რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუჰანსკის რეგიონში, ქალაქ სტარობილსკში, უკრაინული დრონების თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.
რუსეთის ადამიანის უფლებათა ომბუდსმენის, იანა ლანტრატოვას განცხადებით, იერიშის შედეგად კოლეჯის საერთო საცხოვრებლის შენობა დაინგრა, რასაც სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
მანამდე, ოკუპირებული რეგიონის რუსეთის მიერ დანიშნულმა ხელმძღვანელმა, ლეონიდ პასეჩნიკმა განაცხადა, რომ დაშავებულია 39 ადამიანი.
„რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ტერორისტული აქტის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რაც დაკავშირებულია უკრაინული შეიარაღებული ფორმირებების მიერ ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკაში სამოქალაქო ობიექტებზე მომხდარ თავდასხმასთან.
2026 წლის 22 მაისის ღამეს, უკრაინელმა მებრძოლებმა ოთხი საავიაციო ტიპის დრონის გამოყენებით მიზანმიმართული იერიში მიიტანეს ლუჰანსკის სახელმწიფო პუნივერსიტეტის სტარობილსკის კოლეჯის ადმინისტრაციულ შენობებსა და საერთო საცხოვრებელზე. შემთხვევის დროს საერთო საცხოვრებელში 86 სტუდენტი და ერთი თანამშრომელი იმყოფებოდა.
შედეგად, ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ კვლავ რამდენიმე ადამიანია მოყოლილი. დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის ზუსტდება.“ - განაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ.
სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. მაშველები ნანგრევებს ასუფთავებენ, რადგან ვარაუდობენ, რომ შენობის ქვეშ კიდევ რამდენიმე ადამიანია მოყოლილი.
