უკრაინაში ომის მეხუთე წელს უნგრეთის მთავრობამ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით გააძლიერა ანტიუკრაინული კამპანია, რომელიც, ანალიტიკოსების შეფასებით, აპრილის არჩევნების წინ ხელისუფლების შენარჩუნებას უკავშირდება.
ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო სახსრებით დაფინანსებულ ბილბორდებზე გამოსახული არიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროკავშირის ლიდერები, რომლებიც ომს მოითხოვენ.
„ჩამოყალიბდა კიევ–ბრიუსელის ღერძი, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ გაერთიანდა. შედეგად, უნგრეთს უწევს, გაუმკლავდეს ბრიუსელის მხრიდან მუდმივ ზეწოლასა და ომს, რომელიც ეკონომიკის ზრდას ბლოკავს. სანამ ომი გრძელდება, ურთიერთობების დალაგების შანსს ვერ ვხედავ. მიზეზი ის არის, რომ ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ, უკრაინა კი ცდილობს, ყველა ომში ჩაითრიოს და პროუკრაინული მთავრობები ჩამოაყალიბოს იმ ქვეყნებში, სადაც ხელისუფლება მის საომარ მოთხოვნებს არ ემორჩილება. ისინი ღიად ერევიან არჩევნებში, მათ შორის ჩვენს არჩევნებშიც. ვფიქრობ, უნგრეთში ყველა გონიერი ადამიანი ამას აცნობიერებს. არჩევნების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ისაა, იქნება თუ არა ხელისუფლებაში პროუკრაინული მთავრობა, წაიღებენ თუ არა უნგრელების ფულს და შემდეგ გააგზავნიან თუ არა უნგრულ იარაღსა და ახალგაზრდებს ომში. ეს არის რეალური და მთავარი საკითხი ამ არჩევნებში“ – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა _ვიქტორ ორბანმა._
ორბანი ამტკიცებს, რომ უკრაინა და ევროკავშირი უნგრეთის კონფლიქტში ჩათრევას ცდილობენ, რითაც ქვეყნის უსაფრთხოებას რისკქვეშ აყენებენ. პარალელურად, ბუდაპეშტში მოქალაქეებმა და უკრაინელმა ლტოლვილებმა ომის წლისთავი აღნიშნეს და მთავრობის რიტორიკა გააკრიტიკეს. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლების საარჩევნო კამპანია საზოგადოების განწყობებს არ ასახავს.
„უნგრეთის მთავრობის პოლიტიკა ღალატია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ უნგრეთის ეროვნული ინტერესების მიმართაც. ცხადია, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი უკრაინა, როგორც ჩვენი მეზობელი, და პუტინის იმპერიალიზმის შემჩერებელი, პირდაპირ უნგრეთის ინტერესებშია. სიძულვილის კამპანია, რომელსაც ხელისუფლება შიდა პოლიტიკაში აწარმოებს, უბრალოდ გულისამრევია. ეს სირცხვილია ჩვენთვის, ყველასთვის. ვიმედოვნებ, ეს პოლიტიკა ისტორიაში აისახება, როგორც წარუმატებელი, თუმცა ისტორიამ ის ადამიანებიც უნდა დაიმახსოვროს, რომლებიც სიმართლის მხარეს დადგნენ“ – განაცხადა ბუდაპეშტის მერმა გერშელი კარაჩონმა.
„სამწუხაროდ, ამ ომის შედეგები მხოლოდ უკრაინას არ ეხება. ის მთელ ევროპასა და მსოფლიოს აზიანებს, რადგან ძირს უთხრის საერთაშორისო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტის პრინციპებსა და ადამიანის პატივისცემას. სწორედ ამიტომ უკრაინის მხარდაჭერა მთელი მსოფლიოს საერთო პასუხისმგებლობაა. უკრაინა დგას სამართლიანი მშვიდობისთვის, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ რუსული ჯარების სრულად გაყვანით, დამნაშავეთა პასუხისმგებლობითა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით“ – განაცხადა უკრაინის ელჩმა უნგრეთში ფედირ შანდორმა.
„ეს უბრალოდ სისულელე და სასაცილოცაა, რადგან ამ ბილბორდების მთავარი გზავნილია, თითქოს უკრაინა უნგრეთისა და ევროპის ფულს იპარავს. აბა, თქვენ რას აკეთებთ? ევროპული და უნგრული ბიუჯეტით შექმნილ AI-სურათებს იყენებთ არჩევნების მოსაგებად? ამაზე უკვე მეცინება, რადგან რამდენიმე თვეში ერთხელ ახალი AI-სურათები ჩნდება. ჩემს პრეზიდენტს იქ უფრო ხშირად ვხედავ, ვიდრე უკრაინულ სიახლეებში. ამიტომ სასაცილოა. როცა უნივერსიტეტში მივდივარ და ვამბობ: „ოჰ, გამარჯობა, ბატონო პრეზიდენტო! – ამბობს ე უკრაინელი სტუდენტი სტერ ჟივატოვსკა.
უნგრეთმა კვლავ დაბლოკა ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. მან მხარდაჭერა რუსული ნავთობის მიწოდების აღდგენას დაუკავშირა, რაც ბრიუსელში მწვავე კრიტიკის მიზეზი გახდა.


