კატეგორიები

პარიზი თელ-ავივს მოუწოდებს, ლიბანში სახმელეთო ოპერაციის ჩატარებაზე უარი თქვას

პარიზი თელ-ავივს მოუწოდებს, ლიბანში სახმელეთო ოპერაციის ჩატარებაზე უარი თქვას
Copyright AP Photo
საფრანგეთის პრეზიდენტმა ისრაელის ლიდერს სთხოვა უარი თქვას ლიბანში სახმელეთო შეჭრაზე. ამის შესახებ ელისეს სასახლიდან ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრისას მოისმინა. სოციალურ მედიაში ემანუელ მაკრონის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში იკითხება, რომ ის ისრაელის გარდა პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დონეზე ლიბანის მთავრობასაც ელაპარაკა, სადაც ხაზი გაუსვა ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მხრიდან ისრაელზე იერიშების დაუყოვნებლივ შეჩერების აუცილებლობას.

„მე მოვუწოდე ისრაელის პრემიერ-მინისტრს, დაიცვას ლიბანის ტერიტორიული მთლიანობა და უარი თქვას სახმელეთო შეჭრაზე. მნიშვნელოვანია, მხარეები დაუბრუნდნენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. საფრანგეთი გააგრძელებს ლიბანის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას, რათა სრულად გააგრძელონ საკუთარი მისია, რომელიც სუვერენობასა და ჰეზბოლას საფრთხის აღმოფხვრას ემსახურება“, — წერს პრეზიდენტი X-ზე.

ორი ქვეყნის ლიდერს შორის ეს სატელეფონო ზარი გასული წლის შემდეგ პირველია, ამას თავისი მიზეზიც აქვს. ისრაელს საფრანგეთის ლიდერზე განაწყენება არ დაუმალავს მას შემდეგ, რაც სექტემბერში ემანუელ მაკრონმა ერთ-ერთმა პირველმა თქვა, რომ პალესტინის სახელმწიფოებრიობას აღიარებდა. ამას ამ საკითხზე მწვანე შუქი სხვა გავლენიანი ევროპული სახელმწიფოების მხრიდანაც მოჰყვა, დომინოს პრინციპით. საფრანგეთი ლიბანის მეგობარ სახელმწიფოდ პოზიციონირებს, შესაბამისად, ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარ პოზიციას ხმამაღლა აჟღერებს იმის თაობაზე, რომ ლიბანსა და ისრაელს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში დარჩეს და ქვეყანამ ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლა თავიდან სამუდამოდ მოიშოროს.

„პირველ რიგში, რაც პრეზიდენტმა თავის დონეზე, მე კი ჩემს დონეზე გავაკეთეთ, ისაა, რომ მოვუწოდეთ ისრაელის ხელისუფლებას თავი შეიკავოს ნებისმიერი სახის სახმელეთო შეჭრისგან ლიბანში, უარი თქვას საზღვაო პორტებსა თუ აეროპორტებზე, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშებზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ლიბანის შეიარაღებულ ძალებს, რომლის მისიაც არის ჰეზბოლას განიარაღება, რომელმაც საკუთარი იერიშები უნდა შეწყვიტოს. სწორედ ამ მიზნით ჩვენ მივაწოდებთ ბრონირებულ ავტომობილებს ლიბანის შეიარაღებულ ძალებს, რათა ამ ოპერაციაში გამოიყენონ. და ბოლოს, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ჰუმანიტარული დახმარება ათობით ათასი ადამიანისთვის — იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, რომლებიც ახლა სახლიდან შორს არიან. ამიტომაც გავგზავნეთ ადგილზე 5 ტონა სამედიცინო თუ ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ლიბანში მომდევნო კვირას ჩავა“, — აღნიშნა ფრანგულ მედიასთან საუბრისას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ.

ლიბანი აშშ-ის, ისრაელისა და ირანის ომში მას შემდეგ ჩაერთო, რაც ირანის სატელიტმა ლიბანურმა „ჰეზბოლამ“ ისრაელის წინააღმდეგ იერიში მიიტანა — სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობის შემდეგ. ამას ლიბანის მისამართით საპასუხო საჰაერო ზომები მოჰყვა ისრაელის მხრიდან. შედეგად, უქმეების შემდეგ ქვეყანაში 100-მდე პირი იერიშებს ემსხვერპლა, ომის განახლების შიშით კი 83 ათასმა ადამიანმა საკუთარი სახლი უკვე დატოვა.

ახლო აღმოსავლეთის დატოვება სურს საფრანგეთის მოქალაქეებსაც, რომელთათვისაც ქვეყანამ, მსოფლიოს მრავალი სხვა სახელმწიფოს მსგავსად, სპეციალური რეისები დანიშნა. საფრანგეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში საფრანგეთის 400 000 მოქალაქე ცხოვრობს.

ჟან-ნოელ ბარო — საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
„დაახლოებით 5 000 მოქალაქეს სურს დატოვოს რეგიონი, მათი 80% არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობს. სწორედ ამიტომ გვაქვს ჩარტერული რეისები. ეს რეისები უკვე განხორციელდა ეგვიპტიდან, ომანიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, დაგეგმილია სხვა დამატებითი რეისებიც. მეორე მხრივ, ჩვენ ვთხოვეთ აბუ-დაბის, რომ დააჩქარონ იმ ფრენების ფაზა, რომელიც ქვეყნიდან საფრანგეთში ხორციელდება“, — თქვა ინტერვიუს დროს ქვეყნის პირველმა დიპლომატმა.

აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის შემდეგ რეგიონში ვითარება დაიძაბა და ამან უფრო ფართომასშტაბური კონფლიქტის რისკიც გააჩინა, რადგან ირანის საპასუხო იერიშები ისრაელისა და ამერიკული ბაზების გარდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც მიწვდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარში, ქუვეითში, ბაჰრეინში და სპარსეთის ყურის სხვა სახელმწიფოებშიც.

Related news
პარიზი თელ-ავივს მოუწოდებს, ლიბანში სახმელეთო ოპერაციის ჩატარებაზე უარი თქვას „Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში