ონლაინთავდასხმების მკვეთრი ზრდის საპასუხოდ, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს „აქტიური კიბერთავდაცვითი მექანიზმების“ შემუშავებას.
ქვეყნის ძალოვანი უწყების ხელმძღვანელის, ალექსანდრ დობრინდტის თქმით, მიმდინარე თვეში მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად განიხილავს ახალ კანონპროექტს, რომელიც უსაფრთხოების სამსახურებს მისცემს შესაძლებლობას, შესაბამისი ზომები მიიღონ იმ სერვერების მიმართ, რომლებიც კიბერდანაშაულისთვის გამოიყენება.
ბერლინში აცხადებენ, რომ თავდასხმები ძირითადად მიმართულია გერმანული სახელმწიფო უწყებების ან მათთან დაკავშირებული კომპანიებისა თუ პირების წინააღმდეგ, ხოლო მათი უმრავლესობა რუსეთის მიერ არის ორგანიზებული ან შესრულებული.
გერმანიის პირველი პოლიციელის თქმით, სერიოზული კიბერდანაშაულებისა და თავდასხმების მაჩვენებლები დღითიდღე იზრდება და ქვეყნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე მსგავსი ე.წ. „ონლაინიერიშების“ მიტანამ ევროპულ სახელმწიფოს, მხოლოდ გასულ წელს 200 მილიარდზე მეტი ევროს ოდენობის ეკონომიკური ზიანი მიაყენა.
ამავე წელს, ბერლინმა შეძლო 334 000-მდე კიბერდანაშაულის შემთხვევის დაფიქსირება, თუმცა, როგორც გერმანული მხარე განმარტავს, გაცილებით დიდია დოკუმენტურად აღუწერელი შემთხვევების რიცხვი.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის სიტყვებით, კიბერდანაშაულებისთვის გამოიყენება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინსტრუმენტები, რითაც ჰაკერები უფრო სწრაფად, ზუსტად და პროფესიონალურად მოქმედებენ.
ამ განცხადებების ფონზე საგულისხმოა ედინბურგის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ახალი კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ კიბერთაღლითების არაერთი მცდელობა, თავიანთ დანაშაულებრივ სქემებში ხელოვნური ინტელექტი გამოეყენებინათ, იმედგაცრუებით დასრულდა.
კვლევის ფარგლებში ანალიტიკურად შეფასდა 100 მილიონზე მეტი შეტყობინება ფორუმებზე, რომლებიც თავს უყრიან ექსპერტებს კიბერსაკითხებში და ასევე ანონიმურ მომხმარებლებს, ვინც, სავარაუდოდ, რჩევებს იღებს და შემდგომ ცდილობს კიბერდანაშაულის ჩადენას.
მკვლევრების განმარტებით, შეტყობინებებისა და ურთიერთგაზიარებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე აშკარა გახდა, რომ უმეტეს შემთხვევაში ფორუმის მომხმარებლები ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს ახასიათებდნენ როგორც „დიდად უსარგებლოს“.
