სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მასშტაბურ საპროტესტო აქციას, დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოჰყვა. ბელგრადის ცენტრალურ მოედანზე 23 მაისს ათობით ათასი დემონსტრანტი შეიკრიბა, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის 12-წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვენ.
უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით ახალგაზრდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დემონსტრანტებმა ნაგვით სავსე ურნებს ცეცხლი წაუკიდეს და პოლიციის მიმართულებით ქვები ისროლეს. დაპირისპირების შედეგად ათობით დემონსტრანტია დაკავებული.
დღის განმავლობაში მასშტაბურ საპროტესტო აქციას ათიათასობით ადამიანი შეუერთდა. სერბეთის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიამ ბელგრადის მიმართულებით ყველა რეისი გააუქმა, რომ საპროტესტო აქციაზე რეგიონებიდან მოსახლეობა ვერ ჩამოსულიყო. დედაქალაქის შესასვლელთან სხვადასხვა რეგიონიდან მომავალი უამრავი ავტომობილი იყო გაჩერებული.
თუმცა, მოსახლეობა დედაქალაქში საპროტესტო აქციაზე მაინც ჩავიდა რეგიონებიდან. ბელგრადის შესასვლეთან კი რეგიონებიდან მომავალი ავტომობილების კოლონა იდგა. აქციის მონაწილეების დიდ ნაწილს ეკეთა სამკერდე ნიშნები ეკეთა, რომელზე წითელი ხელი იყო გამოსახული წარწერით „თქვენი ხელები სისხლიანია.“ ასევე სტუდენტების ბანერები ჰქონდათ გამოტანილი წარწერით „სტუდენტები იმარჯვებენ.“
„მივმართავთ ჩვენი მშვენიერი სერბეთის ყველა მოქალაქეს, ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე, აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე: „იცოდეთ, სტუდენტები იმარჯვებენ“, - ამბობს სერბი სტუდენტი ანდრეი ტანკო.
„ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა, ეს არ არის ბრძოლა რეჟიმის შესაცვლელად. ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის,“ - ამბობს აქციის მონაწილე სერბი მსახიობი, ალექსანდარ სრეჩკოვიჩი.
სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის წინააღმდეგ ზეწოლა საპროტესტო აქციებით განახლდა. ქვეყანაში საპროტესტო აქციები 2024 წლის ნოემბერში სერბეთის ჩრდილოეთში სარკინიგზო სადგურზე მომხდარი ტრაგედიის შემდედ დაიწყო. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ნოვისადის ტრაგედია, რომლის დროსაც რკინიგზის სადგურზე ბეტონის კონსტრუქცია ჩამოინგრა და 16 ადამიანი დაიღუპა, ალექსანდარ ვუჩიჩის მთავრობის კორუფციასა და შენობის რემონტის დროს უსაფრთხოების წესების უგულებელყოფას მოჰყვა.
პროტესტების შედეგად 2025 წელს სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი გადადგა, თუმცა პრეზიდენტი ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და გადადგომას არ აპირებს. ალექსანდარ ვუჩიჩმა მიმდინარე საპროტესტო აქციების წინააღმდეგ მკაცრი კამპანია წამოიწყო. ის დემონსტრანტებს ტერორისტებად და უცხოეთის აგენტებად მოიხსენიებს, რომლებსაც სერბეთის განადგურება სურთ.
