ხმელთაშუა ზღვაში 2024 წლის დეკემბერში ჩაძირული სატვირთო ხომალდის დანიშნულება ესპანელმა გამომძიებლებმა გამოიკვლიეს.
მათი დასკვნის თანახმად, ბორტი ფარულად უზრუნველყოფდა ჩრდილოეთ კორეისთვის განკუთვნილი ბირთვული რეაქტორის კომპონენტების ტრანსპორტირებას.
CNN-სთვის მიწოდებული საგამოძიებო მასალების მიხედვით, სატვირთო გემი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიის „ობორონლოგისტიკის“ საკუთრება იყო და უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პერიოდიდან ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოხვდა.
ესპანელი გამომძიებლების ვერსიით, შესაძლოა, ხომალდი მიზანმიმართულად ყოფილიყო ჩაძირული დასავლელი სამხედროების მიერ, რათა მოსკოვს ხელი შეშლოდა ფხენიანისთვის გადაეცა ბირთვული ტექნოლოგიების შექმნა-განვითარებისთვის აუცილებელი კომპონენტები.
თავდაპირველად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ხომალდი მექანიკურ ნაწილში აფეთქების შედეგად დაზიანდა, ხოლო გემის რუსი კაპიტნის თქმით, ბორტზე არსებული ტვირთი არ ყოფილა „განსაკუთრებით სახიფათო“.
რუსული მხარის ოფიციალურ დოკუმენტაციაში მითითებული იყო, რომ ხომალდი ტვირთით სანქტ-პეტერბურგიდან ვლადივოსტოკის მიმართულებით გადაადგილდებოდა, თუმცა გამომძიებლებისთვის ჯერაც უცნობია, რატომ გადაწყვიტა მოსკოვმა, თითქმის მთელი მსოფლიოს საერთაშორისო წყლების გავლით გაეგზავნა სტრატეგიული მნიშვნელობის, თანაც საიდუმლო ნაწილები ფხენიანში, ნაცვლად სარკინიგზო სისტემის გამოყენებისა.
რუსეთი და ჩრდილოეთი კორეა სამხედრო სფეროში აქტიურად თანამშრომლობენ, განსაკუთრებით უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ამის დასტურია ფრონტზე 10 000 ჩრდილოკორეელი ჯარისკაცის გაგზავნა, რომელთა ნაწილი მალევე დაიღუპა. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, ამის სანაცვლოდ გადაწყვიტა მოსკოვმა, დახმარებოდა ფხენიანს ბირთვული ტექნოლოგიების განახლებაში.
თავად ჩრდილოეთი კორეა დაუფარავად აცხადებს, რომ მისი სტრატეგიული მიზანია ბირთვული არსენალისა და შეიარაღების გაუმჯობესება, „ეროვნული ინტერესების დასაცავად“.
რუსული მხარე კატეგორიულად უარყოფდა ინფორმაციას ბირთვული ტვირთების გადაზიდვის შესახებ და აცხადებდა, რომ აწ უკვე ჩაძირული გემი გადაადგილდებოდა შორეული აღმოსავლეთისკენ „სახელმწიფო დავალებით“, ბორტზე კი, მათივე მტკიცებით, იყო „ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტისა და პორტების განვითარებისთვის განკუთვნილი ტვირთი“.
მოგვიანებით, უკრაინულმა სამხედრო დაზვერვამ განაცხადა, რომ რეალურად ხომალდს სირიისკენ ჰქონდა აღებული გეზი, იქ განლაგებული რუსი სამხედრო ტექნიკის გამოსაყვანად მას შემდეგ, რაც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო.
ეს გარემოება ესპანელმა გამომძიებლებმაც გაითვალისწინეს და თქვეს, რომ მოსკოვის მხრიდან ასეთი მტკიცებულებების წარმოდგენა მიანიშნებდა კრემლის მცდელობაზე, დაეფარა კვალი და ხომალდის მოგზაურობის ნამდვილი მიზნები.
