კატეგორიები

მსოფლიოს წამყვანი ტექნოგიგანტი კომპანიების მენეჯერები პეკინის სამიტს დაესწრნენ

მსოფლიოს წამყვანი ტექნოგიგანტი კომპანიების მენეჯერები პეკინის სამიტს დაესწრნენ
ამერიკული დელეგაციის შემადგენლობის მიხედვით, თავიდანვე ცხადი გახდა, რომ პეკინში ვიზიტი მეტწილად ეკონომიკურ თემებსა და ორმხრივი სავაჭრო თანამშრომლობის გაუმჯობესებას დაეთმობოდა.

თეთრი სახლის ლიდერების გარდა ჩინეთის პრეზიდენტთან შესახვედრად აზიურ ქვეყანაში ჩავიდნენ მსოფლიოს წამყვანი, სხვადასხვა მიმართულებაზე მომუშავე ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელი პირები.

ტოპ მენეჯერების მიზანია, პეკინის სამიტით მიაღწიონ ამერიკული კომპანიებისთვის „უფრო ფართოდ გაიღოს ჩინეთის ბაზრის კარი“, გადაილახოს არსებული სავაჭრო ბარიერები და ტექნოლოგიური წინსვლის მისაღწევად, მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ - ამისთვის კი აშშ-ის სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ერთ სივრცეში ყოფნა არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა.

პეკინში ჩავიდა ტრილიონობით დოლარის კაპიტალის მქონე, გრაფიკული ჩიპების წამყვანი მწარმოებელი კომპანია Nvidia-ს გენერალური დირექტორი ჯენსენ ჰუანგი, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც ჩინეთთან, ისე ტაივანთან.

2017 წელს Nvidia-მ წამყვანი ჩინური კომპანიებისთვის ჩიპების მიწოდების შესახებ განაცხადა, საძიებო სისტემებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულების განსავითარებლად. 2022 წელს, აშშ-ის იმდროინდელმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კომპანიის ყველაზე მძლავრი ჩიპების პეკინისა და მოსკოვისთვის გადაცემაზე შეზღუდვები დააწესა, რასაც Nvidia-მ საგადასახადო დეკლარაციით უპასუხა, სადაც ეწერა, რომ საექსპორტო აკრძალვის ამოქმედება ხელს შეუშლის 400 მილიონი ამერიკული დოლარის მიღებას.

თეთრი სახლის სანქციისთვის გვერდის ასავლელად, კომპანიამ შექმნა ჩიპი H20, რომლის გაყიდვაც გაყიდვაც ჩინეთში დაშვებული იყო, თუმცა 2025 წლის აპრილში ექსპორტზე შეზღუდვა ამჯერად დონალდ ტრამპმა დააწესა, იმავე წლის ივლისამდე.

გასული წლის სექტემბერში პეკინმა H20-ის მიკროსქემებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, უსაფრთხოების პრობლემების გამო, რამაც ჩინეთს უბიძგა, შეზღუდვები დაეწესებინა ჩიპების იმპორტზე, Nvidia-მ კი აზიურ ქვეყანაში ბაზრის წილი სრულად დაკარგა.

პეკინში ამერიკულ დელეგაციასთან ერთად ჩავიდა Apple-ის ჯერ კიდევ მოქმედი აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი. წიგნის „Apple ჩინეთში“ ავტორის, პატრიკ მაკგის მტკიცებით, ამერიკულმა კომპანიამ ჩინეთთან თანამშრომლობა 90-იანი წლების ბოლოს დაიწყო, როდესაც აზიაში ეძებდა საკუთარი წარმოების კომპიუტერებისთვის ადგილობრივ მიწოდების ჯაჭვს, ხოლო პეკინი დიდად არ გამოირჩეოდა ხარისხიანი ტექნოლოგიური წარმოებით, Apple კი მათ ამაში დაეხმარა.

2003 წელს ტექნოგიგანტმა კომპანიამ გადაწყვიტა წარმოების დიდი ნაწილი ევროპიდან და ამერიკიდან ჩინეთში გადაეტანა, რადგან პეკინი ხელს უწყობდა უცხოური ბიზნესის გაფართოებას, თუმცაღა Apple-ის ჩინურ საწარმოებში ჩატარებულმა არაერთმა გამოძიებამ აჩვენა, რომ დასაქმებულებს არასათანადოდ ექცეოდნენ და შრომით ანაზღაურებასაც არ უხდიდნენ.

New York Times-ის ცნობით, ტიმ კუკმა, დონალდ ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობისას, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩინურ-ამერიკული სავაჭრო დაძაბულობის ესკალაციაში და გააფრთხილა თეთრი სახლის ლიდერი, რომ პეკინისადმი ხისტი პოლიტიკა ამერიკულ ბაზარზე Apple-ის პოზიციებს დააზარალებდა.

ჩინეთის დედაქალაქში ჩავიდა მილიარდერი ილონ მასკიც. 2013 წელს მისმა კომპანიამ განაცხადა, რომ გეგმავდა სედანის Tesla Model S გაყიდვების დაწყებას ჩინეთში, პეკინში მდებარე ფლაგმანური მაღაზიის მეშვეობით. თუმცა, თავდაპირველი გეგმები შეჩერდა საავტორო უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

იმ დროს, Tesla-ს ჩინეთის ბაზარზე შესვლის გადაწყვეტილება ინდუსტრიის ანალიტიკოსებმა ნეგატიურად შეაფასეს. მათ ჩინეთის ელექტრომობილების ბაზარი „განვითარების საწყის ეტაპზე მყოფად“ აღწერეს და ასევე აღნიშნეს დამტენი ინფრასტრუქტურის ნაკლებობა, რაც ბრენდისთვის პრობლემებს შექმნიდა.

დაკავშირებული ამბები
მსოფლიოს წამყვანი ტექნოგიგანტი კომპანიების მენეჯერები პეკინის სამიტს დაესწრნენ ინტერნეტში იტალიის პრემიერის ყალბი ფოტომასალა ვირუსულად გავრცელდა