კატეგორიები

ბრიტანული სამართალდამცავი უწყებების თქმით, ინტერნეტი ბავშვებისთვის უსაფრთხო აღარ არის

ბრიტანული სამართალდამცავი უწყებების თქმით, ინტერნეტი ბავშვებისთვის უსაფრთხო აღარ არის

დიდი ბრიტანეთის წამყვანი სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების აზრით, 16 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს უნდა აეკრძალოთ სოციალური ქსელების გამოყენება, ისეთი თამაშების გადმოტვირთვა, რომლებიც ახალისებენ ძალადობას, მოიცავენ ხელოვნური ინტელექტის კომპონენტებს ან შესაძლებლობას, ჰქონდეთ კომუნიკაცია უცხო პირებთან.

დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საჭიროა, განსაკუთრებული კონტროლის დაწესება ისეთ ვებგვერდებზეც, რომლებზეც აშკარად ან ფარულად არის განთავსებული ბავშვებისთვის მავნე ციფრული მასალები ან მათი მეშვეობით შესაძლებელია პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოების ან ვიდეობის გავრცელება თუ მოპოვება.

ბრიტანეთის მარეგულირებელი კომისია Ofcom-ი აპირებს, მიიღოს ზომები იმ ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ინტერნეტსივრცეში ვერ უზრუნველყოფენ ბავშვთა სათანადო დაცვას კიბერსაფრთხეებისგან. ამ ინიციატივას მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებაც.

ამჟამად ლონდონში განიხილავენ ისეთ ვარიანტებს, როგორებიცაა, მაგალითად, კონკრეტულ აპლიკაციებზე ასაკობრივი შეზღუდვების დაწესესება, მათი სრულად აკრძალვა 16 წლამდე პირებისთვის ან ე.წ. „კომენდანტის საათი“ - ანუ, ფუნქცია, რომლის დროსაც მშობელი თავად განსაზღვრავს, დღის რომელ მონაკვეთში ექნება ბავშვს ამა თუ იმ აპლიკაციის გამოყენების უფლება. ამასთან, დამატებით იქნება მიღებული ზომები, რაც ბრიტანეთის ტერიტორიაზე შეუძლებელს გახდის არასრულწლოვნებისთვის გაავრცელონ ან ნახონ უხამსი შინაარსის ფოტო-ვიდეომასალები.

დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების სიტყვებით, ეს ზომები, შესაძლოა, არ იყოს საკმარისი, რადგან ხელისუფლებამ საკმაო დრო დაკარგა რეგულაციების შემუშავებაზე, ტექნოლოგიები, განსაკუთრებით კი ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები ძალიან სწრაფად ვითარდება.

მათივე თქმით, მთავრობამ მკაფიო არჩევანის წინაშე უნდა დააყენოს ტექნოლოგიური კომპანიები - ან მათ უნდა შექმნან უსაფრთხო ონლაინგარემო არასრულწლოვნებისთვის, ან ხელისუფლება აკრძალავს შესაბამისი პლატფორმების გამოყენებას.

ანალიტიკოსების შეფასებით, ონლაინსივრცეში ახლა „ველური დასავლეთის“ პრინციპი მოქმედებს, სადაც კანონმდებლობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ტექნოლოგიურ განვითარებას, ბავშვებისთვის მიყენებული ზიანი კი სერიოზული და მრავალწახნაგოვანია, რადგან ინტერნეტში ფესვგადგმულმა მოძალადეებმა, თაღლითებმა და ექსტრემისტებმა უკვე არაერთი მოზარდის ცხოვრება დაანგრიეს.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ სრულად აკრძალვის ნაცვლად, უმჯობესი იქნება თუ სოციალური პლატფორმები უსაფრთხო გახდება ბავშვებისთვის და მათ მოზარდები მხოლოდ საკომუნიკაციოდ გამოიყენენ.

დაკავშირებული ამბები
ბრიტანული სამართალდამცავი უწყებების თქმით, ინტერნეტი ბავშვებისთვის უსაფრთხო აღარ არის ლუტონი, გაერთიანებული სამეფო