მოგზაურთა უმრავლესობის საზაფხულო გეგმები, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეიცვალოს, ახლო აღმოსავლეთის ომით გამოწვეული კრიზისის გამო.
საავიაციო მიმართულებით მომუშავე ანალიტიკურმა კომპანია Cirium-მა გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, ბოლო 2 კვირის განმავლობაში მსოფლიო ავიაკომპანიებმა მაისის თვეში დაგეგმილი 13 000 რეისი გააუქმეს, მგზავრებისთვის განკუთვნილი ადგილები კი 2 მილიონით შემცირდა.
საგულისხმოა, რომ ამ რიცხვში არ შედის ზაფხულის ტურისტული სეზონის მაჩვენებლები და მოსალოდნელი ცვლილებები.
ავიაკომპანიების გადაწყვეტილება მეტწილად უკავშირდება საავიაციო საწვავის კრიზისს, რადგან თითოეული რეისის შესასრულებლად ტონობით ნედლეულია საჭირო, რაც დისტანციის მიხედვით არის ცვალებადი.
საავიაციო საწვავის ფასმა, ირანში, თებერვლის ბოლოს დაწყებული ომის შემდეგ, ორი-სამჯერ იმატა, რაზეც უშუალოდ სამხედრო კონფლიქტზე მეტი გავლენა იქონია ჰორმუზის სრუტეში გადაადგილების შეჩერებამ.
მოქმედი საერთაშორისო ავიაკომპანიების ნაწილს მოუწია სამგზავრო ბილეთების გაძვირება ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებით, ზოგიერთს კი პირიქით - ნაკლებად მოთხოვნად მარშრუტებზე ან განრიგის შეცვლა და ფრენების სიხშირის შემცირება, მცირე ზომის ბორტების დანიშვნით, ან საერთოდაც რეისების გაუქმება, საწვავის დაზოგვის მიზნით.
ავიაკომპანიების უმრავლესობა, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღო, ბაზირებულია ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებში, სადაც ვითარებას ამწვავებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებიც.
სპარსეთის ყურის ქვეყნების ნაწილში საჰაერო მიმოსვლა კვლავ შესაძლებელი გახდა, თუმცა, მაგალითად, არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის ეს თავისუფლება ხანმოკლე აღმოჩნდა.
სამოქალაქო ბორტების შეუფერხებელი გადაადგილება 4 მაისს, ირანიდან გაშვებულმა საბრძოლო საფრენმა აპარატებმა შეაფერხეს, რის გამოც აბუ-დაბისა და დუბაის თავზე ცა დაიხურა.
იქიდან გამომდინარე, რომ ენერგოკრიზისთან დაკავშირებით მსოფლიო ლიდერების თქმით, პრობლემები ჯერ კიდევ წინ არის, სავარაუდოა, რომ, სულ მცირე, ამ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, მოგზაურობის მოყვარულებს თავიანთი შვებულებების გადაგეგმვა მოუწევთ.
