ნატოს წევრი ლატვიის საჰაერო სივრცე რუსეთის ტერიტორიიდან სამმა დრონმა გადაკვეთა, ორი მათგანი ქალაქ რეზეკნეს ნავთობსაცავის სიახლოვეს ჩამოვარდა და ხანძარი გამოიწვია. გაირკვა, რომ უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინას ეკუთვნოდა, რომლებიც რუსული სამხედრო სამიზნეებისკენ იყო მიმართული.
ადგილზე მალევე მობილიზდა ნატოს მრავალეროვნული საჰაერო პოლიციის მისიის წარმომადგენლები ბალტიაში. დაზიანდა 4 ცარიელი ნავთობ რეზერუარუ, ქალაქ რეზეკნეში,რომელიც რუსეთის საზღვრიდან 40 კილომეტრში მდებარეობს ლატვიის ხელისუფლებამ მოქალაქეებს განგაშის სიგნალი მალევე ამცნო და მათ სიფრთხილისკენ მოუწოდა.რეზეკნეში სკოლები დროებით დაიკეტა.
„აფეთქების ხმა ორჯერ გავიგონე გამთენიისას, მან ფანჯრები შეაზანზარა. აივანზე გავედი და დავინახე რომ ჰაერში უკვე ავიაგამანადგურებელი დაფრინავდა.ადამიანებს ძალიან შეეშინდათ, ერთმანეთს ვურეკავდით, ვამოწმებდით ვინმე ხომ არ დაშავდა, ზოგიერთი ძალიან გაბრაზებული იყო, ზოგმაც ჩემოდნების ჩალაგება დაიწყო, უარეს შემთხვევაში გამგზავრებისთვის, ეს კი კარგი სულაც არ არის”-ყვება რეზეკნეში მცხოვრები იევგენიუს სადოვსკისი.
ლატვიის ხელისუფლებამ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო, მიმდინარეობს ჩამოვარდნილი დრონების ნამსხვრევების ძებნის ოპერაცია.ცნობილია,რომ უკრაინულმა მხარემ ლატვიის ხელისუფლებას უკვე მიმართა, ბალტიკური სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა,რომ უკრაინას ყველანაირი უფლება აქვს რუსეთში სამხედრო სამიზნეებს დაარტყას.
„გასული ღამის განმავლობაში დაფიქსირდა რამდენიმე ინციდენტი, რომლებიც დაკავშირებული იყო დრონების ლატვიის საჰაერო სივრცეში შეღწევასთან. ფაქტები ჯერ კიდევ ზუსტდება როგორც ჩვენი სენსორების მონაცემების, ასევე სხვა ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე. ამასთანავე, როგორც უკვე აღინიშნა, მიმდინარეობს იმ დრონების ძებნის ოპერაციები, რომლებიც ლატვიის ტერიტორიაზე ჩამოვარდნენ. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა,ეს დრონები ჩვენი საჰაერო თავდაცვის დანაყოფების მიერ იქნა იდენტიფიცირებული, თუმცა მათი ჩამოგდება შეუძლებელი იყო უსაფრთხოების ყველა მოქმედი კრიტერიუმის გათვალისწინებით. შესაბამისად, იარაღი არ გამოყენებულა, რადგან შეუძლებელი იყო იმის გარანტირება, რომ საფრთხე არ შეექმნებოდა მშვიდობიან მოსახლეობას, სამოქალაქო ობიექტებს ან ინფრასტრუქტურას” -ითქვა ქვეყნის გაერთიანებულ შტაბში.
ეს უკრაინული დრონების ლატვიის ტერიტორიაზე მოხვედრის პირველი შემთხვევა არ არის, ისევე როგორც ნატოს წევრი ესტონეთისა თუ ლიეტუვას შემტხვევაში. ქვეყანაში მსგავსი ინციდენტი მარტშიც დაფიქსირდა, თუმცა მსხვერპლი არცერთ შემთხვევას არ მოჰყოლია.
