იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ რომში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს უმასპინძლა. ორმხრივი შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ირანში მიმდინარე ომი და აშშ-სა და იტალიის ურთიერთობები, რომელიც გასულ კვირებში დაიძაბა.
იტალია, კერძოდ კი ჯორჯია მელონის მთავრობა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მჭიდრო მოკავშირეა, თუმცა მხარეებს შორის დაძაბულობამ ირანში მიმდინარე ომის ფონზე იმატა.
დონალდ ტრამპი იტალიით და ზოგადად ევროპით უკმაყოფილო იყო, რადგან მათ ირანის ომში სამხედრო ძალების გაგზავნაზე უარი განაცხადეს. ჯორჯია მელონისა და დონალდ ტრამპს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით კი მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპა რომის პაპი გააკრიტიკა, ხოლო ჯორჯია მელონიმ ლეონ XIV-ს მხარი დაუჭირა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანის იტალიაში ორდღიანი ვიზიტის მიზანი, სწორედ ამ ურთუერთობების გაუმჯობესება იყო.
იტალიაში ვიზიტისას მარკო რუბიომ ირანში მიმდინარე ომთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი განცხადები ყველა თანხმდება, რომ ირანის რეჟიმს ბირთვული იარაღის წარმოების შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს.
„ყველა თანხმდება, რომ მიუღებელია ირანის მთავრობას ბირთვული იარაღი ჰქონდეს. მე არ ვიცი, ვინმე თუ ფიქრობს, რომ კარგი აზრია, ირანის მთავრობა ბირთვულ იარაღს ფლობდეს, აიათოლას გარდა. ჩნდება კითხვა - რას აკეთებ ამის მისაღწევად? და პრეზიდენტი მოქმედებს. აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს იმის შესახებ, უნდა ჰქონდეთ თუ არა მათ ბირთვული იარაღი. ამერიკის ყველა პრეზიდენტი ამბობდა, რომ არ შეიძლება მათ ბირთვული იარაღ ჰქონდეთ, მაგრამ დონალდ ტრამპი პირველი ამერიკელი პრეზიდენტია, რომელიც ამისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს“, - განაცხადა მარკო რუბიომ.
იტალიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანტონიო ტაიანის შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი შეხვედრა პოზიტიურად შეაფასეს. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ევროპას შეერთებული შტატები სჭირდება და პირიქით შეერთებულ შტატებს სჭირდება ევროპა.
„მე გამოვხატე ჩვენი პოზიცია ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ინიციატივას, რომელსაც შეუძლია ცეცხლის მუდმივ შეწყვეტამდე მიგვიყვანოს. სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ისინი ირანის პასუხს ელოდებიან. ჩვენ დიალოგს ვუჭერთ მხარს. კიდევ ერთხელ დავადასტურე იტალიის მზადყოფნა, სტაბილური ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შემდეგ, ჩვენი სამხედრო-საზღვაო ძალებით ჩავერთოთ ნაღმების განაღმვით სამუშაოებში და უზრუნველვყოთ ნავიგაციის თავისუფლება. ხაზი გავუსვი ლიბანის მნიშვნელობას იტალიისთვის და ჩვენს მზადყოფნას, მომავალშიც დავრჩეთ იქ, რათა მნიშვნელოვანი როლი ვითამაშოთ სტაბილურობის უზრუნველყოფასა და ლიბანის რეგულარული შეიარაღებული ძალების გაძლიერებაში, რასაც ორმხრივი მისიის ფარგლებში უკვე ვაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, ევროპას სჭირდება ამერიკა, იტალიას სჭირდება ამერიკა, და შეერთებულ შტატებსაც სჭირდება ევროპა და იტალია“, - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იტალიისა და ევროპისთვის მნიშვნელოვანია ამერიკული ჯარები ევროპაში დარჩნენ, რაც NATO-ს შენარჩუნებისა და გაძლიერებისთვისაა აუცილებელი.
