კატეგორიები

ინტერნეტში იტალიის პრემიერის ყალბი ფოტომასალა ვირუსულად გავრცელდა

ინტერნეტში იტალიის პრემიერის ყალბი ფოტომასალა ვირუსულად გავრცელდა
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯა მელონიმ მკაცრად დაგმო მისი ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ფოტოები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული.

მასალის ნაწილი უხამსობის შემცველია, თუმცა ყალბი ფოტოებიდან ერთ-ერთი მემარჯვენე ევროპელმა პოლიტიკოსმა სოციალურ პლატფორმა X-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა, ხელოვნურ ინტელექტს კი „სახიფათო ინსტრუმენტი“ უწოდა:

„ამ დღეებში, სოციალურ ქსელებში ცირკულირებს ჩემი რამდენიმე ყალბი ფოტო, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით არის შექმნილი და ჩემი ზოგიერთი მწვავე მეტოქის მიერ წარმოჩენილია როგორც ნამდვილი.

უნდა ვაღიარო, რომ ვინც ისინი შექმნა, ცოტათი გამაუმჯობესა, თუმცა ფაქტად რჩება ის, რომ თავდასხმებისა და სიცრუის აგორებისთვის, დღესდღეობით ყველაფერი გამოიყენება. თუმცა, საქმე მხოლოდ ჩემში არაა.

„დიფ-ფეიქი“ ძალიან სახიფათო ინსტრუმენტია, რადგან მას შეუძლია, ნებისმიერი მოატყუოს, დააშანტაჟოს და ნებისმიერს თავს დაესხას. მე შემიძლია საკუთარი თავის დაცვა, ბევრს კი არა.

ამიტომ, ყოველთვის უნდა მოქმედებდეს ერთი წესი: დაჯერებამდე გადაამოწმე და დაიჯერე ვიდრე გადააზიარებ, რადგან თუ დღეს ეს მე გადამხდა, ხვალ შეიძლება სხვა ნებისმიერი იყოს“.

ამავე პოსტს ჯორჯა მელონიმ ასევე დაურთო სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარი, რომელმაც იტალიურ ენაზე დაწერა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მსგავსად წარმოჩენა „სამარცხვინოა და მის პოლიტიკურ თანამდებობასთან კატეგორიულად შეუსაბამოა“.

იტალიის მთავრობის მეთაურის შემთხვევაში ეს არ არის ყალბი ფოტოების გავრცელების პირველი შემთხვევა. მეტიც, 2024 წელს ჯორჯა მელონიმ უჩივლა ორ მამაკაცს, რომლებმაც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შექმნეს სექსუალური შინაარსის ყალბი ვიდეორგოლები და ერთ-ერთ ამერიკულ პორნოგრაფიულ საიტზე ატვირთეს.

საპასუხოდ, რომში მიიღეს კანონი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელს ე.წ. „დიფ ფეიქების“, ანუ ყალბი შინაარსისა ან განსხვავებული ინტერპრეტაციის მქონე ფოტოვიდეომასალების გავრცელებისთვის, რაც მათზე გამოსახულ პირს „გამოუსწორებელ ზიანს“ მიაყენებს.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქალი პოლიტიკოსები ხშირად ხდებიან სექსუალური შინაარსის გენერირებული ყალბი ფოტო ან ვიდეო მასალების გავრცელების მსხვერპლნი, რაც ე.წ. „დიფ-ფეიქის“ მეთოდის გამოყენებით არის შექმნილი.

თითქოსდა გართობის მიზნით, სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება მსოფლიოს სხვა ლიდერების ყალბი მასალებიც.

ამის მაგალითია საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელსაც გასულ წელს ინტერნეტსივრცეში არაერთი დამონტაჟებული ვიდეო გაუვრცელეს.

ეს იყო ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი, პრეზიდენტის გარეგნობის, ხმის და მიმიკის მიმბაძველი მანიპულაციური ვიდეოები, რომლებიც სოციალურ ქსელში მილიონობით ადამიანმა იხილა.

დაკავშირებული ამბები
ინტერნეტში იტალიის პრემიერის ყალბი ფოტომასალა ვირუსულად გავრცელდა სტოკჰოლმის ერთ-ერთ ყავახანას ხელოვნური ინტელექტი მართავს