თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება მზარდი რუსული აგრესიის, გაუარესებული ტრანსატლანტიკური კავშირების, ევროპისადმი აშშ-ის ერთგულების მაჩვენებლის შემცირებისა და დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე — გდანსკში პოლონეთისა და საფრანგეთის ლიდერების შეხვედრა მსოფლიოსთვის აქტუალური საკითხების განხილვითა და მათი გადაჭრის გზებზე საუბრით წარიმართა.
დონალდ ტუსკი და ემანუელ მაკრონი თანხმდებიან, რომ ნატოს წევრ ორ სახელმწიფოს შორის კავშირების განმტკიცებას ბევრი დადებითი შედეგი მოჰყვება საერთო ევროპული კეთილდღეობისთვის. ამ მხრივ, მხარეები გულისხმობენ ბირთვული შეკავების, სამხედრო თანამგზავრების, თავდაცვითი ინდუსტრიის განვითარებას, ასევე ერთობლივი წვრთნების ჩატარებასა და სადაზვერვო ინფორმაციის მიმოცვლას.
„ჩვენი შეხვედრა არის ნოემბერში, პოლონეთსა და საფრანგეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმების შედეგი. ორივე სახელმწიფო ვართ ერთგულნი, მაქსიმალურ შესაძლებლობამდე განვავითაროთ პოლონურ-ფრანგული ურთიერთობები. გმადლობთ, რომ ამ რთულ და გაურკვეველ ვითარებაში შეძელით და გამონახეთ დრო ერთობლივი მუშაობისთვის.
ვიზიარებთ ერთიან ხედვას გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე. ვიზიარებთ აბსოლუტურად ერთნაირ ხედვას არსებულ გეოსტრატეგიულ არასტაბილურობაზე და ასევე ვიზიარებთ ზუსტად ერთნაირ გაგებას ევროპისა და ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის განმტკიცების აუცილებლობაზე.
განსაკუთრებით გვსურს, არ შევწყვიტოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი, რომელიც აგრესიას ებრძვის. რადგანაც ჩვენ ვზრუნავთ ტრანსატლანტიკურ კავშირებზე, მოხარული ვარ, რომ ორივე ვიზიარებთ საერთო ხედვას და მხარს ვუჭერთ ამ ურთიერთობების მაქსიმალურ დონეზე აყვანას.
ამავდროულად, არც ერთი ჩვენგანი არ არის ილუზიაში. მსოფლიო შეიცვალა და ევროპას ამ რთულ დროს ესაჭიროება მაქსიმალური ერთიანობის შენარჩუნება — იქნება ეს უკრაინისადმი დახმარება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა აღმოსავლეთის ფლანგზე, თანამშრომლობა კოსმოსის, თანამედროვე ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში.
დიახ, ევროპამ უნდა ირწმუნოს საკუთარი ძალისა და შესაძლებლობების, რადგან ამას ჩვენ ნაცვლად არავინ გააკეთებს. თუ ჩვენ თავად არ უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას, ამას სხვა არავინ იზამს“, — განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბულობა და ჰორმუზის სრუტის ბლოკადა უარყოფითად აისახება როგორც საფრანგეთზე, ისე პოლონეთზე, რადგან კომერციული გემებისა და ნავთობტანკერებისთვის დაკეტილი სტრატეგიული საზღვაო მარშრუტი ამ ორი ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც აისახება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს პრობლემა გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ფინანსური წნეხი.
19 აპრილს ჰორმუზის სრუტეში ფრანგული კონტეინერმზიდი ირანული თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა, თუმცა ემანუელ მაკრონის განცხადებით, ეს არ ყოფილა მიზანმიმართული ქმედება პარიზის წინააღმდეგ, ამიტომ მომხდარმა არ უნდა შეუწყოს ხელი ვითარების ესკალაციას.
„ირანის ხელისუფლებასა და გადამზიდ კომპანიებს, ასევე ირანის სადაზვერვო სამსახურებსა და სხვადასხვა ჩართულ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების შემდეგ — რადგან ამ კონფლიქტში ჩაებნენ მალტა, ინდოეთი და სხვები — რამდენიმე ტანკერმა და კონტეინერმზიდმა დაიწყო ჰორმუზის სრუტის დატოვება, როგორც ეს ბოლო კვირების განმავლობაში ხდებოდა.
სავარაუდოა, რომ ჰორმუზის სრუტის მიზანმიმართული ბლოკადის შენარჩუნების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილების შემდეგ ირანის ხელისუფლებამ შეცვალა თავისი პოზიცია.
ვფიქრობ, ეს ორივე მხარის შეცდომა იყო. შემდეგ მათ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთეს და გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელეს, რამაც ხომალდებს უკან დახევისკენ უბიძგა. ისინი მართლები იყვნენ და ფრანგული მხრიდან არანაირი დაზიანება არ ყოფილა, არც დაშავებულები გვყავს.
ამ ყველაფერმა არათუ ესკალაციამდე არ უნდა მიგვიყვანოს, არამედ გასულ პარასკევს მიღწეულის კონსოლიდაციისკენ უნდა მიგვიყვანოს, ანუ ჰორმუზის სრუტის უპირობო გახსნა, შერჩევისა და გადასახადის გარეშე“, — განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
სწორედ ჰორმუზის სრუტე და ახლო აღმოსავლეთის ომი გახდა დიდი ხნის მოკავშირე ევროპასა და აშშ-ს შორის ურთიერთობების ჩიხში მოქცევის მიზეზი. დონალდ ტრამპმა ნატოელ მოკავშირეებს „მშიშრები“ უწოდა, თავად სამხედრო ალიანსს კი — „ქაღალდის ვეფხვი“, რითაც გამოხატა უკმაყოფილება იმის თაობაზე, რომ მისი წევრები არ შეუერთდნენ ვაშინგტონისა და თელ-ავივის სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ.
ამავდროულად, ევროპული კონტინენტისთვის არსად გამქრალა მოსკოვისგან მომდინარე საფრთხეები და უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესია, რომელიც ნამდვილი თავის ტკივილია ვარშავისთვის.
პოლონეთი არაერთხელ გამხდარა რუსული უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე, რომელთა ნაწილის გადაჭერა კიევმა შეძლო ბოლო ოთხ წელში დაგროვილი გამოცდილებით.
