აშშ-ის ომის მდივანის პიტ ჰეგსეტის განცხადებით აშკარაა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტა ძალაში რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება. ამის შესახებ პიტ ჰეგსეტმა წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების ქვეკომიტეტში ისაუბრა, სადაც პენტაგონის მიერ მოთხოვნილ თავდაცვის ბიუჯეტს განიხილავდნენ.
სენატში მრავალი კითხვა დაისვა ირანში მიმდინარე ომთან და მისი დასრულების გეგმებთან დაკავშირებით. სენატორებმა ასევე გააკრიტიკეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებებიც, რომ ომში აშშ-მა გამარჯვებას უკვე მიაღწია და რომ ირანის სამხედრო ძალები სრულად განადგურებულია.
„ჩემთვის, როგორც კომიტეტის წევრისთვის, ეს ნამდვილად არ არის ნათელი. ვხედავთ, რომ ირანი კვლავ აწარმოებს დრონებს. ისინი კვლავ ჩართულნი არიან ამ კონფლიქტში. რიტორიკის მიუხედავად ჩვენ ეს ომი არ მოგვიგია “, - განაცხადა სენატორმა, ჯინ შაჰინმა.
„არსებობს განსხვავება ჩამონგრეული გამოქვაბულიდან დრონის ამოღებასა და ახალი დრონების წარმოებას შორის. ეს სულ სხვა რამეა“, - უპასუხა აშშ-ის ომის მდივანმა.
თუმცა ჯინ შაჰინი პიტ ჰეგსეტის პასუხმა არ დააკმაყოფილა და კიდევ გააჟღერა კითხვა, თუ ირანის საბრძოლო ტექნიკა სრულად განადგურებულია, მაშინ როგორ ახერხებს ირანი ომის გაგრძელებას და აშშ-სა და მის პარტნიორებზე იერიშების მიტანას.
„შესაძლოა, მაგრამ თუ ირანს ჯერ კიდევ აქვს თავისი სარაკეტო შესაძლებლობების თითქმის 50% და დრონების გამოქვაბულებიდან გამოტანის შესაძლებლობა და ჩვენი მოკავშირეებისა და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებზე იერიშის მიტანის უნარი, მაშინ ჩვენ ეს ომი არ მოგვიგია“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.
სენატორებს შორის მწვავე კრიტიკა მოჰყვა ომის მდივნის კიდევ ერთ განცხადებას, რომ ჰორმუზის სრუტეს სრულად აშშ აკონტროლებს. სენატორმა კრის კუნსმა განაცხადა, რომ მცირე ტაქტიკური წარმატებების მიუხედავად, ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით აშშ სტრატეგიული მარცხის ზღვარზეა. საპასუხოდ, პიტ ჰეგსეტმა სენატორი დაადანაშაულა, რომ ის ამერიკელი სამხედროების წარმატებებს უგულებელყოფს.
„მე თქვენი მტერი არ ვარ. მე თქვენი მოწინააღმდეგე არ ვარ. ვიზიარებ თქვენს მიზანს, რომ ირანს არასოდეს არ უნდა ჰქონდეს გამოყენებადი ბირთვული იარაღი. ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი, ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების გაზისა და ნავთობის წარმოების შესაძლებლობების დაზიანების უნარი, ასევე კომერციული გადაზიდვების შევიწროებისა და დესტაბილიზაციის შესაძლებლობა კვლავ ირანის ხელში რჩება. მათი მოთხოვნაა, რომ ჩვენ ჰორმუზის სრუტეზე მათი სუვერენიტეტი ვაღიაროთ, რასაც, ჩემი აზრით, ჩვენი პრეზიდენტი არ დაეთანხმება. თქვენ არ დაეთანხმეთ, მე არ ვეთანხმები. თუმცა ჩემი კითხვა კვლავ რჩება, როგორ გავხსნათ ჰორმუზის სრუტე კომერციული გადაზიდვებისთვის? თუ ჩვენ ვაკონტროლებთ მას, როგორ გავხსნათ ის? რიგითი ამერიკელი ამ პრობლემას ყოველდღიურად ბენზინგასამართ სადგურებზე გრძნობს, რადგან საწვავის ფასი მუდმივად იზრდება“, - ამბობს სენატორი სენატორი კრის კუნსი.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გააკრიტიკეს ნატოსთან და ევროპელ მოკავშირეებთან გაუარესებული ურთიერთობების გამოც. პარტნიორებთან დონალდ ტრამპის ხისტი პოლიტიკის მიმართ კითხვები აქვთ რესპუბლიკური პარტიაშიც. კენტუკის სენატორის მიტჩ მაკკონელის განცხადებით მსოფლიო ისტორიაში ნატო ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ალიანსია და მასთან ურთიერთობების გაფუჭება დაუშვებელია.
სენატში მიაჩნიათ, რომ რუსეთს, ჩინეთს, ჩრდილოეთ კორეასა და ირანს შორის გაძლიერებული ურთიერთობების ფონზე, აშშ ტრადიციულ მოკავშირეებს უფრო უნდა დაუახლოვდეს. სენატორების თქმით მოკავშირეების კრიტიკის ნაცვლად, უკეთესი სტრატეგია იქნებოდა რეალურ ღირებულებებზე დაფუძნებულ მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის ურთიერთობების გაღრმავება უკრაინასთან, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების და ირანული დრონების განეიტრალების თვალსაზრისით.
