგირების ძალისხმევა გაართულა.
სამ ქალაქში შექმნილი სამი სამკურნალო ცენტრიდან ორი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დაწვეს.
გარდა ამისა, დაფინანსების შეზღუდვამ სიტუაცია კიდევ მეტად გააურესა.
„წინა ხაზზე მყოფი სააგენტოების უმეტესობას ბიუჯეტი შეუმცირდა. ამიტომ პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, არის იმის უზრუნველყოფა, რომ გრძელვადიანი დაფინანსება იყოს მდგრადი ყველა სააგენტოსთვის. მსოფლიო სასურსათო პროგრამის პერსპექტივიდან წელს რესურსების დეფიციტი 218 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს. რესურსების არარსებობის შემთხვევაში პრიორიტეტების განსაზღვრა მოგვიწევს. ჩვენ ვერ შევძლებთ ყველასთან მიღწევას. ჩვენ უკვე გვყავს ადამიანები, რომელთაც საკვებით დახმარება სჭირდებათ. ზოგჯერ რთული არჩევანის გაკეთება მოგვიწევს მათ შორის, ვისაც საკვები ესაჭიროება და ვისაც ებოლასთან დაკავშირებით დახმარება სჭირდება“. - განაცხადა მსოფლიო სასურსათო პროგრამის იტურის ბიუროს ხელმძღვანელმა, ოლივიე ნკაკუდულუმ.
ჯანდაცვის ექსპერტების აზრით, გასულ წელს შეერთებული შტატებისა და სხვა მდიდარი ქვეყნების მიერ საერთაშორისო დახმარების შემცირებამ აღმოსავლეთი კონგო მნიშვნელოვნად დააზარალა, რამაც შეამცირა რეგიონის შესაძლებლობები ინფექციური დაავადებების გავრცელების წინააღმდეგ რეაგირებაზე.
ჰუმანიტარული ჯგუფები აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ საჭირო რესურსი, მაგალითად, სახის დამცავი ფარები და შესაბამისი აღჭურვილობა ჯანდაცვის მუშაკების ინფექციისგან დასაცავად, ასევე ტესტირების ნაკრებები, ცხედრების ტომრები და მასალები, რომლებიც საჭიროა გარდაცვლილთა უსაფრთხოდ დასაკრძალად, რადგან სხვა შემთხვევაში ცხედრებისგანაც შეიძლება ადვილად გავრცელდეს ვირუსი.
