კატეგორიები

ბრაზილია მერკოსურის შეთანხმებაში კოლუმბიის შემოერთებაზე მუშაობს

ბრაზილია მერკოსურის შეთანხმებაში კოლუმბიის შემოერთებაზე მუშაობს
Copyright AP

პრეზიდენტი ლუიზ ინასიო ლულა და სილვას განცხადებით, ბრაზილია მერკოსურის შეთანხმებაში კოლუმბიის შემოერთებაზე მუშაობს. ამის სათქმელად ქვეყნის ლიდერმა ბრაზილიის დედაქალაქში გამართული ცერემონია გამოიყენა, სადაც ხელი მოაწერა ევროკავშირსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის დეკრეტს.

იმგვარი კონტინენტთაშორისი შეთანხმება, როგორიც მერკოსურია, რეგიონულ და საერთაშორისო თანამშრომლობას უფრო მაღალ დონეზე აყენებს, მით უმეტეს, რომ ბოლო განცხადებების მიხედვით, მას შესაძლოა ლათინური ამერიკის სხვა წარმომადგენლებიც შეემატონ.

„მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო ის ზომა, რაც მიიღო და ცალმხრივად დააკისრა სანქციები მთელ მსოფლიოს, ევროკავშირისა და ბრაზილიის პასუხი მსოფლიოსადმი ნათელი გახდა — ჩვენ ვაჩვენეთ, რომ არაფერია დემოკრატიისადმი რწმენაზე, მულტილატერალიზმსა და ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებზე უკეთესი. ჩვენ ვმუშაობთ, რომ კოლუმბია მერკოსურის ქვეყნების სიას შეემატოს და შესაძლოა უკვე ხვალ ბლოკი კიდევ ახალი ქვეყნით გავზარდოთ, რადგან საერთაშორისო ვაჭრობაში ინდივიდუალური გზა არ არსებობს“, — აღნიშნა ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ.

ე.წ. მერკოსურის შეთანხმება თავის დროზე ბრაზილიის, არგენტინის, ურუგვაისა და პარაგვაის მიერ დაფუძნდა და ის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნას გულისხმობდა. ბლოკს 2012 წელს ვენესუელა შეუერთდა, თუმცა წევრებისთვის გათვალისწინებული წესების უგულვებელყოფის გამო მალევე გაირიცხა. წევრობის რატიფიცირების პროცესს გადის ბოლივიაც, რომელსაც ბლოკის რეგულაციებთან მოსარგებად 4 წელი აქვს.

25-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ ევროკავშირსა და მერკოსურის ქვეყნებს შორის ახალი სავაჭრო შეთანხმება მას შემდეგ გაფორმდა, რაც თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნებისა და მსოფლიოს ქვეყნებისთვის დაკისრებული სანქციების შემდეგ სახელმწიფოებმა ტარიფების შემცირების, იმპორტის გაზრდისა და მოქნილი ეკონომიკური მექანიზმების აუცილებლობა დაინახეს. ამით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავისუფალი ვაჭრობის ზონა შეიქმნება. თანამშრომლობა ორ რეგიონს შორის ვაჭრობის განვითარებასა და 700 მილიონზე მეტი ადამიანისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს.

ახალი გარიგება კარგი შესაძლებლობაა ევროპული მრეწველობისა და გეოსტრატეგიული პოზიციების გამყარებისთვის, განსაკუთრებით ყველაზე დიდ და აქამდე სანდო საყრდენთან — აშშ-სთან — ცვალებადი ურთიერთობების ფონზე.

დაკავშირებული ამბები
ბრაზილია მერკოსურის შეთანხმებაში კოლუმბიის შემოერთებაზე მუშაობს ბრაზილიის მინას-ჟერაისის შტატში, წყალდიდობის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა