კატეგორიები

ზავის შესახებ რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას კიევი „აბსოლუტურ ცინიზმს“ უწოდებს

ზავის შესახებ რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას კიევი „აბსოლუტურ ცინიზმს“ უწოდებს
Copyright AP
ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე რუსეთი და უკრაინა ისევ რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებზე არიან. მოსკოვი ზავს მხოლოდ რამდენიმე საათით, 8-9 მაისს აცხადებს - იმ დროისთვის, როდესაც წითელ მოედანზე  „ნაციზმზე გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილი ტრადიციული სამხედრო აღლუმი იმართება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინმა მიიღო, რომელმაც მანამდე თავადაც არაერთხელ განაცხადა და კრემლის პრესმდივნის მეშვეობითაც არაერთხელ გააჟღერა, თითქოს აღლუმის დღეს უკრაინული მხარის ე.წ. „ტერორისტული თავდასხმებია“ მოსალოდნელი.

მოსკოვის პირობებით გაწერილი ცალმხრივი შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, რუსული მხარე კიევის ცენტრში „მასირებული სარაკეტო დარტყმებით“ იმუქრება, რაც, კრემლის მტკიცებით, მანამდე „ჰუმანიტარული მიზეზებით“ არ მომხდარა.

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილების შესაბამისად, 2026 წლის 8-9 მაისს ცხადდება ცეცხლის შეწყვეტა, სამამულო ომში საბჭოთა ჯარების გამარჯვების აღსანიშნავად. ვიმედოვნებთ, უკრაინული მხარი მიჰყვება ამ მაგალითს.

ამასთან, ყურადღებას ვაქცევთ კიევის რეჟიმის მეთაურის მიერ ერევანში, „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტზე გაკეთებულ განცხადებას, რომელიც მოიცავს მუქარებს სწორედ 9 მაისს, მოსკოვზე დარტყმების განხორციელების შესახებ. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ მიღებული იქნება ყველა აუცილებელი ზომა საზეიმო ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

დიდ სამამულო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავის აღნიშვნის ჩასაშლელად, კიევის რეჟიმის მხრიდან თავიანთი დანაშაულებრივი გეგმების სისრულეში მოყვანის მცდელობის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები მიიტანენ საპასუხო, მასირებულ სარაკეტო დარტყმებს კიევის ცენტრზე.

მიუხედავად ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობებისა, რუსეთი, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, მანამდე თავს იკავებდა მსგავსი ქმედებებისგან. ვაფრთხილებთ კიევის სამოქალაქო მოსახლეობასა და უცხოური დიპლომატიური სამსახურების თანამშრომლებს, დროულად დატოვონ ქალაქი“,- ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ პროკრემლისტურ სოციალურ პლატფორმა MAX-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

გადაწყვეტილებას კიევი „არასერიოზულს“ და „აბსოლუტურ ცინიზმს“ უწოდებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ადამიანის სიცოცხლე შეუდარებლად დიდი ფასეულობაა, ვიდრე ნებისმიერი წლისთავის „ზეიმობა“ და, ამ შემთხვევაში, მოსკოვის ნაბიჯი მიმართულია არა ნამდვილად ომის შეჩერებაზე, არამედ რუსული სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის დემონსტრირებისთვის განკუთვნილი ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებასა და ზეიმზე.

უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, რომ 5-დან 6 მაისის ღამის 00:00 საათიდან, ფრონტზე „სიჩუმის რეჟიმს“ აცხადებს, რითაც პასუხობს ვლადიმერ პუტინის ე.წ. „დროებით ზავს“ და „სარკისებურად მოქმედების“ პირობას დებს.

„ამერიკელები რუსებთან განიხილავდნენ 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობას. ჩვენ ოფიციალურად არავინ დაგვკავშირებია და არც არავის ოფიციალურად შემოუთავაზებია. ეს არის რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. მაშ ასე, რუსეთსა და ამერიკას შორის განიხილებოდა ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა რა სახის ცეცხლის შეწყვეტაზეა საუბარი? მნიშვნელოვანია, ჩვენმა მხარემ იცოდეს, რაზე თანხმდებიან ისინი.

ცალკე საკითხია მეორე რამ - ცეცხლის შეწყვეტა ერთი დღით, მანამდე კი ჩვენი მოქალაქეების ხოცვა? რბილად რომ ვთქვათ, ეს უბრალოდ უსამართლობაა. დღეს მერეფა, გუშინ დნიპრო. დაღუპულები, დაჭრილები - როგორც ზრდასრულთა, ისე ბავშვთა შორის.

ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ამის შემდეგ ისინი ამბობენ, რომ წყვეტენ სარაკეტო და დრონებით იერიშებს უკრაინულ ქალაქებსა და დასახლებებზე აღლუმამდე ერთი დღით ადრე და გვთავაზობენ ერთდღიან დაზავებას. ეს არასერიოზულია. საშუალება მივცეთ მათ იზეიმონ დღესასწაული? ჩვენ აღარ გვაქვს დღესასწაულები. მათ დასვენების დღე ვაჩუქოთ და 9 მაისს მეორე დილას კვლავ დაიწყონ ჩვენი დაბომბვა?“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინულ მედიასთან საუბრისას.

8-9 მაისის რუსულ დაზავებამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსულ საოკუპაციო ჯარებს საჰაერო დარტყმები მიაქვთ უკრაინულ დასახლებულ პუნქტებზე, სადაც არიან დაღუპულები და დაშავებულები. იერიშების სამიზნეებად იქცა სუმის ოლქი და ქალაქი ხარკივი.

ამ მოქმედებების გამო, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერევანში მედიასთან საუბრის დროსაც განმარტა, რომ თუკი რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ მოსკოვში აღლუმს ვერ ჩაატარებს უკრაინის „კეთილი ნების“ გარეშე, დროა რუსულმა ხელმძღვანელობამ რეალური ნაბიჯები გადადგას მათი ომის დასასრულებლად.

აგრესიული საბრძოლო მოქმედებების გამო, 9 მაისის ტრადიციული აღლუმის ჩატარება კრემლს ისედაც არატრადიციულ ფორმატში უწევს - სამხედრო ტექნიკისა და კადეტების გარეშე, თუმცა გაძლიერებული საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და წითელ მოედანზე დამონტაჟებული დრონსაწინააღმდეგო ბადეების თანხლებით.

დაკავშირებული ამბები
ზავის შესახებ რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას კიევი „აბსოლუტურ ცინიზმს“ უწოდებს სომხეთი „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტს მასპინძლობს