ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. მოსკოვისკენ თეირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კვირა ღამით გაემართა. ამას წინ ამერიკული მხარის მიერ ისლამაბადში მოლაპარაკებებისთვის დაგეგმილი ვიზიტის გაუქმება უძღოდა.
თეთრი სახლის თანახმად, შაბათს პაკისტანის დედაქალაქში თეირანის დელეგაციასთან შესახვედრად დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უნდა ჩასულიყვნენ. თუმცა მოგვიანებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვიზიტი გააუქმა, რადგან „უსარგებლო საუბრებში დროის დაკარგვას აზრი არ ჰქონდა“. ირანის სახელმწიფო მედიამ კი მანამდე განაცხადა, რომ პირდაპირი მოლაპარაკებები საერთოდ არ იგეგმებოდა.
„მათ მოგვცეს დოკუმენტი, რომელიც უკეთესი უნდა ყოფილიყო. საინტერესოა, რომ ვიზიტის გაუქმებიდან ათ წუთში ახალი, ბევრად უკეთესი წინადადება მივიღეთ“, — განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან.
დონალდ ტრამპმა დაგეგმილი ვიზიტის გაუქმების გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ პაკისტანის დედაქალაქამდე მანძილი შორია. მისი თქმით, ამ პროცესში „ყველა კოზირი“ ვაშინგტონს უჭირავს და თუკი თეირანის წარმომადგენლებს საუბარი უნდათ, ამერიკელებთან თავად უნდა მივიდნენ.
„ჩვენი ხალხი უკან გამოვიძახე. ფრენა დაახლოებით 17 საათს გრძელდება. ჩვენ პაკისტანის ფელდმარშალსა და პრემიერ-მინისტრს დიდ პატივს ვცემთ — ისინი მართლაც კარგი ადამიანები არიან. მაგრამ, იცით, ეს 17-18-საათიანი ფრენაა. ვიკითხე, როდის უნდა გამართულიყო ეს შეხვედრა? სამშაბათს, მაშინ როცა შაბათი იყო. ისინი უკვე გზაში იყვნენ და იქამდე ჩასვლას კიდევ მრავალი საათი სჭირდებოდა. მე ვთქვი — ამას აღარ გავაკეთებთ. ყველა კოზირი ჩვენს ხელშია. თუ მათ საუბარი სურთ, შეუძლიათ ჩვენთან მოვიდნენ ან დაგვირეკონ. ტელეფონი არსებობს“, — განაცხადა დონალდ ტრამპმა Fox News-თან საუბრისას.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი პარასკევსა და შაბათს ისლამაბადში პაკისტანის არმიის მეთაურს, ასიმ მუნირს, პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფსა და საგარეო საქმეთა მინისტრ იშაქ დარს შეხვდა. მოგვიანებით მან ქვეყანა დატოვა, თუმცა კვირას, მოსკოვში გამგზავრებამდე, პაკისტანში კვლავ დაბრუნდა.
არაღჩიმ შაბათს თავისი ვიზიტი „ძალიან ნაყოფიერად“ შეაფასა, თუმცა ვაშინგტონის განზრახვებთან დაკავშირებით სკეპტიციზმი გამოთქვა და განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არ არის ცხადი, „არის თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება დიპლომატიისადმი ნამდვილად სერიოზული“.
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს (ISNA) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თეირანმა ამერიკის შეერთებულ შტატებს პაკისტანელი შუამავლების მეშვეობით „წერილობითი გზავნილები“ გადასცა. ეს გზავნილები, სააგენტოს თანახმად, „ირანის ისლამური რესპუბლიკის ზოგიერთ წითელ ხაზს, მათ შორის ბირთვულ საკითხებსა და ჰორმუზის სრუტეს“ ეხებოდა და მოლაპარაკებების ნაწილს არ წარმოადგენდა.
ამასობაში ჰორმუზის სრუტე კვლავ ჩაკეტილია და მისი გახსნის ნიშნები არ ჩანს. „ჰორმუზის სრუტის კონტროლი და შემაკავებელი ეფექტის შენარჩუნება ამერიკისა და მისი რეგიონული მხარდამჭერების წინააღმდეგ ირანის სტრატეგიაა“, — ვკითხულობთ ირანის რევოლუციური გვარდიის მიერ Telegram-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
პასუხად ამერიკის შეერთებული შტატები ირანის პორტების ბლოკადას აგრძელებს.
