გაეროში ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არანაირი ფორმით არ არის დაკავშირებული „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ“ შეთანხმებასთან.
მისივე მტკიცებით, ვერანაირი საგარეო ზეწოლა ვერ შეცვლის „ბირთვული ზესახელმწიფოს“ სტატუსს.
ფხენიანი არსებული შეთანხმებიდან გასვლით ჯერ კიდევ 1993 წელს დაიმუქრა და ოფიციალურად ეს 2003 წელს გააკეთა.
მას შემდეგ აზიურმა ქვეყანამ განაცხადა, რომ არ აინტერესებს არც რიგი სახელმწიფოების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის შინაარსი და არც სხვა რეზოლუციები, სადაც საუბარი არის ბირთვული საშუალებების მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებით გამოყენების აუცილებლობაზე და ატომური იარაღის 6 ცდა ჩაატარა. ამ ნაბიჯმა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების დაწესება და მისი საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა გამოიწვია.
გაეროში ფხენიანის დიპლომატიური წარმომადგენლობის თანახმად, „აშშ და მისი მიმდევარი ზოგიერთი ქვეყანა უსაფუძვლოდ აყენებს ეჭვქვეშ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სუვერენულ უფლებებს“, მათ შორის ბირთვულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ჩრდილოეთი კორეა არასდროს იტყვის უარს საკუთარ ბირთვულ პოტენციალზე, რომელიც კონსტიტუციის დონეზე არის განმტკიცებული.
„ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ“ შეთანხმება ძალაში შევიდა 1970 წელს და მას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა აწერს ხელს ჩრდილოეთ კორეის, ისრაელის, ინდოეთისა და პაკისტანის გარდა.
გაეროს გენმდივნის თქმით, შეთანხმების თავდაპირველი მიზანი აღარ ემთხვევა არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას, განსაკუთრებით სახელმწიფოთა შორის ნდობის ფაქტორის შემცირებისა და სამხედრო ესკალაციის ფონზე.
