„ერთი მოგზაურობა - ერთი ბილეთი“ - ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული წინადადების წყალობით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საზღვრების სარკინიგზო გზით გადალახვა კიდევ უფრო გამარტივდება.
ბრიუსელში განმარტავენ, რომ პრინციპი ასეთია - მომხმარებელს შეუძლია დაჯავშნოს ბილეთები რკინიგზის რამდენიმე ოპერატორთან და რამდენიმე მარშრუტი ერთ ტრანზაქციად, ანუ ერთ ბილეთად აქციოს.
„ციფრული ინსტრუმენტებისა და ინტეგრირებული სერვისების წყალობით, ევროპელები ერთი ღილაკის დაჭერით შეძლებენ დაგეგმონ, შეადარონ და შეიძინონ მულტიმოდალური მოგზაურობები და, ამასთან, გამოიყენონ სარკინიგზო ტრანსპორტის უფრო სანდო უფლებები, მეტად გამჭვირვალედ და დაცულად. სარკინიგზო ტრანსპორტი არის გადაადგილების ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, კომფორტული და ეკოლოგიური საშუალება.
ევროპაში უკვე არსებობს 200 000 კილომეტრზე მეტი სარკინიგზო ხაზები, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებენ ჩვენს ქვეყნებს, რეგიონებსა და ქალაქებს. მიუხედავად გაწეული უზარმაზარი სამუშაოსა და დაქსაქსული ხაზებისა, საკმაოდ ბევრი ევროპელი კვლავ თვლის სარკინიგზო დაკავშირებადობას რთულს. მგზავრები ერთსა და იმავეს ჩივიან და არც ისე მარტივია პრობლემის ოპტიმალურად მოგვარება. რთულია ფასების შედარება, ქვეყნებსშორისი სარკინიგზო მარშრუტების წინასწარი ჯავშანიც რთულია, ტრანზიტული რეისის გამოტოვების შემთხვევაში კი მგზავრთა უფლებები გაურკვეველია.
მოკლედ რომ ვთქვათ, უმეტეს შემთხვევაში, ევროპა ფლობს ძალიან კარგ სარკინიგზო ინფრასტრუქტურას და ვაგრძელებთ მის გაუმჯობესებას, მათ შორის ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალების მშენებლობაში ინვესტირებით, თუმცა ჯერჯერობით არ გვაქვს მგზავრთა შეუფერხებლად მომსახურების მოდელი, რასაც დღეიდან ვცვლით.
მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მარტივად იპოვონ, შეადარონ და იყიდონ ბილეთები სხვადასხვა ოპერატორისგან და სხვადასხვა სახის ტრანსპორტისთვის - იქნება ეს მატარებელი, ავტობუსი თუ თვითმფრინავი. ამავდროულად, ერთი მიმართულებით ბილეთების გაყიდვისას გათვალისწინებული იქნება გადაჯდომების მინიმალური ვადები, რაც მგზავრობის სანდოობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ევროკომისარმა ტურიზმისა და ტრანსპორტის მიმართულებით, აპოსტოლოს ციციკოსტასმა.
ახალი წესების მიხედვით, კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა მგზავრთა უფლებების დაცვას და გაიზრდება მგზავრობის საფასურის კომპენსირების წრე. მოქალაქეს ექნება უფლება, დაიბრუნოს ბილეთის თანხა, თუკი ტრანზიტს გამოტოვებს ან სატრანზიტო რეისზე პრობლემა შეიქმნა - ეს კი მაშინაც, თუ მგზავრთა გადაყვანას სხვა სარკინიგზო კომპანია უზრუნველყოფს.
თანხის დაბრუნების გარდა, ევროკომისიის ინიციატივა ითვალისწინებს მგზავრისთვის სხვა დახმარების აღმოჩენასაც. კერძოდ, თუკი პირს მომდევნო მატარებელზე დაგვიანების გამო ღამის გათენება მოუწევს, შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს მგზავრის დროებით ღამის გასათევსა და კვებას.
ახლა ევროკომისია შესაბამის წინადადებას ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს წარუდგენს, სადაც დოკუმენტი უნდა განიხილონ.
