გასული წლის აგვისტოში ვაშინგტონის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, ბაქო და ერევანი ურთიერთობების განსამტკიცებლად სხვადასხვა გზას მიმართავენ.
ამჯერად ასეთ ფორმატად სომხეთში, „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტი იქცა. მართალია, აზერბაიჯანის პრეზიდენტი შეხვედრაზე ფიზიკურად არ ჩასულა, თუმცა ილჰამ ალიევი სამიტს ვირტუალურად დაესწრო. კომუნიკაციის დროს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ 2 წელიწადში, ამავე სამიტის ფარგლებში, მიეცემა ბაქოში ჩასვლის შესაძლებლობა.
„ახლა ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან ჩვენს ორ ქვეყანაში მშვიდობის განსამტკიცებლად. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი მონაწილეობს სომხეთში მიმდინარე ღონისძიებაში, თუნდაც ონლაინფორმატში. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ მექნება შესაძლებლობა, ვეწვიო აზერბაიჯანს 2028 წელს, „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ მეათე სამიტზე.
ეს სამიტი მნიშვნელოვანია საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებითაც, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მსოფლიო მზარდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთის რეგიონამდე. თავს უფლებას მივცემ და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი დისკუსიებისა და გადაწყვეტილებების შედეგად, ეს სამიტი იქცევა ისტორიულ მოვლენად, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო სტაბილურობასა და მშვიდობას“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.
ათწლეულების განმავლობაში სამხედრო დაპირისპირებაში მყოფ მეზობელთან, ამჯერად დიპლომატიურ მიღწევებზე ისაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
„ევროპული პოლიტიკური გაერთიანების წევრებს 2028 წლის მაისში, აზერბაიჯანში ვიწვევ. სხვათა შორის, სომხეთმაც დაუჭირა მხარი ჩვენს კანდიდატურას, ეს კი ნათელი დასტურია იმისა, რომ მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რეალურია.
სულ რაღაც 9 თვეა მშვიდობიანად ვცხოვრობთ და სწორედ ასე ვსწავლობთ ცხოვრებასაც. გასული წლის აგვისტოში, ვაშინგტონში, თეთრ სახლში, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას. როგორც ახსენეთ, პრეზიდენტმა ტრამპმაც, როგორც მოწმემ, ასევე მოაწეა ხელი დოკუმენტს. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეიმუშავეს სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი.
მას შემდეგ, რაც დე ფაქტო მშვიდობა მიღწეულ იქნა, აზერბაიჯანმა ცალმხრივი წესით გააუქმა სომხეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სატრანზიტო შეზღუდვა, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისიდან მოქმედებდა. ამ დროისთვის, სომხეთისკენ მიმავალმა 28 000 ტონა ტვირთმა აზერბაიჯანის ტერიტორია გაიარა. ბაქო უფრო შორს წავიდა და ჩვენ პირველად დავიწყეთ ნავთობროდუქტების, ბენზინისა და დიზელის ტიპის საწვავის მიწოდება სომხეთისთვის, რითაც დაიწყო სავაჭრო ურთიერთობები. ამჟამად, უკვე 12 000 ტონა ჩვენ მიერ წარმოებული ნავთობროდუქტისა იქნა ექსპორტირებული სომხეთში.
მშვიდობის კიდევ ერთი მიღწევა არის დაკავშირებადობა. „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ აზერბაიჯანს დააკავშირებს მის ექსკლავთან, ნახჭევანთან. ამას გარდა, ეს მარშრუტი იქნება შუა დერეფნის ნაწილი. სომხეთიც და აზერბაიჯანიც უკვე ხედავენ მშვიდობის პრაქტიკულ სარგებელს“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ილჰამ ალიევის კრიტიკის სამიზნედ იქცა ევროპარლამენტი, რომელთანაც ბაქომ „ანტიაზერბაიჯანული პოლიტიკის“ გამო თანამშრომლობა 1-ელ მაისს გაწყვიტა და ბრიუსელის მთავარი საკანონმდებლო ორგანო „ცილისწამებასა და დისკრედიტაციულ საქმიანობაში“ დაადანაშაულა:
„მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გამოვხატო მადლიერება ევროკომისიისადმი, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებული პოზიციისთვის. სამწუხაროდ, ყველა ევროპული ინსტიტუცია არ ავლენს მსგავს მიდგომას.
2021 წლის მაისიდან, ყარაბაღის მეორე ომის დასრულებიდან ექვს თვეში, 2026 წლის 30 აპრილამდე ევროპარლამენტმა მიიღო 14 რეზოლუცია, რომელიც სავსეა აზერბაიჯანის მისამართით შეურაცხყოფებითა და სიცრუით. მხოლოდ წარმოიდგინეთ - 14 რეზოლუცია ბოლო 5 წელიწადში. ბოლო სულ რაღაც ოთხი დღის წინ, მიზანმიმართულად, სამიტის წინ მიიღეს.“
სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობისთვის ნიკოლ ფაშინიანმა და მისმა სახელისუფლებო გუნდმა საქებარი სიტყვები დაიმსახურეს საფრანგეთის პრეზიდენტისგან.
პანელური დისკუსიის ფორმატში, ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ერევანი მოსკოვისგან დისტანცირებას ცდილობს, რაც სამხრეთკავკასიური სახელმწიფოს ამჟამინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის აქტიური მუშაობის შედეგია:
„სხვათა შორის, ვფიქრობ, გასული წლების განმავლობაში სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის მიერ გაწეული სამუშაო ძალიან შთამბეჭდავია.
მოდით, გულწრფელნი ვიყოთ. 8 წლის წინ არავინ არ ჩამოვიდოდა აქ და ის ფაქტი, რომ ამ ქვეყანაში ბევრი თქვენგანის ვიზიტი პირველად შედგა, ძალიან კარგი გზავნილია, რადგან 8 წლის წინ ეს ქვეყანა, ამ მაგიდის გარშემო მყოფი სხვა სახელმწიფოების მიერ განიხილებოდა როგორც რუსეთის დე ფაქტო სატელიტი.
ნიკოლ ფაშინიანმა მოაწყო ხავერდოვანი რევოლუცია და გადაწყვიტა, თავისი ქვეყანა რუსეთისგან დაეცვა. ამის გამო, ადრეც და ახლაც ის ჯერ კიდევ ყოველდღიური თავდასხმების ქვეშაა. ძალიან ძლიერი გზავნილია ის ფაქტი, რომ მან გადაწყვიტა, არჩევანი გაეკეთებინა მშვიდობისა და ევროპის ირგვლივ.
ომში უკრაინის გაუტეხლობა, სომხეთის სტრატეგია და ის, რაც კეთდება მოლდოვასა და, ასევე, ამ მაგიდის გარშემო მყოფ ქვეყნებში, ასევე არის დასტური იმისა, რომ ჩვენ, როგორც ევროპელებმა, გასული წლების განმავლობაში გადავწყვიტეთ, გამოვფხიზლებულიყავით და არ ვყოფილიყავით დამოკიდებული რომელიმე დიდ ძალაზე. სწორედ ეს არის სტრატეგიული ავტონომიურობის ერთ-ერთი საწინდარი“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
მიმდინარე წლის დასაწყისში, მოსკოვში ვიზიტისას, სომხეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინმა ერთგვარი ულტიმატუმი წამოუყენა, პროევროპული კურსის არჩევის გამო და მიანიშნა, რომ ორ სკამზე ერთდროულად ჯდომა არ გამოვიდოდა.
