მონტენეგრო დამოუკიდებლობის 20 წლისთავს აღნიშნავს. მას შემდეგ რაც მონტენეგრომ სერბეთის კავშირი დატოვა, ქვეყანა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. ბალკანეთის ქვეყანა, რომლის მოსახლეობა 623 ათას შეადგენს, NATO-ში უკვე გაწევრიანდა, ახლა კი მონტენეგროს მიზანია ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს.
მონტენეგროს პრეზიდენტ იაკოვ მილატოვიჩის განცხადებით განაცხადებით, დარწმუნებულია, რომ ქვეყანა დასახულ ამბიციურ გეგმას შეასრულებს და 2028 წელს ევროკავშირის 27 წევრიანი ბლოკის ახალი წევრი გახდება,
„ვფიქრობ, ბოლო 20 წლის განმავლობაში ობიექტურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. თუმცა ასევე ვფიქრობ, რომ ამ დროის განმავლობაში მონტენეგრომ არაერთი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. ზუსტად 20 წლის წინ მონტენეგროს მოქალაქეებმა გადაწყვეტილება საკუთარ ხელში აიღეს და სწორედ ეს გახდა ჩვენი განვითარების საფუძველი. ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესი ალბათ მაშინ მოხდა, როდესაც ქვეყანა 2017 წელს NATO-ს წევრი გახდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რომლებიც ყოველდღიურად თითქოს უფრო მძაფრდება. ამიტომ, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც მონტენეგროა, NATO-ს წევრობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან NATO ნამდვილად წარმოადგენს ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის უსაფრთხოების გარანტიას“, - განაცხადა მონტენეგროს პრეზიდენტმა.
დასავლეთ ბალკანეთის ექვს ქვეყანას შორის, რომლებიც კავშირში გაწევრებას ცდილობენ, მონტენეგრო ლიდერ კანდიდატ სახელმწიფოდ მიიჩნევა. მონტენეგროს ბლოკში გაწევრებისთვის საჭირო ხელშეკრულების შესამუშავებლად, ევროკავშირმა სამუშაო ჯგუფი შექმნა, რაც მნიშნელოვანი სიგნალია, რომ მონტენეგრო მიზანთან ახლოსაა.
„მონტენეგროს მოსახლეობაში ევროკავშირის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა აქვს. მონტენეგროს მოქალაქეების 80% ქვეყნის ევროკავშირში გაწევრებას უჭერს მხარს. სწორედ ეს გახდის მონტენეგროს ევროკავშირის მომავალ მდგრად წევრ სახელმწიფოს. ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, თუ შევასრულებთ იმას, რაც შესასრულებელია. თუმცა ვფიქრობ, რომ ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენზეა დამოკიდებული, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით დავრჩეთ ერთგულნი რეფორმების დღის წესრიგის მიმართ და შევინარჩუნოთ ძალიან ძლიერი კომუნიკაცია ყველა წევრ სახელმწიფოსთან, რათა მათ ესმოდეთ როგორც პროგრესი, ისე არსებული გამოწვევები“, - განაცხადა იაკოვ მილატოვიჩმა.
მონტენეგრო ევროკავშირის კანდიდატი 2010 წელს გახდა. გაწერვების გზაზე კი მთავარ დაბრკოლებად დემოკრატიული და ეკონომიკური გამოწვევები რჩება. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაა. ქვეყნის მოქალაქეებისთვის გამოწვევად რჩება ეკონომიკა და ცხოვრების დონე. მონტენეგრომ სახელმწიფო ვალუტად ევრო მიიღო, თუმცა ამის მიუხედავად ეკონომიკა, რომელიც ძირითადად ტურიზმზეა დამოკიდებული, კვლავ გაძლიერებას საჭიროებს.
