დონალდ ტრამპი მზადაა ირანს ჯოჯოხეთი მოუწყოს, თუ ის ომის დასრულების მისეულ გეგმას არ დათანხმდება. მუქარა თეთრ სახლში გაჟღერდა.
აშშ-ის პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, მოლაპარაკებები აშშ-სა და ირანს შორის გრძელდება და პროდუქტიულადაც მიმდინარეობს, მიუხედავად ირანულ მედიაში გავრცელებული ცნობებისა, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ კონფლიქტის დარეგულირების ამერიკული გეგმა უარყო.
„არ არსებობს მეტი სიკვდილისა და ნგრევის საჭიროება, მაგრამ თუ ირანი არ მიიღებს არსებულ რეალობას, თუ ვერ გაიაზრებს, რომ სამხედრო თვალსაზრისით დამარცხდა და ასეც გააგრძელებს, პრეზიდენტი ტრამპი იზრუნებს იმაზე, რომ მათ დაარტყას იმაზე მძლავრად, ვიდრე ოდესმე. ეს არ არის ბლეფი — პრეზიდენტი მზადაა მოაწყოს ჯოჯოხეთი. ირანმა სწორი გათვლა უნდა გააკეთოს — ბოლო შეცდომა მათ უმაღლესი ლიდერების, საზღვაო და საჰაერო ძალებისა და თავდაცვის სისტემის განადგურებად დაუჯდათ. ამის შემდეგ ნებისმიერი ძალადობა უკვე იმის შედეგია, რომ ირანმა არ მიიღო მარცხი და მოლაპარაკებებს არ დათანხმდა“, — აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა.
თეირანში ამბობენ, რომ აშშ-ის შეთავაზება განხილვის სტადიაშია, თუმცა მედიატორების დახმარებით შეტყობინებების ერთმანეთში გაცვლა მოლაპარაკებებად არ უნდა იყოს აღქმული, მით უმეტეს, რომ ამ ურთიერთგაცვლისას ირანი საკუთარ მოთხოვნებს აყენებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, წინააღმდეგობის მიზანი ომის საკუთარი პირობებით დასრულებაა.
„ისინი საუბრობენ მოლაპარაკებებზე, რითაც აღიარებენ მარცხს. მანამდე განა უპირობო დანებებაზე არ საუბრობდნენ? მაშ რატომ საუბრობენ ახლა მოლაპარაკებებზე, რატომ ამზადებენ უმაღლესი რანგის ოფიციალურ პირებს სასაუბროდ? ეს მარცხის აღიარებაა. ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია და გვსურს, ის დასრულდეს, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტა არ გვსურს ომის იმავე ციკლში დაბრუნების პერსპექტივით. ჩვენ გვსურს, ის დასრულდეს ჩვენი პირობებით, რომ აღარ განმეორდეს, მტრებმა გაკვეთილი ისწავლონ და აღარ იოცნებონ ირანზე მორიგ შეტევაზე. და მეორე — გადაუხადონ რეპარაცია ჩვენს ხალხს“, — ამბობს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი.
ზარალის ანაზღაურებაზე აბას არაღჩი შემთხვევით არ საუბრობს. დონალდ ტრამპის 15-პუნქტიანი შეთავაზების პასუხად — შეჩერდეს ირანის ბირთვული პროგრამა, შემცირდეს ქვეყანაში წარმოებული რაკეტების მოქმედების მანძილი და აღდგეს მიმოსვლა ჰორმუზის სრუტეში — თეირანმა კონტრ-მოთხოვნები წამოაყენა. ეს გულისხმობდა ირანელი მაღალჩინოსნების მკვლელობების შეწყვეტას და იმის გარანტირებას, რომ საბრძოლო მოქმედებები აღარ განახლდება. მოთხოვნებს შორისაა რეპარაციების გადახდაც და ჰორმუზის სრუტეზე ირანის სუვერენული უფლების საერთაშორისო სამართლით გამყარება.
თავად ირანის სახელმწიფო ტელევიზია, ქვეყნის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელზე დაყრდნობით, მანამდე იუწყებოდა, რომ ქვეყანამ უარი უთხრა პაკისტანის დახმარებით მათთვის გადაცემულ ამერიკულ გეგმასა და მის 15 პუნქტს, რომელიც ომის დასრულების პირობებს ითვალისწინებდა. ამას მოჰყვა ისრაელსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებზე ოთხშაბათს განხორციელებული ახალი იერიშები. ერთ-ერთმა ასეთმა დარტყმამ ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტი დააზიანა — უპილოტო საფრენი აპარატები ნავთობის რეზერვუარს მოხვდა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა და აეროპორტს სერიოზული ზიანი მიადგა.
შუამავლები აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პოტენციურ თარიღად პარასკევს ასახელებენ. სურვილის შემთხვევაში, მხარეებს მოლაპარაკებებისთვის პლატფორმას პაკისტანი გამოუყოფს. თუმცა ამ საკითხზე თეთრმა სახლმა სიფრთხილე გამოიჩინა და განაცხადა, რომ შეხვედრის შესახებ საზოგადოება ოფიციალურ განცხადებებს უნდა დაელოდოს.
