ლიბიის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ფოტო და ვიდეომასალა, რომლებშიც ჩანს ბუქსირზე გამობმული დაზიანებული რუსული ტანკერი, Arctic Metagaz, რომელიც საზღვაო დრონის სავარაუდო თავდასხმის შემდეგ სამი კვირის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში ტივტივებდა.
ეს ხომალდი ე.წ. რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია, რომელსაც საწვავი გადაჰქონდა, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული საერთაშორისო სანქციების დარღვევაა.
ლიბიის სანაპირო დაცვის წარმომადგენლების თქმით. ტანკერი, რომელსაც თხევადი ბუნებრივი აირი გადაჰქონდა, ლიბიის დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ზუვარასთან ახლოს, უსაფრთხო ზონაში გადაჰყავთ.
ლიბიის ეროვნულმა ნავთობკორპორაციამ გასულ უქმეებზე განაცხადა, რომ ისინი იტალიის ენერგეტიკულ კომპანიასთან თანამშრომლობენ ტანკერის ნაპირზე უსაფრთხოდ გადასაყვანად და ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.
რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ „არკტიკ მეტაგაზი“ მალტის წყლებთან ახლოს უკრაინულმა საზღვაო დრონებმა დააზიანეს. ეკიპაჟის ყველა წევრი ცოცხალია. უკრაინას ამასთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი.
ბუნების მსოფლიო ფონდის ცნობით, რუსული ტანკერი ლიბიის სანაპიროსკენ ქარმა და დინებამ მიიყვანა.
გარემოსდაცვით ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ და ბიომრავალფეროვნების მქონე საზღვაო ტერიტორიას სერიოზული საფრთხე ემუქრება.
