რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ დასახულ მიზნებს „ნებისმიერ შემთხვევაში მიაღწევს“.
სერგეი ლავროვის განცხადებით, ეს მიზნები უცვლელი რჩება - დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია - ეს კი იმის გათვალისწინებით, რომ საომარ მოქმედებებს კრემლი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ უკვე მეხუთე წელია აწარმოებს.
რუსი დიპლომატი კვლავ იმეორებს იმ ნარატივს, რომ 2014 წლის თებერვალში, მაიდნის მოვლენების შემდეგ უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, ძალაუფლება კი თითქოსდა „ნაცისტების ხელში აღმოჩნდა“, რამაც უბიძგა მოსკოვს, გაენეიტრალებინა რუსეთისთვის კარგს მომდგარი „საფრთხეები“.
„უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს საფუძვლად უდევს ისტორიული სამართლიანობის აღდგენა. მას შემდეგ, რაც 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ საბჭოთა კავშირი ჩამოყალიბდა და ისტორიულად რუსული მიწები - დასავლეთუკრაინული, ბელარუსული და სხვა ერების მიწები ერთ ქვეყნად ჩამოყალიბდა, დაიწყო ახალი დროება.
ისე აღმოჩნდა, რომ რუსი ერი, რომელიც ყოველთვის ცხოვრობდა ყირიმსა და იმ ტერიტორიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, რომელიც საბოლოოდ აღმოჩნდა უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, საბჭოთა კავშირის სხვადასხვა სუბიექტის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა.
მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, თუმცა როცა ეს მოხდა და რისთვისაც დასავლეთმა საკმაოდ სერიოზული ძალისხმევა გასწია, საზღვრის გარეთ რუსები აღმოჩნდნენ. არავინ აპირებდა რაიმე ხისტი ნაბიჯის გადადგმას, რადგან საბჭოთა კავშირიდან გასვლის შემდეგ უკრაინამ მიიღო დეკლარაცია, რომლითაც გაცხადებული იყო, რომ ქვეყანა საუკუნოდ იქნებოდა უბლოკო, ნეიტრალური და უბირთვო სახელმწიფო, ასევე მიღებული იყო ეთნიკური უმცირესობებისა და რუსების ინტერესებისა და უფლებების დაცვის პოლიტიკა. თუკი ეს ფიცი შესრულებული იქნებოდა, ალბათ არავინ არ შეუშლიდა ხელს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, რადგან მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის რუსებისა და რუსულენოვანი მოსახლეობის ენობრივი და საგანმანათლებლო უფლებების აღდგენა.
მეორე ამოცანა არის, არ დავუშვათ, რომ 2014 წლის თებერვლის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, ნაცისტების მიერ ხელში ჩაგდებული უკრაინისგან შეიქმნას მუდმივი საფრთხე პირდაპირ რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან.
წარმოიდგინეთ - ჩვენი ის გეოპოლიტიკური სივრცე, რომელიც ყოველთვის იყო რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის ნაწილი, უცებ აღმოჩნდა საზღვრებს გარეთ, იქ გადაწყვიტეს სამხედრო ბაზების შექმნა, 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად შექმნილი უკრაინის იარაღით გატენვა და მისი წაქეცება რუსეთის საწინააღმდეგოდ. ჩვენი მიზანი ისაა, რომ არ დავუშვებთ უკრაინის მილიტარიზაციასა და ნაციფიკაციას. ჩვენ ვაღიარეთ უკრაინა როგორც უბირთვო, უბლოკო და ნეიტრალური სახელმწიფო, თუმცა არ გვიღიარებია ისეთი ქვეყანა, რომელსაც ახლა ნატოში ითრევენ...
ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მივაღწევთ ჩვენს მიზნებს, თუმცა ახლა, როცა ზოგიერთი ევროპული პერსონაჟი, რომელიც თავს პოლიტიკოსად მიიჩნევს, იწყებს საუბარს, რომ ალბათ რაღაც ეტაპზე დაიწყებს რუსეთთან მოლაპარაკებებს ეს აჩვენებს ერთ რამეს - მათ არ შეუძლიათ, გახედონ ჰორიზონტს... გერმანიაში ნაცისტური სული იღვიძებს. ამ ქვეყანას კვლავ უნდა თავისი ფრთის ქვეშ მოაქციოს მთელი ევროპა. ნაცისტური დროშა უკვე გადასცეს ხელში ზელენსკის. ყველაფერი მეორდება. სათანადოდ არავის უსწავლია ისტორიიდან გაკვეთილები“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჩინურ მედიაგამოცემასთან საუბრისას, სერგეი ლავროვმა არაერთხელ შეადარა უკრაინის საკითხი ტაივანისას და თქვა, რომ როგორც ჩინეთისთვის არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინტერესების დაცვა, ისეთივე მიზნები აქვს რუსულ მხარესაც.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოსკოვი ყოველთვის ღია არის მოლაპარაკებებისთვის. მისივე მტკიცებით, რუსული მხარე უკრაინაში არ იყენებს იმ საშუალებებს, რისი შესაძლებლობაც აქვს, რადგან „არ სურს გადამეტებული ზიანი მიაყენოს ტერიტორიებს, სადაც მათი ხალხი ცხოვრობს“.
