კატეგორიები

შვედეთში დააკავეს 2 პირი, ვინც ეჭვმიტანილია რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემაში

შვედეთში დააკავეს 2 პირი, ვინც ეჭვმიტანილია რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემაში
შვედეთის დაზვერვის ცნობით, დააკავეს ორი ეჭვმიტანილი პირი, რომელიც, სავარაუდოდ, სანქციების გვერდის ავლით ცდილობდა, რუსეთისთვის მიეწოდებინა სამხედრო-სამრეწველო აღჭურვილობა.

სტოკჰოლმში აცხადებენ, რომ ამჟამად მიმდინარეობს დამატებითი, მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა სასამართლო დოკუმენტაციის მიხედვით, რომელსაც სააგენტო AFP გაეცნო, მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ეჭვმიტანილთა მიერ უხეშად, სავარაუდოდ, 2025 წლის ივნისიდან მიმდინარე წლის მაისამდე პერიოდში, სისტემატურად ირღვეოდა.

„შვედეთის უსაფრთხოების სამსახური ძალიან სერიოზულ ყურადღებას აქცევს სანქციების დარღვევის საკითხს და ატარებს გრძელვადიან, მიზანმიმართულ ძალისხმევას, რათა რუსეთს შეეზღუდოს სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობა. ეჭვმიტანილთაგან ერთ-ერთი 8 მაისიდან იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, მეორე კი - 10 მაისიდან.

შვედეთის უსაფრთხოების სამსახური საკმაო ხანია, მუშაობს ამ საქმეზე. გამოძიებას ატარებს ეროვნული უსაფრთხოების ქვედანაყოფის პროკურორი. 2025 წლის ივნისში გამკაცრდა კანონმდებლობა სანქციების შესახებ. ამჟამად კანონი ითვალისწინებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას სანქციების დარღვევის მცდელობისა და ხელშეწყობისთვის.

სერიოზული სამართალდარღვევის შემთხვევაში, სასჯელის ზომა არის თავისუფლების აღკვეთა ექვს წლამდე ვადით. დანაშაულის ეს ფორმა ხშირად წარმოადგენს მრავალეტაპიან პროცესს, რამდენიმე შუამავლის მონაწილეობით. შვედეთი არ უნდა გამოიყენებოდეს სანქციების გვერდის ავლის პლატფორმად უცხოური სახელმწიფოების, მათ შორის რუსეთის მიერ.

საბოლოო ჯამში, შვედური ნაწარმი და ტექნოლოგიები არ უნდა მოხვდეს რუსი სამხედროების ხელში“, - ნათქვამია შვედეთის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმის პროკურორის განცხადებით, ეჭვმიტანილებს ბრალი უნდა წარედგინოთ 5 ივნისამდე, შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ამ დრომდე უნდა უზრუნველყონ საფუძვლიანი მტკიცებულებების წარმოდგენა.

სკანდინავიური სახელმწიფო უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდანვე შეუერთდა მოსკოვის საწინააღმდეგო სანქციებს.

ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, ჯავშანტექნიკა, საჰაერო თავდაცვის სისტემები და საარტილერიო საბრძოლო მასალა - ეს ის არასრული ჩამონათვალია, რითაც სტოკჰოლმი კიევს 2022 წლის შემდეგ დაეხმარა.

ამასთან ერთად, შვედი ინსტრუქტორები მონაწილეობენ უკრაინელი სამხედროების მომზადებაში, ხოლო შვედეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებას.

დაკავშირებული ამბები
შვედეთში დააკავეს 2 პირი, ვინც ეჭვმიტანილია რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემაში სტოკჰოლმში მუნიციპალური ტრანსპორტი ავტობუსის გაჩერებას შეეჯახა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა