ბულგარეთში ბოლო ხუთ წელიწადში მერვე საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა ევროპისთვის ისევ ის საფრთხეები გააჩინა, რამაც, ერთი კვირით ადრე, უნგრეთში ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობის დასრულებამ გარკვეულწილად გააქრო.
ვადამდელი კენჭისყრის მონაცემების დათვლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ პოლიტიკურ რბოლაში ქვეყნის ექსპრეზიდენტის, რუმენ რადევის მემარცხენე პარტიამ გაიმარჯვა, რომელიც ექსპერტების მიერ ევროსკეპტიკოსად და პრორუსული პოლიტიკის გამტარებლად ითვლება.
საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერი სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმშიც მონაწილეობდა და ვლადიმერ პუტინისა და მისი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც პირისპირ ხვდებოდა.
„უნდა იცოდეთ, რომ ბულგარეთი ჩადებს ძალისხმევას საკუთარი ევროპული გზის გასაგრძელებლად, თუმცა, დამიჯერეთ, ძლიერ ბულგარეთსა და ძლიერ ევროპას სჭირდებათ კრიტიკული აზროვნება და პრაგმატულობა. ეს კი იმიტომ, რომ ევროპა გახდა საკუთარი მისწრაფებების მსხვერპლი, იყოს მორალური ლიდერი წესების გარეშე სამყაროში.
ამიტომ ახლა ევროპას კვლავ სჭირდება კრიტიკული აზროვნების უნარი, პრაგმატული ქმედებები და კარგი შედეგები, განსაკუთრებით უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბებისას და მეტი ძალისხმევა კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით. საკუთარ ევროპულ მისიაში ეს იქნება ბულგარეთის მთავარი ძალისხმევა“, — განაცხადა ბულგარეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და პარტიის „ბულგარეთის პროგრესული პარტიის“ ლიდერმა, რუმენ რადევმა.
პრეზიდენტობის დროსაც და მიმდინარე წლის იანვარში, თანამდებობის დატოვების შემდეგაც, რუმენ რადევის პოლიტიკური პოზიცია საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ექცეოდა.
ის ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, რადგან, მისივე მტკიცებით, ეს ბულგარეთის ომში ჩართვას გულისხმობდა, ხოლო კონფლიქტის ესკალაციის ნაცვლად ის მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის მომხრე იყო, ევროკავშირის პოზიციას კი მუდმივად აკრიტიკებდა.
რუმენ რადევისთვის არც წინასაარჩევნო კამპანიას ჩაუვლია ხმაურის გარეშე. ოპონენტებმა არაერთხელ დაგმეს მისი პოლიტიკური ნაბიჯები და სკანდალური განცხადებები, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თითქოს „ყირიმი რუსეთის ნაწილია“. მაშინ რუმენ რადევმა ამას „რეალისტური პოზიცია“ უწოდა.
ექსპრეზიდენტის მთავარი ოპონენტი, ქვეყნის ყოფილი კონსერვატორი მმართველი ბოიკო ბორისოვი, რადევისგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებისაა და ემხრობა ევრობლოკის გაძლიერებას, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერის გზით.
„კიდევ ერთხელ მინდა დაგიმტკიცოთ ჩვენი მტკიცე პოზიცია უკრაინასთან, ევროკომისიასა და ევროპარლამენტთან დაკავშირებით. ჩვენ ვიბრძვით ძლიერი ევროპისთვის და ძლიერი ბულგარეთისთვის ძლიერ ევროპაში“, — განაცხადა ოპოზიციური პარტიის, „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“ ლიდერმა, ბოიკო ბორისოვმა.
ბულგარეთი ევროკავშირის ყველაზე ღარიბი სახელმწიფოა, რასაც ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი ადასტურებს. ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერც ევროს ვალუტის შემოღებამ შეუწყო ხელი — ექსპერტები არსებულ ვითარებას ბულგარეთში გამეფებულ კორუფციასა და ნეპოტიზმს უკავშირებენ.
2021 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში ხელისუფლება რამდენჯერმე შეიცვალა. პოლიტიკურმა კრიზისმა არაერთხელ გადაინაცვლა ქუჩებში, სადაც მასშტაბური ანტიკორუფციული დემონსტრაციები მიმდინარეობდა.
ამ ფონზე რუმენ რადევმა საპრეზიდენტო თანამდებობა დატოვა და მოგვიანებით განაცხადა საკუთარი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც, როგორც ჩანს, ქვეყნის მართვის სადავეებს ჩაიბარებს — რამდენი ხნით, რთული სათქმელია, თუმცა ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსის განცხადებების მიხედვით, მისი მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ევროკავშირში უკრაინასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ხელის შემშლელი უნგრეთის ნაცვლად, შესაძლოა, ბულგარეთი იქცეს.
