კატეგორიები

აზერბაიჯანს იტალიის პრემიერ-მინისტრი ეწვია

აზერბაიჯანს იტალიის პრემიერ-მინისტრი ეწვია
ერევნის „ევროპული გაერთიანების სამიტიდან“ იტალიის პრემიერ-მინისტრი ბაქოში ჩავიდა. ევროპული სახელმწიფოსა და სამხრეთკავკასიური ქვეყნის ლიდერების განხილვის ძირითადი თემა გახდა აზერბაიჯანთან ენერგომიმართულებით თანამშრომლობა.

რომში ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ ბუნებრივი აირისა და ნავთობის ბაზრების დივერსიფიცირების აუცილებლობაზე, ისევე როგორც ევროპის სხვა სახელმწიფოებში, რუსული დამოკიდებულების ჯერ შესამცირებლად, შემდეგ კი ნულამდე დასაყვანად.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო აქ და ეს მახარებს. ვთვლი, აქ ჩამოსვლა ძალიან საჭირო ნაბიჯი იყო, რადგან აზერბაიჯანი იტალიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. თუმცა, მიუხედავად ამისა, გავიგე, რომ აქ 2013 წლის შემდეგ იტალიის პრემიერ-მინისტრი საერთოდ არ ჩამოსულა, რაც საკმაოდ უცნაურად მეჩვენა. ამიტომ, ვთვლი, რომ ეს ვიზიტი ბევრი რამის მანიშნებელია, რადგან ჩვენი თანამშრომლობა უფრო ფართო სპექტრს მოიცავს.

ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ ბევრი სტრატეგიული მიმართულებით, მათ შორის კულტურის, დაკავშირებადობის, ინფრასტრუქტურისა და, რა თქმა უნდა, ენერგეტიკის სფეროებში. კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია.

ვფიქრობთ, აზერბაიჯანი ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორია, მიუხედავად იმისა, რომ, საერთაშორისო ჭრილში ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ. ამავდროულად, აზერბაიჯანი ხიდის ფუნქციას ასრულებს და სწორედ ამ ხიდს შეუძლია იყოს ძირითადი დამაკავშირებელი ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონამდე“, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯა მელონიმ.

ბაქოში გამართული შეხვედრა არის მხარეთა შორის არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის ჩარჩო-შეთანხმების ნაწილი.

„სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით შესანიშნავი მოლაპარაკებები გვქონდა. უპირველეს ყოვლისა, მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ თქვენი აქ ყოფნისთვის.

ვიცი, რამდენად დაკავებული იყავით ამ დღეების განმავლობაში. ის, რომ ჩვენ გვეწვიეთ და სომხეთიდან ჩამოხვედით, ძალიან სიმბოლური მნიშვნელობისაა.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს აზერბაიჯანისადმი თქვენს მეგობრულ დამოკიდებულებას, რაც ჩვენი მხრიდან იტალიისადმიც ანალოგიურია. თქვენი დღევანდელი ვიზიტი იქნება გადამწყვეტი სტრატეგიული ურთიერთობების განსავითარებლად“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.

ენერგეტიკის სფერო ფართოდ განიხილება როგორც ბაქოსა და რომის ურთიერთობების ძირითადი ღერძი, რაზეც დაფუძნებულია მხარეთა დიპლომატიური და პოლიტიკური კავშირები. აზერბაიჯანი იტალიას ბუნებრივ აირს აწვდის ტრანს-ადრიატიკული მილსადენით, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს კასპიის ზღვასა და ევროპას.

მილსადენის მმართველი კომპანიის დირექტორის, ლუკა შიეპატის თქმით, კომერციული ექსპლუატაციის დაწყებიდან კომპანიამ იტალიას 47 მილიარდ 500 მილიონზე მეტი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა. მისივე განმარტებით, 2025 წელს ამ გზით შესაძლებელი გახდა იტალიის მთლიანი ენერგობაზრის 16%-ის დაკმაყოფილება.

აზერბაიჯანიდან იტალიისთვის მიწოდებული გაზი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ნაწილდება, რაც საშუალებას აძლევს მათ, მოიპოვონ კრიტიკულად აუცილებელი ენერგორესურსი სხვადასხვა ბაზრიდან.

არსებული მონაცემების თანახმად, 2025 წელს ტრანს-ადრიატიკული მილსადენის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის, კერძოდ კი საბერძნეთში განთავსებული კომპრესორული სადგურის მოდერნიზებამ შესაძლებელი გახადა ბუნებრივი აირის უფრო მეტი — წლიურად დაახლოებით მილიარდ 200 მილიონი კუბური მეტრის ოდენობით — ტრანზიტი.

ევროპის სახელმწიფოები ენერგოდამოუკიდებლობასა და ამ მიმართულებით მიმწოდებლების დივერსიფიცირებაზე დაფიქრდნენ მას შემდეგ, რაც უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო, კრემლს კი, ექსპერტების შეფასებით, ენერგორესურსების, კერძოდ ბუნებრივი აირის სახით, ხელში სერიოზული კოზირი ეჭირა.

დაკავშირებული ამბები
აზერბაიჯანს იტალიის პრემიერ-მინისტრი ეწვია პუტინს მშვიდობა „არასდროს სურს“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა Euronews-სთან