კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ რუამპარაში ებოლას სამკურნალო ცენტრს ცეცხლი წაუკიდეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, შემთხვევის ადგილას სროლის ხმაც ისმოდა, ადგილობრივი მცხოვრებლები მისდევდნენ თეთრ ავტომობილს, რომელსაც ხშირად ამ რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები იყენებენ.
სამკურნალო ცენტრი 19 მაისს გაიხსნა, მაგრამ ჯერ არ ფუნქციონირებს. თუმცა, ჯანდაცვის ჯგუფებმა ცენტრში ცხედრები მიასვენეს, რათა სათანადოდ მოემზადებინათ დასაკრძალად. ეს პროცესი ებოლას აფეთქების შეჩერების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.
კოორდინატორმა უსაფრთხოების საკითხებში, რომელიც ამჟამად ებოლას ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული, განაცხადა, რომ ინციდენტი „გაუგებრობის“ შედეგი იყო. მისი თქმით, ნათესავები ცდილობდნენ, ვირუსით გარდაცვლილი ადამიანის ცხედრის გადასვენებას.
„ეს არის გაუგებრობა. ახალგაზრდები ვერ აცნობიერებენ ამ დაავადების რეალურ საფრთხეს. სწორედ ამან გამოიწვია დღევანდელი სიტუაცია. აქ მოიყვანეს გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. მის ოჯახს, მეგობრებსა და სხვა ახალგაზრდებს სურდათ მისი ცხედრის სახლში გადასვენება და დაკრძალვა. მათ არ გაითვალისწინეს ხელისუფლების ინსტრუქციები, რომლებიც ებოლას ვირუსის აფეთქების დროს დაწესდა. მთავრობის განკარგულებით, ყველა ცხედარი უნდა დაიკრძალოს პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების შესაბამისად“. – განაცხადა კოორდინატორმა უსაფრთხოების საკითხებში, ჟან-კლოდ მუკენდმა.
ებოლას ვირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვისას ხშირად ოჯახის რამდენიმე წევრი ინფიცირდება.
მსგავსი ვითარება იყო სხვა ცენტრებშიც. რამდენიმე ადამიანმა ცხედრების გადასვენება სცადა.
2018 წელს, იმავე რაიონში ებოლას აფეთქების დროს, ჯანდაცვის მუშაკებს ებოლას მსხვერპლთა უსაფრთხოდ დაკრძალვასთან დაკავშირებული სირთულეები შეექმნათ, რადგან ზოგიერთი ადგილობრივი მცხოვრები თავს ესხმოდა ჯანდაცვის ჯგუფებს და არ ითვალისწინდებდა უსაფრთხო დაკრძალვის წესებს.
კონგოს ჯანდაცვის მინისტრმა ამ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ებოლას სამკურნალო სპეციალური ცენტრები შეიქმნებოდა რუამპარაში, მონგბვალუსა და ბუნიაში, სამ ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონში.
