კატეგორიები

ევროვიზია 2026-ის ყველა ფინალისტი ქვეყანა გამოვლენილია

ევროვიზია 2026-ის ყველა ფინალისტი ქვეყანა გამოვლენილია
ევროპის 24 ქვეყანა და ავსტრალია - ყველა მათგანი შეეცდება პირველობისთვის ბრძოლას ევროვიზიის გრანდიოზული ფინალის ფარგლებში.

სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალმა კიდევ 10 ფინალისტი გამოავლინა. 2019 წლის შემდეგ პირველად, ფესტივალის დასკვნითი შოუ კავკასიური ქვეყნების გარეშე ჩაივლის. საქართველოს შემდეგ, საუკეთესო ათეულში ვერც ერთ ნახევარფინალში განთესილი სომხეთი და აზერბაიჯანი მოხვდნენ.

გამართლდა ბუქმეიქერების პროგნოზი და ფინალში მსმენელის წინაშე კვლავ წარსდგება წლევანდელი კონკურსის ერთ-ერთი ფავორიტი დანია.

ზედიზედ ორწლიანი ჩავარდნის შემდეგ, მაყურებლის სიმპათია დაიმსახურა ავსტრალიამ. შორეული კონტინენტის წარმომადგენლები ევროვიზიაზე მეთერთმეტედ მონაწილეობენ. მათი დებიუტი სწორედ ვენაში გამართულ საიუბილეო, მე-60 კონკურსზე, 2015 წელს შედგა, როდესაც ავსტრალია პირდაპირ მოხვდა ფინალში, სტუმრის სტატუსით და ამ დროის განმავლობაში ხუთჯერ შეძლო საუკეთესო ათეულში მოხვედრა, ერთხელ კი გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა.

ავსტრალიის მონაწილეობასთან დაკავშირებით ევროვიზიის ფანებს შორისაც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, კონტინენტის გეოგრაფიული მდებარეობის გამო, თუმცა ევროპის მაუწყებელთა კავშირის წესების მიხედვით, ევროფესტივალზე გამოსვლა არ ცნობს საზღვრებს და ამისთვის აუცილებლად არ მოითხოვს, ქვეყანა კონტინენტურ ევროპას მიეკუთვნებოდეს.

სოციალურ ქსელებში ცნობადობის მიუხედავად, ევროვიზიას გამოეთიშა გასული წლის მასპინძელი შვეიცარია.

კონკურსში პირველობისთვის წელსაც განაგრძობს ბრძოლას ევროვიზიის ყველაზე წარმატებულად მიჩნეული უკრაინა, რომელიც მონაწილეობის ისტორიაში არც ერთხელ არ დარჩენილა ფინალს მიღმა, ბოლო 22 წელიწადში კი გამარჯვება სამჯერ მოახერხა, თუმცა სრულმასშტაბიანი ომის გამო, მასპინძლობა - მხოლოდ ორჯერ.

ეს წელი მეტნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა ბალკანური სახელმწიფოების წარმომადგენლებისთვის და მეორენახევარფინალური ტურიდან შაბათის დასკვნით შოუზე გადავიდნენ ალბანეთი და რუმინეთი.

12 და 14 მაისის ნახევარფინალური შოუების შედეგების მიხედვით გადასულ ოცეულს 16 მაისის გრანდიოზულ ფინალში შეუერთდებიან „დიდი ოთხეულის“ წარმომადგენლები გაერთიანებული სამეფოდან, გერმანიიდან, იტალიიდან და საფრანგეთიდან, ასევე წლევანდელი კონკურსის მასპინძელი ავსტრია.

ევროფესტივალზე ისრაელის მონაწილეობით გამოწვეული ბოიკოტი ფინალში ავტომატურად გადამსვლელთა რაოდენობაზეც აისახა და სწორედ ამიტომ, ესპანეთის გამოთიშვით, „დიდი ხუთეული“ ახლა „დიდ ოთხეულად“ იქცა, თუმცა, ევროფანების იმ იმედით, რომ ეს დროებითია.

დაკავშირებული ამბები
ევროვიზია 2026-ის ყველა ფინალისტი ქვეყანა გამოვლენილია ევროვიზია 2026-ის პირველი 10 ფინალისტი ცნობილია