მთავარიევროპასლოვაკეთიაშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ცენტრალური ევროპის სახელმწიფოებში

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ცენტრალური ევროპის სახელმწიფოებში

„რაც უფრო ძლიერები არიან ჩვენი მოკავშირეები, მით უფრო ძლიერები ვართ ჩვენ ერთობლივად“ – ამ გზავნილით ეწვია ცენტრალური ევროპის სახელმწიფოებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, რობერტ ფიცოსთან შეხვედრისას, ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ევროპელი მოკავშირეებისგან არ მოითხოვს ვასალურ ურთიერთობას და ისინი უფრო ნაკლებად უნდა იყვნენ დამოკიდებული ამერიკის შეერთებულ შტატებზე.

„ნებისმიერი ქვეყნის ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტი არის ეროვნული ინტერესების დაცვა, თუმცა, ამას გარდა, არ არსებობს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის უფრო მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე საკუთარი ერისა და ქვეყნის დაცვა. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ მოკავშირეებისა და ნატოს ფარგლებში, ამ შესაძლებლობების არსებობის მნიშვნელობაზე. ყოველ ჯერზე, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ზოგიერთი ჭკუიდან იშლება და ფიქრობს: „ანუ ეს ნიშნავს, რომ თქვენ უარს ამბობთ ნატოზე, აპირებთ უარი თქვათ თქვენს მოკავშირეებზე“.

ვფიქრობ, საქმე ისაა, რომ, რაც უფრო ძლიერები არიან ჩვენი მოკავშირეები, მით უფრო ძლიერები ვართ ჩვენ ერთობლივად. სწორედ ამიტომ გვინდა, დადებილი როლი გვქონდეს ამ ურთიერთობაში. ამ მხრივ თქვენ ბევრ კარგს აკეთებთ. გვინდა, მადლობა გადაგიხადოთ და გვინდა, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ამ მიმართულებით.

პრეზიდენტი მთელი წლის განმავლობაში უმაღლეს დონეზე მუშაობდა, რითაც ცდილობდა, გაერკვია, შეგვეძლო თუ არა როგორც შუამავლები ჩავრთულიყავით უკრაინის ამ საშინელი ომის მოლაპარაკებებით მოგვარების პროცესში. ეს გვაღელვებს. თქვენ მათ მეზობლად ცხოვრობთ, ომის საზღვართან ხართ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უმაღლესი რანგის წარმომადგენელთან შეხვედრისას, ყურადღების მიღმა არ დარჩენილა უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიანი ომი. კიევისადმი სლოვაკეთს, ისევე როგორც უნგრეთს, სხვა ევროპული სახელმწიფოებისგან რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვს.

ევრობლოკში ბრატისლავა და ბუდაპეშტი მეტად მოსკოვის მოკავშირეებად არიან აღქმულნი, ვიდრე კიევისა. რობერტ ფიცოს მიაჩნია, რომ სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დასრულების ერთადერთი გზა არის დიალოგი მოსკოვთან და პირდაპირ ვლადიმერ პუტინთან.

ეს აზრი სულ უფრო ფართოდ ვრცელდება ევროპის სხვა სახელმწიფოებშიც, მაგალითად, საფრანგეთში.

ემანუელ მაკრონის სიტყვების შემდეგ, პარიზსა და მოსკოვს შორის გარკვეული სახის კომუნიკაცია შედგა, თუმცა კონტინენტის ქვეყნები ჯერ საერთო აზრზე ვერ ჯერდებიან.

„დისკუსიები ჩვენთვის ქმნის სივრცეს ღირებული ინფორმაციის მისაღებად. ახლა ჩვენ უნდა დავიწყოთ დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

თუ დიალოგს არ შევუდგებით, ვერ დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ დაინტერესებული ვართ შეიარაღებული კონფლიქტის დასრულით, რომელსაც ახლა უკრაინაში ვაკვირდებით. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ, მიუხედავად ზელენსკის ნაბიჯისა, რითაც მან წელიწადში 500 მილიონი ევრო წაგვართვა, განვაგრძობთ უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას. ეს არის ე.წ. „სპეციალური მომარაგება“, მათ ენერგოსისტემაში შესაძლო შეფერხების შემთხვევაში.

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა – ჩვენ მათ გაზსაც ვაწვდით. ვთვლი, ომის შემდგომ მოცემულობაში საჭიროა, უკრაინამ სერიოზულად განიხილოს მის ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენის საკუთრების საკითხი, რათა ის აღარ იყოს ცალკეული სახელმწიფოების დაშანტაჟების ინსტრუმენტი“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ.

ცენტრალური ევროპის სახელმწიფოებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ანალიტიკოსებისთვის არის გარკვეული ნიშანი იმისა, რომ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ევროპულ სახელმწიფოებთან გაუარესებული ურთიერთობების ფონზე, ვაშინგტონი კონტინენტზე მყოფ თანამოაზრეებთან კავშირების გაძლიერებას ცდილობს.

„ეს ორი ქვეყანა, ბრიუსელის თვალსაზრისით, გარკვეულწილად პრობლემურ დასავლეთ ევროპულ სახელმწიფოს წარმოადგენს. ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ ეს სრულად ერგება იმ ვითარებას, როდესაც ამერიკა უფრო მეტად ცდილობს ალიანსის ჩამოყალიბებაზე ქვეყნებთან, რომლებიც ევროკავშირის წინააღმდეგ გარკვეული შუღლით არიან განწყობილი.

თუკი [აშშ-ის] ეროვნული უსაფრთოხების სტრატეგიაში წერია, რომ ევროსკეპტიკოსი და ულტრამემარჯვენე პარტიები არიან ამერიკის ნამდვილი მოკავშირეები, ვფიქრობ, სწორედ ეს სახელმწიფოები ერგებიან ამ კატეგორიას.

იქ პრორუსული და პროამერიკული განწყობები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და ეს ის ქვეყნებია, სადაც მარკო რუბიოს შეუძლია ელოდოს, რომ ენერგეტიკული პოლიტიკის ინიციატივები, ასევე შეერთებული შტატების ზოგიერთი სხვა ინიციატივა, როგორიცაა „მშვიდობის საბჭო“, უფრო დიდ მოწონებას დაიმსახურებს“, – თქვა ანალიტიკოსმა, პიტერ კრერკომ.

სლოვაკეთისა და უნგრეთის ხელისუფლებები პერიოდულად ცდილობენ, თავიანთ სახელმწიფოებში გაატარონ ისეთივე პოლიტიკა, როგორსაც დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, აშშ-ში აწარმოებს.

რობერტ ფიცოც და ვიქტორ ორბანიც მუდმივად იწონებენ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით მიღებულ თითქმის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მითუმეტს ანტისაიმიგრაციო კანონმდებლობასთან დაკავშირებით და მის მსგავსად აკრიტიკებენ ევროკავშირის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას.

ექსპერტთა ნაწილის მოსაზრებით, ეს მათი მხრიდან უფრო ვაშინგტონის გულის მოგების მცდელობის მაჩვენებელია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend