17 მაისს უკრაინამ რუსეთზე დრონებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა. პრეზიდეტი ვოლოდიმირ ზელენსკი კმაყოფილია, რომ ქვეყანას უკვე აქვს შორ მანძილზე დარტყმების შესაძლებლობები.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გასულ უქმეებზე რუსეთის ტერიტორიაზე მიტანილ იერიშებს ოთხი პირი ემსხვერპლა, მათ შორის სამი მოსკოვთან ახლოს. დაჭრილია 10-ზე მეტი მოქალაქე.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამიზნეები უკრაინიდან 500 კილომეტრზე მეტ მანძილზე იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვის რეგიონი, რუსული ანტისაჰაერო სისტემებით ერთ-ერთი ყველაზე უკეთ დაცული რეგიონია.
„დღეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა, უსაფრთხოებისა და სადაზვერვო სამსახურებმა მოსკოვის რეგიონში ფართომასშტაბიანი ოპერაცია ჩაატარეს. ეს იყო ძლიერი დარტყმების მნიშვნელოვანი ტალღა - ჩვენ უკრაინას მოვუპოვეთ ეს შესაძლებლობა. სამიზნეებამდე მანძილი ამჯერად 500 კილომეტრზე მეტი იყო, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რადგან მოსკოვის რეგიონი არის ტერიტორია, სადაც ყველაზე მეტი რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემაა. ისინი ყველაზე მეტად თავიანთი ძალაუფლების ცენტრს იცავენ. თუმცა უკრაინა შორი მანძილის შესაძლებლობებით უკვე ყველაფერს დაძლევს. ჩვენი შორი დისტანციის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად ცვლის სიტუაციასა და რუსეთის ომის საერთო აღქმას მთელ მსოფლიოში. ბევრი პარტნიორი ახლა უკვე ხედავს, რა ხდება და როგორ შეიცვალა ყველაფერი, როგორც ამ ომისადმი დამოკიდებულების, ისე რუსეთის ტერიტორიაზე რუსული სამიზნეების წინააღმდეგ უკრაინის დარტყმების მასშტაბის თვალსაზრისით. ომი საკმაოდ პროგნოზირებადია, და ის თავის მშობლიურ ნავსაყუდელს ბრუნდება.“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა რუსეთის დედაქალაქზე მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ინტერვენცია დაიწყო 2022 წელს.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ 17 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ღამით რუსეთის თავზე 556 დრონი გაანადგურა.
რუსეთის უდიდესი აეროპორტის - მოსკოვის შერემეტიევოს ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ნამსხვრევები მის ტერიტორიაზეც ჩამოვარდა თუმცა ზიანი არ მიუყენებია.
ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ უკრაინულმა დრონებმა ასევე დააზიანეს რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა და გარკვეული ინფრასტრუქტურა.
როგორც მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი იუწყება, თავდასხმა იყო ქალაქის შესასვლელში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან, სადაც 12 ადამიანი დაიჭრა,
ამასთან, როგორც უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, 17 მაისს ღამით რუსეთმა უკრაინას 287 დრონით შეუტია, რომელთაგან 279 ჩამოაგდეს ან გაანეიტრალეს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დარტყმების შედეგად უკრაინის ცენტრალურ დნიპროპეტროვსკის რეგიონში რვა ადამიანი დაშავდა: სამი რეგიონულ დედაქალაქ დნიპროში, ოთხი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიურ ქალაქ კრივი-რიჰში, ერთი კი სინელნიკოვეს რაიონში.
