გასულ უქმეებს ანკარაში მშვიდობიანად არ ჩაუვლია. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები, ხელკეტები და ფიზიკური ძალა გამოიყენა ქვეყნის მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ცენტრალური ოფისის შტურმით ასაღებად, სადაც ხელისუფლების ოპონენტთა მხარდამჭერები სამართალდამცველებს ბარიკადებით დახვდნენ.
ძალოვანი უწყების ამ ქმედების მიზეზი იყო სასამართლოს სადავო გადაწყვეტილების აღსრულება, რომლის მიხედვითაც პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე ქემალ ქილიჩდაროღლუ უნდა აღედგინათ და ამჟამინდელი ლიდერი ოზგიურ ოზელი დაეკავებინათ.
ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების მოქმედი ხელმძღვანელობა მას ადანაშაულებს ე.წ. „მაფიის ბანდიტების“ გამოყენებას ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.
შიდაპარტიული განხეთქილება გაძლიერდა მას შემდეგ, რაც 24 მაისის დილას, ქილიჩდაროღლუს მხარდამჭერებმა, მათ შორის თურქეთის პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა, გადაწყვიტეს პარტიის ოფისისკენ წასულიყვნენ და ყრილობა ჩაეტარებინათ ხელმძღვანელობის შესაცვლელად, რასაც მისივე ყოფილ მომხრეებს შორის პროტესტი მოჰყვა.
მათი შეფასებით, საკუთარი კეთილდღეობისა და სარგებლის მიღების მიზნით, ქილიჩდაროღლუ უგულებელყოფს თურქი ხალხის ინტერესებს და ღალატობს მის მილიონობით ამომრჩეველს, რაც, მათივე თქმით, არაფრით განასხვავებს ოპოზიციონერს მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან.
თავის მხრივ, ქემალ ქილიჩდაროღლუმ მოუწოდა ოზგიურ ოზელის მომხრეებს, დამორჩილებოდნენ უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკის სამიზნედ ქცეულ სასამართლოს გადაწყვეტილებას და მშვიდობიანად გადაებარებინათ პარტიული ძალაუფლება.
შიდაპარტიული განხეთქილებით ისარგებლა ანკარის გუბერნატორმა და ოფისში მყოფი პირების გამოსახლების ბრძანება გასცა, რაც საპოლიციო ძალებს ანიჭებდა უფლებამოსილებას შეეღწიათ შენობის შიდა ტერიტორიაზე.
ორ ფლანგად გაყოფილ ოპოზიციონერებს თავიანთი პოზიციების დასაცავად არგუმენტები აქვთ.
ქემალ ქილიჩდაროღლუს ლიდერობის მოწინააღმდეგენი აცხადებენ, რომ არჩევნებში 13-წლიანი მონაწილეობის განმავლობაში ის ყოველ ჯერზე დამარცხდა, ხოლო ოზგიურ ოზელის ხელმძღვანელობით „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ სერიოზული დარტყმა მიაყენა რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოლიტიკურ გაერთიანებას 2024 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რაც, მათი თქმით, თურქეთის არსებულ საარჩევნო თუ პოლიტიკურ სისტემაში რთული წარმოსადგენია, კენჭისყრის შედეგების მასობრივი გაყალბების გათვალისწინებით.
ოპოზიციონერების მტკიცებით, სასამართლოს მოულოდნელი გადაწყვეტილება ქილიჩდაროღლუს თანამდებობაზე აღსადგენად არის თურქეთის მმართველი პარტიისა და უშუალოდ პრეზიდენტ ერდოღანის მიზანმიმართული გადაწყვეტილება ხელისუფლების ოპონენტების დასასუსტებლად და ძალაუფლების გასამყარებლად 2028 წლის მაისის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
კრიტიკის მიუხედავად, ქემალ ქილიჩდაროღლუ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი თურქი პოლიტიკოსია, რომელმაც სახელმწიფო თანამდებობებზე საქმიანობა ჯერ კიდევ 1983 წელს დაიწყო.
1999 წელს ქილიჩდაროღლუმ დატოვა თანამდებობა და პოლიტიკაში წავიდა, 3 წლის თავზე კი ის პირველად გახდა თურქეთის პარლამენტის წევრი.
2010 წლიდან ქილიჩდაროღლუ ქვეყნის უძველესი, „სახალხო-რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი გახდა.
