კაია კალასმა კატეგორიულად გამორიცხა ვლადიმერ პუტინის შეთავაზება, რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად გასამართ მოლაპარაკებებზე, ევროპელი შუამავლის სახელით გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრედერის დანიშვნის შესაძლებლობა.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოსკოვი ვერ იქნება ვერანაირი პირობის დამწესებელი, თუმცა, მოლაპარაკებების ფორმატში, გარკვეულ დათმობებზე მხარეები უნდა შეთანხმდნენ.
„პირველ რიგში, თუკი ჩვენ რუსეთს მივცემთ უფლებას, ჩვენი სახელით დანიშნოს მომლაპარაკებელი, ეს ძალიან არაგონივრული იქნება. მეორე მხრივ, ვფიქრობ, გერჰარდ შრედერი იყო რუსული სახელმწიფო კომპანიების მაღალი რანგის ლობისტი, ამიტომ, სრულიად გასაგებია, რატომ სურს პუტინს მაინცდამაინც ეს ადამიანი, რომელიც ფორმალურად მაგიდის ორივე მხარეს იჯდება.
ვიდრე საკითხებს რუსეთთან განვიხილავდეთ, უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთში უნდა ვიმსჯელოთ, რაზე გვინდა მათთან საუბარი. სწორედ ამიტომ, გიმნიჩში შედგება საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც განვიხილავთ არსებული პრობლემების გადაჭრის გზებს, რადგან, ისევ და ისევ, ევროპული უსაფრთხოების საკითხი დამოკიდებულია იმაზე, რომ რუსეთი მუდმივად თავს ესხმის თავის მეზობლებს. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა შევეწინააღმდეგოთ ამას? ამისთვის ჩვენ დათმობები გვჭირდება, მათ შორის რუსეთის მხრიდანაც.
გასულ კვირას მოლდოვაში ვიყავი. იქ რუსული ჯარები არიან განლაგებული. რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი წინაპირობა შეიძლება იყოს რუსული ჯარების გაყვანა“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.
მისივე განცხადებით, 9 მაისისთვის ამოქმედებული ცეცხლის შეწყვეტა, „რომელიც პუტინს სურდა“, იყო „საკუთარი აღლუმის დაცვის ცინიკური ფორმა“, რადგან რუსული ძალები განაგრძობდნენ თავდასხმებს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე.
2005 წელს გერმანიის კანცლერის თანამდებობის დატოვების შემდეგ, გერჰარდ შრედერი მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებდა ვლადიმერ პუტინთან.
2022 წლამდე ის შედიოდა რუსული სახელმწიფო ენერგოგიტანტის, „როსნეფტის“ სამეთვალყურეო საბჭოში, ასევე სხვადასხვა პოსტზე იყო სხვა რუსულ სახელმწიფო კომპანიებში, მათ შორის „გაზპრომში“.
კრემლის ინიციატივას მკაცრად ეწინააღმდეგება კიევიც.
„ბრძოლის ველზე ახალი რეალობა შეიქმნა. ყველაზე რთული ზამთრის შემდეგ უკრაინა გაძლიერდა. რა თქმა უნდა, ეს ზამთარი გადავიტანეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ფრონტზე კი ვითარება დავასტაბილურეთ.
ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ფრონტზე საჰაერო სივრცის დახურვა შევძელით. თუკი დრონებზე ვისაუბრებთ, რუსული საჰაერო ობიექტების 90%-ის ჩამოგდება შეგვიძლია. ამას გარდა, სპეციალურ და ხანგრძლივ სანქციებს ვაწესებთ, რომლებიც მუშაობს. რუსეთში ახალ და ძალიან საინტერესო მოვლენებს ვაკვირდებით, არამხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით და ვაგრძელებთ მათზე დაკვირვებას. ჩვენთვის ეს არის რუსეთზე ზეწოლის გაგრძელების სიგნალი.
დიახ, აშშ-ის ხელძღვანელობით გვაქვს ძირითადი სამშვიდობო მოლაპარაკებები და გვჭირდება ეს გზა, გვჭირდება ამერიკის ლიდერობა, თუმცა ევროპასაც შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა, რასაც კოლეგებთან განვიხილავთ. ჩვენ არ ვსაუბრობთ სამშვიდობო მოლაპარაკებების ან დიპლომატიური გზის ალტერნატივაზე, არამედ ვსაუბრობთ დამატებით შესაძლებლობებზე. ამიტომ, ვაკეთებთ ყველაფერს, რისი საშუალებაც გვაქვს, რათა მივუახლოვდეთ მშვიდობას, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული მიზანია“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრი სიბიჰამ.
ბრიუსელში კიევის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრების მიზეზი გახდა რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების საკითხი, რომელთა დაბრუნებაზეც კიევი პარტნიორებთან ერთად აქტიურად მუშაობს.
ევროპელი დიპლომატების განცხადებით, განსხვავებით სამხედრო ტყვეთა გაცვლისა, ბავშვების დაბრუნების საკითხი გაცილებით რთულია იმ გაგებით, რომ უკრაინულ მხარეს არც ერთი რუსი ბავშვი არ გაუტაცებია. მათივე განცხადებით, მიუხედავად მოსკოვის მხრიდან შეცვლილი რიტორიკისა, უკრაინის მოკავშირეებს სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი აქვთ.
რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებისა და იმ მოთხოვნების საკითხი, რომლებიც ევროკავშირმა მოსკოვს უნდა წაუყენოს, ევროპელმა დიპლომატებმა კვიპროსში, 27 და 28 მაისს დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა განიხილონ.
