F-16-ის ტიპის 24 ერთეული ავიაგამანადგურებლის შესყიდვასთან დაკავშირებული შეთანხმების დროებით შეჩერებამ პერუში ისედაც არსებული პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო მეტად გაამწვავა.
თანამდებობები დატოვეს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზაზე ეს გადაწყვეტილება უკან გადადგმული ნაბიჯია. მათივე განმარტებით, არაერთხელ ეცადნენ ხოსე მარია ბალკასარის გადარწმუნებას, თუმცა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო.
სამხრეთამერიკული ქვეყნის დროებითი პრეზიდენტის მტკიცებით, შეთანხმება გადავადებულია და არა გაწყვეტილი. მისივე თქმით, როგორც ამ თანამდებობაზე მოვალეობის დროებით შემსრულებელს, საკმარისი ლეგიტიმაცია არ გააჩნია, საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა ავიაგამანადგურებლების შესასყიდად საჭირო პროცედურების ბოლომდე მისაყვანად.
„ყოველთვის ვამბობდით, რომ F-16-ის ტიპის თვითმფრინავების შესყიდვა უნდა გადაიდოს, რათა მომდევნო ხელისუფლებამ შეძლოს მათი საფასურის გადახდა, ანუ მომდევნო ადმინისტრაციას ჰქონდეს ამის შესაძლებლობა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით ჩამოყალიბდება.
არასდროს გვქონია მიდრეკილება, ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონფრონტაციაში შევსულიყავით, რადგან მათთან მრავალი წლის განმავლობაში ვინარჩუნებთ მჭიდრო სავაჭრო, დიპლომატიურ თუ სხვა სახის ურთიერთობებს და ასეც უნდა გაგრძელდეს.
მე არ მიმიღია მონაწილეობა ამ მოლაპარაკებებში, ამიტომ სიცრუეში ვერ დამადანაშაულებთ. მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ახალმა მთავრობამ, რომელიც არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდება, უნდა შეასრულოს მანამდე გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მეტი არაფერი.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩემი განცხადებების შინაარსის შეცვლა მიუღებელია. ვფიქრობ, უნდა ვიმოქმედოთ გონივრულად, მათ შორის შესყიდვებთან დაკავშირებითაც, რათა საკმარისი სახსრები გვქონდეს ასეთი მწვავე მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად“, — განაცხადა პერუს დროებითმა პრეზიდენტმა, ხოსე მარია ბალკასარმა.
პერუს დროებითი ხელმძღვანელობის ნაბიჯს ქვეყანაში აშშ-ის ელჩმა, ბერნი ნავარომ, უპასუხა და თქვა, რომ თუკი პერუ „არაკეთილსინდისიერად მოეპყრობა მოლაპარაკებების პროცესსა“ და „შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს“, რითაც ძირს გამოუთხრის ვაშინგტონის ინტერესებს, მაშინ გამოყენებული იქნება შესაბამისი ნაბიჯები, რაზეც დიპლომატს დეტალურად არ უსაუბრია.
„აშშ და პერუ 200 წელია ერთმანეთისადმი მეგობრულ დამოკიდებულებას ინარჩუნებენ და მხარეებს აკავშირებთ ხანგრძლივი პარტნიორობა თავდაცვის სფეროში.
სტიქიურ უბედურებებთან გამკლავებასთან დაკავშირებული ეროვნული პროგრამით დაწყებული, ამერიკა პერუს მხარდამხარ მუშაობდა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ოპერაციაში, ერთობლივ სამხედრო სწავლებებსა და ბევრ სხვა მიმართულებით, ჩვენს ნახევარსფეროში მეტი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ დასავლეთი ნახევარსფერო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის პრიორიტეტულია და ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მხრივ მეტი დაინტერესება გამოვხატეთ. პერუს საკვანძო როლი აკისრია ჩვენი საერთო მიზნების მიღწევაში, რაც მოიცავს მეტად უსაფრთხო, ძლიერ და კეთილდღეობით აღსავსე რეგიონის შექმნას.
მიმდინარე წლის დასაწყისში პრეზიდენტმა ტრამპმა კეთილსინდისიერად შეიყვანა პერუ იმ წამყვანი მოკავშირეების სიაში, რომლებიც არ არიან ნატოს წევრი ქვეყნები. ეს არის პერუსადმი ამერიკის შეერთებული შტატების სერიოზული დამოკიდებულების დემონსტრირება.
მომწოდებელ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები მოიცავს დროის შეზღუდულ მონაკვეთს, რის შემდეგაც დანახარჯები იზრდება.
ამჟამად თითოეულ ასეთ შეფერხებასა თუ დაყოვნებას ხარჯების ზრდამდე მივყავართ. იგივე პაკეტი აღარ იქნება ხელმისაწვდომი ორ თვეში ან თუნდაც ორ კვირაში, მომწოდებელთა მხრიდან დანახარჯებისა და სხვა ქვეყნებისგან მაღალი დაინტერესების გამო, გლობალურად არსებული დინამიური კონტექსტის გათვალისწინებით“, — წერს პერუში აშშ-ის საელჩო.
2024 წელს პერუს იმდროინდელმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 3 მილიარდ 500 მილიონ დოლარს გამოყოფს 24 ერთეული ამერიკული F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავის შესასყიდად. მაშინ სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობისას დაინტერესება გამოხატეს შვედურმა და ფრანგულმა კომპანიებმაც, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ამერიკულზე შეჩერდა, მაღალი სანდოობის არგუმენტით.
სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საჰაერო საბრძოლო ხომალდების შესყიდვა ჭიანურდება პერუში არსებული მწვავე პოლიტიკური კრიზისის გამო. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანამ 8 პრეზიდენტი შეიცვალა და ამჟამინდელიც დროებით ასრულებს უმაღლესი მთავარსარდლის მოვალეობას.
ექსპრეზიდენტების უმრავლესობა კორუფციული გარიგებების გამო გადააყენეს, ნაწილი კი საპატიმროშია.
12 აპრილს პერუში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, სადაც ხმის მიცემის პროცესში შეფერხება წარმოიშვა. საბოლოო შედეგები ჯერაც უცნობია, თუმცა ცნობილია მხოლოდ ის, რომ კენჭისყრის ყუთებთან ადგილობრივ მოსახლეობას მეორე ტურზე, 7 ივნისს მოუწევს მისვლა.
