კატეგორიები

Artemis II-ის ეკიპაჟი მთვარეზე წარმატებული შემოვლის შემდეგ შინ ბრუნდება

Artemis II-ის ეკიპაჟი მთვარეზე წარმატებული შემოვლის შემდეგ შინ ბრუნდება
Copyright AP
Artemis II-ის ეკიპაჟი მთვარეზე წარმატებული შემოვლისა და კაცობრიობის ისტორიაში კოსმოსში ყველაზე შორს გასვლის შემდეგ დედამიწისკენ ბრუნდება.

შინ დაბრუნებისთვის „ორიონი“ დედამიწისა და მთვარის გრავიტაციას იყენებს. ამან საწვავის დაზოგვა უზრუნველყო და ასტრონავტები ავტომატურად დააყენა დედამიწისკენ კურზე მას შემდეგ, რაც ორშაბათ საღამოს მათ მთვარის ადამიანისთვის აქამდე უცნობ მხარეს შემოუარეს.

ჰიუსტონის მახლობლად მდებარე ჯონსონის სახელობის ნასას კოსმოსურმა ცენტრმა ეკიპაჟთან კავშირი სიგნალის დაკარგვიდან დაახლოებით 40 წუთში აღადგინა. ეს მაშინ მოხდა, როცა „ორიონი“ დედამიწის პირდაპირი ხედვის ხაზიდან გავიდა და მთვარეს მიეფარა.

„როცა მთვარის უკანა მხარეს ვიყავით და დედამიწასთან კავშირი არ გვქონდა, ამას ყველა ვიაზრებდით. ეს მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. დავინახეთ, როგორ გაქრა დედამიწა, მაგრამ სამეცნიერო სამუშაოებით იმდენად  ვიყავით დაკავებულები და ისე ვენდობოდით ჩვენს ხომალდსა და მისიის მართვის ცენტრს, რომ სრულიად მშვიდად ვიყავით და უბრალოდ ჩვენს საქმეს ვაკეთებდით. ვცდილობდით, მთვარის უკანა მხარეს ყოფნისას, რაც შეიძლება მეტი სამეცნიერო მონაცემი შეგვეგროვებინა“, - თქვა მისიის სპეციალისტმა, ჯერემი ჰანსენმა ხომალდიდან.

„როგორც კი დედამიწასთან კავშირი დავკარგეთ, ორცხობილები მივირთვით ნეკერჩხლის კრემით. დაახლოებით 30 წამით შევიკრიბეთ, ორცხობილები ვჭამეთ და  მეცნიერებას დავუბრუნდით. საჭირო იყო, ეს მომენტი შეგვეგრძნო და პატივი მიგვეგო იმისთვის, რომ მთვარის უკან მოვექეცით და დედამიწასთან კავშირი დავკარგეთ. ეს ეკიპაჟისთვის ძალიან უცნაური და თითქმის არარეალური მომენტი იყო“, - აღნიშნა ხომალდის მეთაურმა, რიდ უაიზმენმა.

„რა სწრაფად გავიდა დრო. საერთოდ არ ვარ მზად სახლში დაბრუნებისთვის. ვერ ვიჯერებ, რომ ასეთ შეზღუდულ სივრცეში დრო შესაძლოა ასე სწრაფად გავიდეს და მაინც ყოველი წუთი სასიამოვნო იყოს“, - თქვა მისიის სპეციალისტმა კრისტინა კოხმა.

ვიდრე Artemis II-ის ეკიპაჟი მთვარის უკან აღმოჩნდებოდა, მან 1970 წელს Apollo 13-ის მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა და 6 606 კილომეტრით გადააჭარბა იმ დისტანციას, რომლითაც პროგრამა Apollo-ს მისია თითქმის ექვსი ათეული წლის წინ დედამიწას გასცდა. „ორიონი“ მშობლიურ პლანეტას 406,778 კილომეტრით დაშორდა.

კავშირის აღდგენის შემდეგ ასტრონავტებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაურეკა. მან Artemis II-ის ეკიპაჟს ისტორიის შექმნა მიულოცა და უთხრა, რომ მათი მიღწევებით მთელი ამერიკა ამაყობს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ აღვმართავთ ჩვენს დროშას. და ამჯერად, არსად წავალთ. ჩვენი ნაკვალევი მთვარეზე მუდმივ ყოფნას დაუდებს სათავეს. და შემდეგ მარსისკენ გავაგრძელებთ გზას. ეს ძალიან ამაღელვებელი იქნება. ამას ძალიან ველი. მინდოდა, მეც ვყოფილიყავი იქ, მაგრამ ალბათ, დროში ვერ მოესწრება. თუმცა ჩვენ აუცილებლად ვიქნებით მთვარეზე“, - უთხრა დონალდ ტრამპმა ასტრონავტებს.

ასტრონავტები - რიდ უაიზმენი, ვიქტორ გლოვერი, კრისტინა კოხი და ჯერემი ჰანსენი - მთვარეზე შემოვლისას დეტალური დაკვირვებით მოპოვებულ ინფორმაციას დედამიწას რამდენიმე საათის განმავლობაში აწვდიდნენ.

მთვარის ზედაპირის ექვსსაათიანმა დაკვირვებამ მეცნიერებს მისცა ის, რასაც მხოლოდ რობოტების მიერ გადაღებული ფოტოებით ვერ მიიღებ - ადამიანური პერსპექტივა.

Artemis II-ის კოსმოსური ვოაჟი 10 აპრილს წყნარ ოკეანეში დაშვებით უნდა დასრულდეს. Artemis-ის პროგრამის ფარგლებში ნასა მთვარეზე მრავალჯერ დაბრუნებას და იქ მუდმივი ბაზის შექმნას გეგმავს შემდგომი კვლევებისა და ექსპედიციებისთვის.

დაკავშირებული ამბები
Artemis II-ის ეკიპაჟი მთვარეზე წარმატებული შემოვლის შემდეგ შინ ბრუნდება Artemis II-ის ეკიპაჟი ისტორიული მანევრისთვის ემზადება