„დიდი პატივია, ვიყო თქვენი მეგობარი“ - ამ სიტყვებით მიმართა დონალდ ტრამპმა სი ძინპინს იმ ისტორიული შეხვედრის ფარგლებში, რომელიც პეკინში, აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის შედგა.
კამერების წინ ლიდერების დიალოგი ორი ქვეყნის ისტორიულ კავშირებსა და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე საუბრით წარიმართა, თუმცა სტრატეგიულად გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები მხარეებმა კადრს მიღმა დატოვეს.
სი ძინპინის თქმით, ჩინეთმა და აშშ-მა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რაც წაადგება არამხოლოდ მათი კავშირების გაღრმავებას, არამედ მსოფლიო კეთილდღეობას, რისთვისაც მხარეები უნდა მიისწრაფოდნენ პარტნიორობისკენ და არა მეტოქეობისკენ.
„მსოფლიო ახალ გზაგასაყარზე აღმოჩნდა. შეძლებენ თუ არა ჩინეთი და შეერთებული შტატები ე.წ. „თუკიდიდეს ხაფანგის“ დაძლევას და ზესახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ახალი პარადიგმის შექმნას. შევძლებთ თუ არა ერთობლივად გადავწყვიტოთ გლობალური პრობლემები და მეტი სტაბილურობა მოვუტანოთ მსოფლიოს, ვკონცენტრირდეთ ორი ერის კეთილდღეობასა და კაცობრიობის მომავალზე. ეს არ არის მხოლოდ ისტორიის, მსოფლიოს, ერების კითხვები. ეს არის ჩვენი დროის კითხვები, რომლებსაც მე და თქვენ, როგორც წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა, პასუხი უნდა გავცეთ.
ჩინეთისა და შტატების საერთო ინტერესები გადაწონის მათ შორის არსებულ უთანხმოებებს. ორივე ქვეყნის წარმატება ეს არის ორივე მხარის შესაძლებლობა, ჩინურ-ამერიკულ ურთიერთობებში კი სტაბილურობა მთელი მსოფლიოსთვის კეთილდღეობას ნიშნავს. მშვიდობა ორივე მხარისთვის სასარგებლოა, მაშინ, როცა ომი ორივეს ზიანს აყენებს.
ჩვენ უნდა ვიყოთ პარტნიორები და არა მეტოქეები, მივისწრაფოდეთ ურთიერთწარმატებისკენ, ერთად ავღორძინდეთ და ახალ ეპოქაში ზესახელმწიფოების თანაარსებობის ახალ გზაზე დავდგეთ“, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა.
დონალდ ტრამპის თქმით, ის და ჩინეთის პრეზიდენტი ერთმანეთს უკვე დიდი ხანია, იცნობენ, და „ეს არის ორი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა, რაც კი ოდესმე რომელიმე პრეზიდენტებს შორის ყოფილა“:
„ფანტასტიური ურთიერთობები გვქონდა, კარგად ვუგებდით ერთმანეთს და როდესაც სირთულეები არსებობდა, ერთობლივად ვაგვარებდით. მეც გირეკავდით და თქვენც მირეკავდით და ყოველ ჯერზე, როცა წარმოიქმნებოდა პრობლემა, რომელზეც არავინ იცის, მას ძალიან სწრაფად ვაგვარებდით. ერთად ბრწყინვალე მომავალი გვექნება.
ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩინეთსა და თქვენ მიერ გაწეულ სამუშაოს. თქვენ დიდებული ლიდერი ბრძანდებით. ამას ყველას ვეუბნები. ზოგჯერ ხალხს ეს არ მოსწონს, თუმცა მაინც ვამბობ, რადგან ეს სიმართლეა, მე კი ყოველთვის სიმართლეს ვამბობ.
ჩვენი შესანიშნავი დელეგაციის სრული შემადგენლობის სახელით მინდა გითხრათ, რომ დიდებული ბიზნესმენები გვყავს, ვფიქრობ, მსოფლიოში საუკეთესო. ყველა მათგანი გასაოცარი ადამიანია და თითოეული მათგანი ჩემ გვერდითაა. ყველა მათგანი აქ არის, რათა თქვენი და ჩინეთისადმი გამოხატონ პატივისცემა. ისინი დიდად ელოდებიან სავაჭრო პარტნიორობასა და ბიზნესის წარმოებას და ჩვენი მხრიდანაც ანალოგიური მზაობა არსებობს. ეს საკითხი იქნება მასშტაბური დისკუსიის საგანი.
არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ ეს ისტორიაში ყველაზე დიდი სამიტია. მსგავსს ვერასდროს გაიხსენებენ. შემიძლია გითხრათ, რომ ახლა ამერიკაში ხალხი სხვა არაფერზე საუბრობს. ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო თქვენი მეგობარი. ამერიკისა და ჩინეთის ურთიერთობები იმაზე უკეთესი გახდება, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
ამერიკული დელეგაციის შემადგენლობის მიხედვით, თავიდანვე ცხადი გახდა, რომ პეკინში ვიზიტი მეტწილად ეკონომიკურ თემებსა და ორმხრივი სავაჭრო თანამშრომლობის გაუმჯობესებას დაეთმობოდა, თუმცა საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ჩინეთში ამგვარი გრანდიოზული დახვედრის მიუხედავად, აზიურ ქვეყანასა და ვაშინგტონს შორის არსებობს რამდენიმე პრობლემური საკითხი.
ერთ-ერთი ასეთი ტაივანია. ჩინური მედიის ცნობით, სი ძინპინმა გააფრთხილა დონალდ ტრამპი, რომ ამ საკითხისადმი არასწორმა მიდგომამ შესაძლოა ურთიერთობები „ძალიან სახიფათო მდგომარეობამდე“ მიიყვანოს.
ამავე წყაროს ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა კვლავ განუცხადა თავის ამერიკელ კოლეგას, რომ „ტაივანის დამოუკიდებლობა შეუთავსებელია ტაივანის სრუტეში მშვიდობასა და სტაბილურობასთან“.
გასული წლის დეკემბერში აშშ-მა ტაივანისთვის 10 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების გადაცემაზე განაცხადა, თუმცა ეს საკითხი ჯერჯერობით განხილვის ეტაპზეა.
მანამდე ექსპერტების მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ ამ ვიზიტს დონალდ ტრამპი გამოიყენებდა ირანთან შეთანხმების გასაფორმებლად, თავად აშშ-ის პრეზიდენტმა ირიბად დაადასტურა. მისი თქმით, ლიდერები ამ საკითხს განიხილავენ, თუმცა დასძინა, რომ ვაშინგტონი თეირანთან დაკავშირებით შუამავლების დახმარებას არ საჭიროებს.
პეკინისთვის ახლო აღმოსავლეთის ომი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან ჩინეთი ისლამური ქვეყნისგან ყიდულობს ნავთობის თითქმის 90%-ს, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა და ირანული პორტების ბლოკადა კი ამას უკვე შეუძლებელს ხდის.
ჩინეთში აშშ-ის პრეზიდენტების ვიზიტი არც ისე ხშირი მოვლენაა.
თეთრი სახლის ლიდერებიდან პეკინში ბოლოს ისევ დონალდ ტრამპი იყო, პრეზიდენტობის პირველი ვადისას, 2017 წელს, როცა აზიურ ქვეყანას აშშ-ის პირველ ლედისთან, მელანია ტრამპთან ერთად ეწვია.
