გაურკვეველი დროით შეჩერებულმა ფართომასშტაბიანმა სამხედრო მოქმედებებმა, პორტების ბლოკადამ, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ და ჯერჯერობით ბუნდოვად პერსპექტივად დარჩენილმა სამშვიდობო შეთანხმებამ ირანის ეკონომიკას არასახარბიელო შედეგები მოუტანა.
ისლამური ქვეყნის ეროვნული ვალუტა დღითიდღე განაგრძობს გაუფასურებას, ხოლო ინფლაციური მაჩვენებელი 54%-ს აღწევს.
მნიშვნელოვნად იზრდება ფასები სურსათზე, მედიკამენტებსა და სხვა პირველადი საჭიროების პროდუქციაზე. ომმა სერიოზული პრობლემები შექმნა შრომით ბაზარზე - გაურკვეველი სიტუაციის გამო, კომპანიების ნაწილი დაიხურა, ბიზნესი, განსაკუთრებით კი მცირე მეწარმეების უმეტესობა, გაკოტრდა.
„სამწუხაროდ, ეკონომიკური მდგომარეობა უკიდურესად ცუდია. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ძალიან დაბალი შემოსავალი აქვს. იმის გათვალისწინებით, რამდენად დაბალი შემოსავალი აქვთ, მათ უბრალოდ არ შეუძლიათ შესაბამისად ცხოვრება.
ეს ნამდვილად რთულია განსაკუთრებით მათთვის, ვინც საცხოვრებელს ქირაობს. საერთო ჯამში, რადგან ჩვენ ომის პირობებში ვართ, ხალხი ყველაფერს ომს აბრალებს, თუმცა, რეალურად, ყველაზე დიდი ზიანი ჩვეულებრივმა ადამიანებმა იწვნიეს და, სამწუხაროდ, სოწრედ ისინი დაზარალდნენ.
ბევრი რამ, რაც სახლისთვის გვჭირდება, ფაქტობრივად, საყიდლების სიიდან ამოვიღეთ. მხოლოდ იმას ვყიდულობთ, რაც გადაუდებლად აუცილებელია - პურს და კარტოფილს. კვერცხიც კი ფუფუნების საგნად იქცა. უფრო ძვირიან პროდუქციაზე საუბარიც აღარ მაქვს. სიმართლე გითხრათ, ამ პირობებში ბევრი ადამიანი ცხოვრობს“, - ამბობს მოჰამად დელჯუ, თეირანის მცხოვრები.
„ეკონომიკური მდგომარეობა კატასტროფულია, თითქმის შეუძლებელია, რამით ფული გამოიმუშავო. პირადად მე ორ სამსახურში ვმუშაობ. გარევაჭრობით ვარ დაკავებული და ტაქსების სერვისის მარკეტინგშიც ვმუშაობთ.
მოტოციკლეტით თითოეულ მგზავრობაზე 500 000 თუმანს იხდიან, თუმცა თვეზე მეტია, არაფერი გადაუხდიათ. თუ დაუღალავად ვიმუშავებ, 60 მილიონი თუმანის შოვნა შემიძლია, მაგრამ ეს მხოლოდ დაპირებაა. ჯერ არანაირი თანხა არ გაუციათ და, ვნახოთ, რა იქნება.
20 მილიონ თუმნამდე იხარჯება ბინის ქირაზე, კიდევ ამდენივე კვებასა და საყოფაცხოვრებო მიმართულებაზე. არ გვაქვს არც არანაირი დანაზოგი და არც მომავლის გეგმები. მხოლოდ დღევანდელი დღით ვცხოვრობთ და ვცდილობთ, გადავიტანოთ ეს მდგომარეობა. ველოდებით ომის დასრულებას“, - თქვა თეირანის მცხოვრებმა, ალი ნახარდანმა.
მოქალაქეთა უკმაყოფილების საპასუხოდ, თეირანში აცხადებენ, რომ ყველაფერი აშშ-ის „უპრეცედენტო“ ბლოკადის შედეგია, თუმცა, მათივე თქმით, ირანული მხარე ამ წნეხსაც გაუძლებს, რადგან ვაშინგტონისგან, ამ თვალსაზრისით, მრავალწლიანი გამოცდილება დაუგროვდა.
უკმაყოფილების მიუხედავად, თეირანში მცხოვრებთა გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ სამშვიდობო შეთანხმება მნიშვნელოვანია, თუმცა უნდა იყოს გონივრული პირობებისგან შემდგარი:
„ამერიკისა და ისრაელის მიერ წარმოდგენილი პირობები, რომელთა მიხედვითაც უნდა დავდოთ სამშვიდობო შეთანხმება, დამამცირებელია. ქვეყანა, რომელმაც ამდენი ადამიანი მოწამეობრივად შესწირა ამ ომს და ჯერ კიდევ რამდენია ამისთვის მზად, არ დაუშვებს, მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა გვიკარნახონ პირობები. ამას არ შევეგუებით. ალაჰი იყოს ჩვენ გვერდით, თუმცა თუ ასე გაგრძელდება, უფრო დავიტანჯებით“.
პარალელურად, ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ არსებული კრიზისის დასაძლევად, შეეცდება შესაბამისი ზომების მიღებას მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
მისაღებ ზომებს შორის თეირანი განიხილავს მინიმალური შრომითი ანაზღაურების 60%-ით ზრდას, რაც, ანალიტიკოსების შეფასებით, რთულად შესასრულებელი სამუშაოა, არსებული ინფლაციური მაჩვენებლების გათვალისწინებით.
