კატეგორიები

ლატვიის კოალიციური მთავრობა დაიშალა

ლატვიის კოალიციური მთავრობა დაიშალა
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა, რითაც ბალტიისპირეთის სახელმწიფოს კოალიციური მთავრობა დაიშალა.

ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების აწ უკვე ყოფილი მეთაურის თქმით, მისი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ლატვიის წინაშე გაჩენილი სერიოზული პრობლემები, განსაკუთრებით კი უსაფრთხოების მიმართულებებით, მას შემდეგ, რაც ნატოს წევრი სახელმწიფოს საჰაერო სივრცე 7 მაისს რუსეთის ტერიტორიიდან ტრაექტორიაშეცვლილმა სამმა უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარღვია და თანამდებობიდან წავიდა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ანდრის სპრუდსი.

„ჩემი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო სახელმწიფოს მთლიანობის, ხალხის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დაცვა, რათა ჩვენმა შვილებმა დააფასონ საკუთარი სახლი, საკუთარი სამშობლო - ლატვია. პარტიები და კოალიციები იცვლებიან, თუმცა ლატვია რჩება.

თავდაცვის მინისტრის პოსტზე პროფესიონალ კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილების პოვნის ნაცვლად, პოლიტიკურმა ყბედებმა ამჯობინეს სახელისუფლებო კრიზისი. სოწრედ ამიტომ ვაცხადებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა ამ ვითარებაში - ყველაზე სწორი. ახლა, როგორც არასდროს ხალხს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების შეგრძნება და არა პარტიული განხეთქილებისა და პოლიტიკური თამაშების.

ლატგეილში უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებული ინციდენტი იქცა ბოლო წვეთად საზოგადოებისთვის, რომლითაც ძირი გამოეთხარა თავდაცვის მინისტრისადმი ნდობა. არაერთი საჩივრის მიღების შემდეგ, მივედი დასკვნამდე, რომ ანდრის სპრუდსი არ უნდა იკავებდეს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას და პრემიერ-მინისტრს აქვს უფლება, უსაფრთხოების მიზნით, ნებისმიერი პირი გადააყენოს.

ახლა, ისე როგორც არასდროს, საქმე პროფესიონალთა ხელში უნდა იყოს“, - განაცხადა ლატვიის უკვე ყოფილმა პრემიერმა, ევიკა სილინამ.

თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ანდრის სპრუდსის „პროგრესულმა პარტიამ“ ევიკა სილინას მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა და უმრავლესობა დააკარგინა, რამაც ქვეყნის კოალიციურ მმართველობას უფრო დიდი საფრთხე შეუქმნა.

მიმდინარე წლის ოქტომბერში ლატვიაში საკვანძო საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, კენჭისყრის პროცესის დაწყებამდე კი ახალი მთავრობის ფორმირების უფლებამოსილება ქვეყნის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს აქვს.

ბალტიისპირეთის სახელმწიფოში პოლიტიკური ქაოსი მხოლოდ დრონების საკითხს არ გამოუწვევია.

ლატვიის კორუფციასთან ბრძოლის ბიურომ დააკავა სოფლის მეურნეობის მინისტრი, „მწვანეების და ფერმერთა კავშირის” წევრი არმანდს კრაუზე და სახელმწიფო კანცელარიის უფროსი რაივის კრონბერგსი. გამოძიების თანახმად, საქმე ეხება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სავარაუდო დარღვევებს სახელმწიფო ტყეებით სარგებლობის სფეროში.

ხის გადამუშავება ლატვიაში უმსხვილესი სამრეწველო სექტორია, რასაც ქვეყნის ბუნებაც უწყობს ხელს, რადგან ტერიტორიის 53% ტყის მასივისგან შედგება.

დაკავშირებული ამბები
ლატვიის კოალიციური მთავრობა დაიშალა ლატვიის საჰაერო სივრცე სამმა დრონმა დაარღვია