ამერიკის ცენტრალური სარდლობის ცნობით, „ირანული ძალებისგან მომდინარე საფრთხეებისგან სამხედროების დაცვის მიზნით“, სპარსეთის ყურეში იერიშები მიიტანეს ისლამური ქვეყნის სარაკეტო გამშვებ პუნქტებსა და სწრაფმავალ კატარღებზე, რომლებიც, ვაშინგტონის ცნობით, ცდილობდნენ ნაღმების განთავსებას.
თეირანის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არიან დაღუპულები. ამასთან, ისლამური რესპუბლიკის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მსგავსი ინციდენტები, შესაძლოა, მნიშვნელოვანი წინაღობა აღმოჩნდეს საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების გზაზე.
პარალელურად, ამერიკული მხარე მიუთითებს, რომ არსებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ვაშინგტონი თავშეკავებულობის პოლიტიკას შეინარჩუნებს, თუმცა, ამავდროულად, დარჩება ეროვნული ინტერესებისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში საკუთარი შეიარაღებული ძალების დაცვის ერთგული.
მიუხედავად ამჟამად გაურკვეველი დროით შეჩერებული აქტიური საბრძოლო მოქმედებებისა, ისლამაბადის შუამავლობით, თეირანსა და ვაშინგტონს შორის მშვიდობა მყიფეა, რაც დასტურდება მსგავსი ტიპის პერიოდული იერიშებით ან ირანის მხრიდან ამერიკულ პოზიციებზე ან პირიქით, ზოგჯერ კი თეირანის მხრიდან სპარსეთის ყურის სახელმწიფოებზე.
„ასე იქნება თუ ისე, ჰორმუზის სრუტე გაიხსნება. ის, რაც იქ ხდება უკანონო და მიუღებელია მთელი მსოფლიოსთვის. ირანის რეჟიმის გარდა, არც ერთი ქვეყანა არ ვიცი, რომელიც სრუტის გასასვლელად გადახდის სისტემას ემხრობა. ამას არც რუსები უჭერენ მხარს და არც ჩინელები. ამიტომ, ეს მიუღებელია და ასე გაგრძელება შეუძლებელია.
სრუტეები უნდა იყოს გახსნილი, გასვლაზე საფასურის შეზღუდვების დაწესების გარეშე. ფაქტია, ეს დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, როგორც კი მიღწეული იქნება რაიმე შეთანხმება. ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული. ორიოდე დღის წინ პრეზიდენტმა, ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული სატელეფონო საუბარი გამართა რეგიონის ლიდერებთან.
ვფიქრობ, არსებობს მკაფიო თანხმობა, როგორ უნდა გამოიყურებოდეს წინასწარი პროექტი. ვფიქრობ, რამდენიმე დღე იქნება საჭირო ყველა დეტალის შესათანხმებლად, იქნება ეს ცალკეული სიტყვები თუ წინადადებები. თუკი შეთანხმება შედგება, ამის გაკეთება მოგვიწევს. საკითხი დგას ასე - ან იქნება კარგი შეთანხმება ან სულ არ იქნება“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.
არსებული მყიფე მშვიდობა გახდება მტკიცე, მდგრადი და გრძელვადიანი თუ სცენარი ისევ ესკალაციის გზით განვითარდება, ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებზეც.
ანალიტიკოსების აზრით, ირანთან დაკავშირებით თეთრი სახლის ლიდერის ცვალებადი პოლიტიკა შეუძლებელს ხდის, განსაზღვროს, როგორი იქნება შემდგომი დღეები ან წლები ახლო აღმოსავლეთში. დონალდ ტრამპის უცვლელ მოთხოვნებს შორის არის თეირანის მხრიდან გამდიდრებულ ურანზე კატეგორიული უარის თქმა.
26 მაისის ღამით მომხდარი ინციდენტი სპარსეთის ყურეში და კონფლიქტის ზონაში არსებული გაურკვევლობა უმალვე აისახა ვაჭრობასა და საერთაშორისო ეკონომიკურ ბაზარზე. Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ისევ 100 ამერიკულ დოლარზე მეტია, რაც საწვავის ღირებულების გლობალურად ზრდას უწყობს ხელს.
