ჩინეთში დონალდ ტრამპის ისტორიული ვიზიტის შეჯამებისას, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა შესანიშნავად წარიმართა და არსებობს საერთო ხედვა ბევრ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ჩანს ორმხრივ ურთიერთობებში ბზარის შემტანი ისევ ტაივანია.
აზიური ქვეყნის პირველმა პირმა, სი ძინპინმა არაერთხელ ირიბადაც მიანიშნა და პირდაპირაც თქვა, რომ კუნძულის ირგვლივ ნებისმიერმა შეცდომამ, შესაძლოა, აშშ-ჩინეთის კავშირები „სახიფათო კონფლიქტში გადაზარდოს“.
ამასთან, ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში მყოფმა, პეკინის მიერ 2020 წელს სანქცირებულმა სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ტაივანთან მიმართებით ვაშინგტონის პოზიცია „უცვლელი რჩება“.
„ჩვენი ხედვით, არსებული ვითარების ძალისმიერი ცვლილება, ცუდი იქნებოდა ორივე ქვეყნისთვის. ჩინელები ხაზს უსვამდნენ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს, რასაც ვეთანხმებით - ეს არის სტაბილურობა ჩვენს კონსტრუქციულ ურთიერთობებში, ასევე ურთიერთობებში, რომლებიც უზრუნველყოფენ სტრატეგიულ სტაბილურობას, იმ გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, რასაც უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტის გამოწვევა შეუძლია.
ამ თეზისს ყოველთვის ვიმეორებთ. ყოველთვის ვპასუხობთ მათ, რომ არსებული მდგომარეობის ძალისმიერი ცვლილების ნებისმიერი მცდელობა პრობლემური იქნება. ეს პოზიცია უცვლელი რჩებოდა რამდენიმე საპრეზიდენტო ადმინისტრაციისას და ახლაც უცვლელი რჩება.
ვფიქრობ, ჩინეთი ამჯობინებს, რომ ტაივანი საკუთარი ნებით შეუერთდეს მათ. იდეალურ შემთხვევაში ვისუვრებდით, რომ ტაივანში ამ საკითხის ირგვლივ გამართულიყო კენჭისყრა ან რეფერენდუმი. საბოლოო ჯამში, ეს საკითხი პრეზიდენტ სი ძინპინის ხელშია და მისი მმართველობისას, მან მკაფიოდ აჩვენა, რომ რასაც ისინი ხელახლა გაერთიანებას უწოდებენ, რაღაც მომენტში უნდა მოხდეს.
ვთვლით, რომ საშინელი შეცდომა იქნებოდა, ეს ამბავი ძალისმიერი იძულების გზით მოხდეს. ამას შედეგები ექნებოდა გლობალურ დონეზე და არა მხოლოდ ამერიკის მხრიდან.
ბოლო ათ წელიწადში ჩინეთის არმიის ზრდის ტემპი უპრეცედენტოა. ბოლო დროს მათ ფლოტიც განავითარეს. თავიანთ სისტემაში მილიარდობით დოლარი ჩადეს. ამიტომ, რთულია დავაიგნოროთ, რამდენად სწრაფად და მასშტაბურად ხდებოდა ეს ყველაფერი“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.
პეკინში დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა გარკვეულ საფრთხედ აღიქვეს ტაივანში, რომელსაც ჩინეთი საკუთრებად აცხადებს და ხშირად მიუთითებს კუნძულის ქვეყნის ძირითად ტერიტორიასთან მიერთების შესახებ.
„ტაივანის სრუტეში მშვიდობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ახლა ისაა, რომ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას სურს, ძირი გამოუთხაროს ჩინეთის რესპუბლიკის სამომავლო არსებობას და დაარღვიოს მისი სტატუს-კვო. თუკი ყველანი აფასებენ ტაივანის სრუტეში მშვიდობასა და სტაბილურობას, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ პირველ რიგში უნდა შეწყვიტოს სამხედრო მუქარის პოლიტიკა ტაივანის მიმართ.
ამერიკულ მხარესთან მჭიდრო კავშირზე ვართ, არანაირ უცნაურ პროცესებს ადგილი არ აქვთ“, - განაცხადა ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლიან ვენ-ცზემ.
ჩინეთსა და შტატებს შორის მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობასა და საბოლოო დიპლომატიური უთანხმოებების აღმოფხვრას ხელს მნიშვნელოვნად უშლის ვაშინგტონის მიერ დამტკიცებული, 11 მილიარდი დოლარის ღირებულების შიეარაღების პაკეტი, რომელიც ტაივანისთვის არის განკუთვნილი.
ორი ქვეყნის ლიდერების ერთმანეთისადმი კეთილგანწყობისა და საქებარი სიტყვებით მიმართვის მიუხედავად, პეკინში აშკარად იგრძნობოდა დაძაბულობა, რადგან ჩინური მხარე ხაზგასმით ამბობს, რომ ტაივანის კუნძულთან დაკავშირებით ნებისმიერ ხისტ ნაბიჯს შეუძლია, დიპლომატიას გასცდეს და სამხედრო შეტაკებაში გადაიზარდოს.
