კატეგორიები

რომი მიუღებლად მიიჩნევს პაპის მიმართ დონალდ ტრამპის კრიტიკას

რომი მიუღებლად მიიჩნევს პაპის მიმართ დონალდ ტრამპის კრიტიკას
Copyright AP
დონალდ ტრამპის სიტყვიერი თავდასხმის შემდეგ რომის პაპს, ლეო XIV-ს, სოლიდარობა იტალიის პრემიერ-მინისტრმა გამოუთქვა. ჯორჯა მელონი მიუღებლად მიიჩნევს აშშ-ის პრეზიდენტის ბოლო განცხადებას, რომლითაც მან პონტიფიკოსი შეაფასა და მოგვიანებით ნათქვამის გამო ბოდიშის მოხდაზეც უარი თქვა.

იტალიის პოლიტიკური ლიდერი მიიჩნევს, რომ კათოლიკური ეკლესიის მეთაურისთვის ომის საწინააღმდეგო და სამშვიდობო გზავნილები აბსოლუტურად ნორმალურია და ამის გამო ის კრიტიკის სამიზნე არავის მხრიდან არ უნდა გახდეს.

„ამგვარი განცხადებები პონტიფიკოსთან მიმართებით მიუღებელია. მე უკვე გამოვთქვი საკითხთან დაკავშირებით ჩემი აზრი და იგივეს გავაგრძელებ — კერძოდ, სოლიდარობას ვუცხადებ პაპ ლეოს. მეტსაც გეტყვით: გულწრფელად რომ გითხრათ, თავს ვერ ვიგრძნობდი მშვიდად იმ საზოგადოებაში, სადაც რელიგიური ლიდერები აკეთებენ იმას, რასაც მათ პოლიტიკური ლიდერები კარნახობენ. ყოველ შემთხვევაში, მსოფლიოს ამ ნაწილში ასეა. სწორედ ამიტომ არ ვეთანხმები ამას და ეს აღვნიშნე კიდეც“, — აღნიშნა ჯორჯა მელონიმ.

პაპი ლეოს წინააღმდეგ დონალდ ტრამპის მკაცრ კრიტიკას პონტიფიკოსის გზავნილები უძღოდა წინ, რომლითაც სასულიერო პირი კონფლიქტებით სავსე სამყაროში იარაღის გვერდით გადადებისა და მშვიდობის მიღწევის აუცილებლობაზე საუბრობდა. მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი არასოდეს ყოფილა მისი ქადაგების პირდაპირი ადრესატი, აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკული წარმოშობის პირველ პაპს სუსტი უწოდა და მისი კათოლიკური ეკლესიის მეთაურად დანიშვნაც საკუთარ თავზე მიიწერა. ვატიკანსაც ის საფრთხე შეახსენა, რომელსაც, მისი თქმით, კათოლიკური ეკლესია COVID-19-ის პანდემიისას ქმნიდა, როდესაც აკრძალვების მიუხედავად საეკლესიო მსახურებას აგრძელებდა. ამასთან, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ პაპი ირანისთვის ბირთვული იარაღის ქონაში ცუდს ვერაფერს ხედავს, რასაც თავად არ ეთანხმება და თავს უფლებას აძლევს, ის მკაცრად გააკრიტიკოს.

„ჩვენ არ მოგვწონს პაპი, რომელიც ამბობს, რომ ნორმალურია ბირთვული იარაღის ქონა. არ გვსურს პაპი, რომლისთვისაც ქალაქებში კრიმინალი ნორმალური რამაა. მე ეს არ მომწონს, ამიტომ პაპი ლეონის დიდი ფანი არ ვარ. ის ძალიან ლიბერალური ადამიანია და მას არ აქვს დანაშაულის შეჩერების რწმენა“, — თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თავად პონტიფიკოსი ამჟამად აფრიკულ ტურშია — ალჟირში, კამერუნში, ანგოლასა და ეკვატორულ გვინეაში. დონალდ ტრამპთან დებატებში შესვლა არ ისურვა, თუმცა აღნიშნა, რომ არანაირი შიში არ აქვს გაავრცელოს სახარების გზავნილები და ეკლესია სწორედ ამას ემსახურება.

„მე გამოვთქვი ეკლესიის გზავნილი, ჩემი გზავნილი სახარებიდან: ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი. საკუთარ როლს არ განვიხილავ როგორც პოლიტიკურს — მე არ ვარ პოლიტიკოსი. მე არ მსურს მასთან დებატებში შესვლა. არ ვთვლი, რომ სახარებისეული გზავნილი იმისთვის არსებობს, რომ ზოგიერთმა ადამიანმა ბოროტად გამოიყენოს ის. მე ომის წინააღმდეგ ხმამაღლა საუბარს გავაგრძელებ — მშვიდობის, დიალოგისა და სახელმწიფოებს შორის მრავალმხრივი ურთიერთობების სასარგებლოდ, რათა პრობლემები გადაიჭრას. დღეს მსოფლიოში ზედმეტად ბევრი ადამიანი იტანჯება, ბევრი უდანაშაულო ადამიანია მოკლული. შესაბამისად, ვფიქრობ, ვინმე უნდა აღუდგეს ამას და უნდა თქვას, რომ არსებობს უკეთესი გზა საქმეების მოსაგვარებლად“, — აღნიშნა პონტიფიკოსმა.

პაპი ლეო XIV-ის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების შემდეგ პონტიფიკოსს სოლიდარობა არაერთმა ლიდერმა გამოუცხადა. საგულისხმო იყო ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშკიანის გზავნილიც, რომელმაც სხვების მსგავსად დონალდ ტრამპი იმ ფოტოსურათისთვისაც გააკრიტიკა, რომელშიც პრეზიდენტი იესო ქრისტეს განასახიერებდა. აშშ-ის პრეზიდენტმა მოგვიანებით ეს იმით განმარტა, რომ ის წითელი ჯვრის ექიმს განასახიერებდა, რომელიც მსოფლიოს „მკურნალობს“, და მედია არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულა.

დაკავშირებული ამბები
რომი მიუღებლად მიიჩნევს პაპის მიმართ დონალდ ტრამპის კრიტიკას იტალიამ ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს სიცილიის ავიაბაზაზე დაჯდომის უფლება არ მისცა