ერაყის ნავთობის სამინისტრო იუწყება ნაჯაფის პროვინციაში, საუდის არაბეთის საზღვრის სიახლოვეს ნავთობის მასშტაბური საბადოს აღმოჩენის შესახებ.
ბაღდადის ცნობით, ეს აღმოჩენა ქვეყნის ენერგოსექტორისთვის ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან, წინასწარი შეფასებით, საბადოს ერთ-ერთი ნაწილი მოიცავს 8 მილიარდ 800 მილიონზე მეტი ბარელის ოდენობის ნედლეულის მარაგებს, რითაც სახელმწიფოს აქვს საშუალება დიდი ეკონომიკური სარგებელი ნახოს.
ამ რეზერვუარებს მოიცავს ბლოკი კურნაირი, რომელიც ბაღდადიდან 180 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და ნავთობის მოსაპოვებლად, ექსპერტების გათვლებით, ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ადგილია, მით უმეტეს, რომ გაშლილია საკმაოდ დიდ, 8 773 კვადრატულ კილომეტრზე, რაც მცირედით ჩამორჩება კვიპროსის ტერიტორიის ფართობს.
ერაყის ნავთობის სამინისტროს თანახმად, პირველადი სამუშაოების ჩატარების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ჭაბურღილის მცირედი დატვირთვით მუშაობის შემთხვევაშიც კი, შესაძლებელი იქნება დღიურად 3 248 ბარელი ნედლეულის მოპოვება.
ახლო აღმოსავლურმა სახელმწიფომ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ჩინურ კომპანიასთან, რათა, უახლოეს პერიოდში გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები მოპოვებული ნავთობის რაოდენობის გასაზრდელად.
პეკინმა წარმოადგინა ერაყში დაჩქარებული ინვესტიციების შემოდინების თანმიმდევრული გეგმა, რომელიც მიმართულია ნედლეულის საერთაშორისო ბაზარზე სწრაფად გაყვანისკენ. ამასთან, ბაღდადი დაჩქარებული წესით მუშაობს სტრატეგიული პროექტის განსახორციელებლად, რომელიც მოიცავს ბასრას პროვინციიდან სირიის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ანბარის პროვინციამდე მილსადენის მშენებლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს დღიურად 2 მილიონ 500 ათასი ბარელი ნავთობის ექსპორტი.
ნედლეულის საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვის თვალსაზრისით, ერაყი მნიშვნელოვნად დაზარალდა ახლო აღმოსავლეთში წარმოებული ომის შედეგად, რადგან, სხვების მსგავსად, მასაც პრობლემები შეექმნა ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების მხრივ.
სამხედრო კონფლიქტის ესკალაციამდე, ერაყი დღიურად 4 მილიონ ბარელზე მეტ ნავთობს მოიპოვებდა, რითაც ოპეკის წევრ სახელმწიფოებს შორის ნედლეულის ექსპორტით მესამე ადგილს იკავებდა.
აშშ-ის ენერგეტიკის ინფორმაციის სააგენტოს მონაცემებით, გლობალურად, ერაყი მეხუთე ადგილზეა ნავთობის მარაგების თვალსაზრისით და ფლობს დაახლოებით 145 მილიარდ ბარელს.
