შეზღუდვების პარალელურად, 2020 წელს შექმნილი პარტიის რეიტინგი იზრდება და მმართველი „ერთიანი რუსეთის“, იმავე „ედინაია რასიას“ შემდეგ მეორე პოლიტიკურ ძალად ყალიბდება.
სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების მიხედვით, ეს პარტია მოქალაქეთა სიმპათიას იმსახურებს კრემლის ზოგიერთ ნაბიჯზე კრიტიკული პოზიციის დაფიქსირებით - მაგალითად, მედიაზე დაწესებულ ცენზურაზე, მობილური ინტერნეტით სარგებლობაზე დროდადრო მოქმედ შეზღუდვებზე, თითქმის სრულად აკრძალულ დასავლურ სოციალურ ქსელებსა და მათი ეროვნული უშიშროების მიერ მართული პლატფორმებით ჩანაცვლების საკითხებზე.
რუსეთის მოქალაქეების ნაწილის უკმაყოფილების მიზეზი გასაგები ხდება - ინტერნეტის შეზღუდვა მათ ხელს უშლით, იცხოვრონ ჩვეულ რიტმში და დარჩნენ კავშირზე ცივილიზებულ სამყაროსთან, იმ პრივილეგიებით, რითაც განვითარებული ქვეყნები სარგებლობენ და უკრაინაში სრულმასშტაბიან ომამდე რუსებისთვისაც იყო ხელმისაწვდომი.
ამ თემაზე კრიტიკის მიუხედავად, „ახალი ადამიანების“ პარტია არ ასახელებს, რომ შეზღუდვების მიღმა FSB და Roskomnadzor დგანან.
სოციოლოგიური კვლევების შედეგების შემდეგ, ექსპერტებს აქვთ კითხვა - ასეთი ცენზურის პირობებში, როგორ აძლევს საშუალებას მოსკოვი პოლიტიკურ პარტიას, გააკრიტიკოს კრემლის ნაბიჯები, მით უმეტეს, რომ უახლოეს წარსულში მსოფლიოსთვის კარგად ცნობილია ვლადიმერ პუტინის ნაბიჯები ოპონენტების მიმართ - პარტიების აკრძალვიდან, ოპოზიციონერების სხვადასხვა გზით ლიკვიდაციამდე.
ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ პარტია „ახალი ადამიანები“ სინამდვილეში კრემლის კარგად შენიღბული პროექტია, რითაც ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, ცდილობს, თავისივე მართული მარიონეტული ძალის წინ წამოწევას და „ედინაი რასიას“ „ახალი ადამიანებით“ ჩანაცვლებას, ანუ „ფსევდოოპოზიციის“ შექმნას და დემოკრატიული სურათის წარმოჩენას.
მათივე თქმით, პარტიის მიზანია, რუსეთის მმართველ ძალას წაართვას ხმები და ე.წ. „გადაუწყვეტელი ამომრჩეველი“ გადმოიბიროს.
ექსპერტები ამბობენ, რომ „ახალი ადამიანების“ პარტია არ უნდა იყოს განხილული ისეთივე ოპოზიციურ ალტერნატივად, როგორც, მაგალითად, ალექსეი ნავალნის ან ბორის ნემცოვის ძალები იყვნენ, რომლებიც მკაცრად ეწინააღმდეგებოდნენ პუტინის რეჟიმს.
მით უმეტეს, რომ ანალიტიკოსების თქმით, ამ პარტიასთან დაკავშირებული არიან ის პირები, რომლებიც ალექსეი ნავალნისა და ვლადიმერ კარა-მურზას მოწამლვის მცდელობაში არიან პასუხისმგებელი.
კრემლის გარკვეული ხედვების მიმართ კრიტიკული განწყობების მიუხედავად, „ახალი ადამიანების“ პარტია მხარს უჭერს უკრაინაში რუსი სამხედროების ქმედებებს, ამ პოლიტიკური გაერთიანების რეგიონული დანაყოფები კი ფრონტზე საოკუპაციო ჯარისთვის ჰუმანიტარულ ტვირთებსაც გზავნიან.
„ფსევდოოპოზიციური“ პარტიის ლიდერი ალექსეი ნეჩაევია, რომელიც კრემლშიც მართავდა შეხვედრებს ვლადიმერ პუტინთან და მას მოწიწებითაც მიმართავდა.
ექვსი წლის წინ შექმნილი პარტია სახელმწიფო სათათბიროშიც მოხვდა, თუმცა, მართალია, მხოლოდ 16 მანდატით და ზომიერი პოზიციით.
