მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფობრიტანეთის მთავრობა სკანდალში გახვეულ ყოფილ პრინცთან დაკავშირებით კონფიდენციალურ დოკუმენტებს გაასაჯაროებს

ბრიტანეთის მთავრობა სკანდალში გახვეულ ყოფილ პრინცთან დაკავშირებით კონფიდენციალურ დოკუმენტებს გაასაჯაროებს

კანონმდებლების მხრიდან ზეწოლისა და მწვავე საპარლამენტო დებატების შემდეგ დიდი ბრიტანეთის მთავრობა გაასაჯაროებს კონფიდენციალურ დოკუმენტებს, რომლებიც ყოფილი პრინცის, ენდრიუ მაუნტბეტენ-უინძორის ქვეყნის სავაჭრო წარმომადგენლად დანიშვნას უკავშირდება.

სამშაბათის საკანონმდებლო ორგანოში დებატებისას დეპუტატებმა სამეფო ოჯახისგან მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენა მოითხოვეს და განაცხადეს, რომ მეფის ძმამ ჯეფრი ეფშტეინთან მეგობრობა ქვეყნის წინაშე საკუთარ მოვალეობაზე წინ დააყენა.

გადაწყვეტილება დოკუმენტების გამოქვეყნების შესახებ მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი ჯეფრი ეფშტეინთან დაკავშირებული ბრალდებით დააკავეს.

მას პროსტიტუციის ორგანიზებისა და მასში არასრულწლოვანთა ჩართვაში ბრალდებული ამერიკელი ფინანსისტისთვის კონფიდენციალური სამთავრობო ინფორმაციის გადაცემა ედება ბრალად.

„გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს მინიმუმია, რისი ვალდებულებაც ჯეფრი ეფშტეინისა და სხვების მიერ ჩადენილი საშინელი ძალადობის მსხვერპლების წინაშე გვაქვს – ძალადობის, რომლის ჩადენაც ამ ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ ამპარტავანი, პრივილეგირებული და ხშირად მდიდარი ადამიანების ფართო ჯგუფის დახმარებითა და ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი. მხოლოდ ისინი არა, ვინც თავად მონაწილეობდა ძალადობაში – ბევრად მეტი ადამიანი იყო, ვინც სიხარბის, სიახლოვის ან მორჩილების გამო თვალი დახუჭა. ჩემი აზრით, ისინიც თანამონაწილეები იყვნენ. ზუსტად ისევე მონაწილეები. და მე მივესალმები იმ პასუხს, რომელიც ახლა მათ ელით. ეჭვი მეპარება, რომ აქ მოიძებნება ვინმე, ვინც ბოლო ბრალდებებით გაოგნებული და შეძრწუნებული არ არის. არაერთმა საჯარო მოხელემ და კოლეგამ გამიზიარა საკუთარი გამოცდილება ბატონ მაუნტბეტენ-უინძორთან ურთიერთობის შესახებ და ყველა მათგანში ერთი და იგივე იკვეთება: ადამიანი, რომელიც მუდმივად საკუთარი თავის განდიდებისა და გამდიდრებისკენ იყო მიდრეკილი. უხეში, ამპარტავანი და პრივილეგირებული კაცი, რომელსაც ვერ გაერჩია საჯარო ინტერესი, რომელსაც თითქოს ემსახურებოდა, და საკუთარი კერძო ინტერესი“, – განაცხადა ბრიტანეთის ვაჭრობის მინისტრმა, კრის ბრაიანტმა.

ენდრიუ მაუნტბეტენ-უინძორი, რომელსაც სამეფო ტიტულები შარშან ჩამოერთვა, გასულ კვირაში დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend