კატეგორიები

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი სამხედრო დარტყმა გადადო

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი სამხედრო დარტყმა გადადო

ამერიკის შეერთებული შტატები დაგეგმილ სამხედრო დარტყმას ირანის წინააღმდეგ გადაავადებს - ამბობს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთში ვაშინგტონის მოკავშირე ქვეყნების ლიდერების თხოვნის საფუძველზე მიიღო.

ეს განცხადება მან ერთ დღეში გააკეთა მას შემდეგ, რაც ირანი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ შეთანხმების მიღწევისთვის „დრო იწურება“.

„მე ეს ცოტა ხნით გადავდე. იმედია, შესაძლოა სამუდამოდაც. მაგრამ შესაძლოა მხოლოდ ცოტა ხნით. იმიტომ, რომ ირანთან ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გვქონდა და ვნახავთ, რას მოიტანს ეს. საუდის არაბეთმა, კატარმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ მთხოვა, ეს ორი ან სამი დღით, მოკლე პერიოდით შეგვეჩერებინა. რადგან ფიქრობენ, რომ შეთანხმების მიღწევა ძალიან ახლოსაა. და თუ ამას ისე შევძლებთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჩაუვარდეს ხელში, ვფიქრობ, თუკი ისინი კმაყოფილები იქნებიან, ალბათ ჩვენც კმაყოფილები ვიქნებით. ჩვენ ამის შესახებ ისრაელი და ამ საქმეში ჩვენთან ერთად ჩართული სხვა ხალხიც გავაფრთხილეთ. იცით, ეს ძალიან პოზიტიური განვითარებაა. მაგრამ ვნახოთ, რეალურად თუ მოიტანს რამეს. ყოფილა პერიოდები, როცა გვეგონა, რომ შეთანხმებას თითქმის მივაღწიეთ, მაგრამ საბოლოოდ არ გამოვიდა. თუმცა ახლა სიტუაცია ცოტათი განსხვავებულია. ჩვენ უკვე მზად ვიყავით ძალიან დიდი მოქმედებისთვის - ისეთი რამისთვის, რისი გაკეთებაც არ მინდოდა, მაგრამ არჩევანი არ გვაქვს, რადგან არ შეიძლება, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ცნობა იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ირანზე დარტყმას გადადებდა თავდაპირველად დონალდ ტრამპმა სოციალური მედიით გაავრცელა. მისი თქმით, ეს თეთრ სახლს კატარის ემირმა, შეიხმა თამიმ ბინ ჰამად ალ-თანიმ, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდიმ და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა სთხოვეს.

მისივე განმარტებით, „ამჟამად სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს“ და სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებს სჯერათ, რომ შეთანხმება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისა და სხვებისთვისაც ხელსაყრელი იქნება, მალე მიიღწევა. ამ შეთანხმების ნაწილი კი, პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ისიც იქნება, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანზე დარტყმის გადავადების პარალელურად ომის მდივანს, გაერთიანებული შტაბების უფროსსა და შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს დაავალა, რომ თეირანზეფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის მზად იყვნენ. ეს იმ შემთხვევისთვის, თუ ირანთან შეთანხმების დადება კვლავ მიღწეველი დარჩება.

ერთი დღით ადრე, დონალდ ტრამპი თეირანს დაემუქრა, რომ თუკი სამშვიდობო შეთანხმევბა არ გაფორმდება, „ირანისგან აღარაფერი დარჩება“.

დაკავშირებული ამბები
მსოფლიოს მასშტაბით მოქალაქეები აპროტესტებენ საწვავზე მზარდ ფასებს მოსკოვმა და მინსკმა ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისთვის ერთობლივი წვრთნები დაიწყეს