„აჯანყების ორგანიზების“ ბრალდებით სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს, იუნ სოკ იოლს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
გამოძიების ვერსიით, მან 2024 წლის 3 დეკემბერს რამდენიმე საათით გამოაცხადა სამხედრო მდგომარეობა, რაც ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დრამატულ კულმინაციად იქცა.
სამხრეთ კორეის უკვე მსჯავრდებული პრეზიდენტის განმარტებით, გადაწყვეტილება მიღებული იყო საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის წინააღმდეგობის დასაძლევად, რისთვისაც მან ქვეყნის პარლამენტის შენობის დასაცავად სამხედრო დანაყოფები გაგზავნა.
სახელმწიფო ბრალდების თანახმად, ყოფილმა მაღალჩინოსანმა ჯარისკაცებსა და საპოლიციო უწყებების თანამშრომლებს მოუწოდა, ლიბერალური პოლიტიკური ჯგუფის მიერ მართული პარლამენტის შენობა დაეკავებინათ, დაეპატიმრებინათ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და „გარკვეული დროით“ დაემყარებინათ შეუზღუდავი ძალაუფლება, რაც მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის არგუმენტად მიიჩნია.
თავად კონსერვატორი ექსპრეზიდენტი თავს უდანაშაულოდ ცნობს და ამტკიცებს, რომ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება აუცილებელი იყო ლიბერალების შესაკავებლად, რომლებსაც ის „ანტისახელმწიფოებრივ ძალას“ უწოდებს.
იუნ სოკ იოლის ადვოკატის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით სამხრეთ კორეაში მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა მართლმსაჯულების სისტემას.
„თუკი სასამართლო გეგმავს, უგულებელყოს დადგენილი სიმართლე, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართლებრივი პრინციპები, და თუ სასამართლო მიმართულია გამოიტანოს განაჩენი, რომელიც წინასწარ განსაზღვრულია სპეციალური პროკურორის მიერ, მაშინ ჩნდება კითხვა: ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამართული ათობით პროცესი უბრალო ფორმალობა იყო? მაშ, რატომ ვატარებდით ამ პროცესებს?
დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, როდესაც კორეის რესპუბლიკაში მართლმსაჯულების სისტემა არ იღებს კანონსა და სინდისზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს და როდესაც კანონის უზენაესობა თავზე გვენგრევა, არ შემიძლია, არ მქონდეს უკიდურესად სკეპტიკური განწყობა იმის მიმართ, უნდა გავასაჩივროთ თუ არა ეს განაჩენი და საერთოდ მივიღოთ თუ არა ამ პროცესში მონაწილეობა. ეს არის საკითხი, რომელიც უნდა განვიხილოთ ექსპრეზიდენტთან და ჩემს კოლეგებთან ერთად“, — განაცხადა სამხრეთ კორეის ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, იუნ კაბ კინმა.
მიუხედავად სამუდამო პატიმრობის მისჯისა, იუნ სოკ იოლის მიმართ გამოტანილი განაჩენი მაინც შემსუბუქებული აღმოჩნდა. ბრალდების მხარე ექსპრეზიდენტის სიკვდილით დასჯას მოითხოვდა იმ არგუმენტით, რომ მისი ქმედებები სამხრეთ კორეის დემოკრატიისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა.
სეულში 1997 წლიდან მოყოლებული სიკვდილით დასჯის განაჩენი რამდენიმე პირის მიმართ გამოიტანეს, თუმცა ის არ აღუსრულებიათ, რაც უფლებადამცველებსა და საზოგადოებაში ფაქტობრივ მორატორიუმად არის აღქმული, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ სასჯელის გამოყენების ეს ფორმა სამხრეთ კორეაში ოფიციალურად არ არის აკრძალული.
სამხრეთ კორეის ექსპრეზიდენტთან ერთად, 30-წლიანი საპატიმრო სასჯელი შეეფარდა ქვეყნის თავდაცვის ყოფილ მინისტრსაც, რომელიც სამხედრო ძალების მობილიზებაშია ბრალდებული. მათთან ერთად ციხეში გაუშვეს პოლიციისა და თავდაცვის უწყებების სხვა მაღალჩინოსნებიც, რომლებიც იმდროინდელი პრეზიდენტის ბრძანებებს ასრულებდნენ.
ექსპრეზიდენტი იუნ სოკ იოლი თანამდებობიდან 2024 წლის 14 დეკემბერს პარლამენტის იმპიჩმენტის საფუძველზე გადააყენეს, თუმცა ოფიციალურად გადაყენების მექანიზმი სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ 2025 წლის აპრილში აამოქმედა, როდესაც გადაწყვეტილებას რვა ხმით დაუჭირა მხარი.
იურისტების შეფასებით, პირველი ინსტანციის განაჩენის გასაჩივრების შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გადაწყვეტილება შეიცვალოს.

