მთავარიEuropean Union„მავნე დრონების“ წინააღმდეგ ევროკომისიას ახალი სტრატეგია აქვს

„მავნე დრონების“ წინააღმდეგ ევროკომისიას ახალი სტრატეგია აქვს

ევროკომისიამ „მავნე დრონების“ წინააღმდეგ ახალი სტრატეგია წარადგინა. მისი საშუალებით ამიერიდან ბლოკის ტერიტორიაზე მოხვედრილი მავნე დრონების იდენტიფიცირება და, საჭიროების შემთხვევაში, მათი მოგერიება სწრაფად და ეფექტურად იქნება შესაძლებელი.

ეს ევროკავშირის პასუხია იმ მრავალ ინციდენტზე, რომელიც გასულ წელს ბლოკის სხვადასხვა ქვეყანაში დაფიქსირდა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურასაც შეეხო, მათ შორის — ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, გერმანიასა და ბელგიაში.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპის უსაფრთხოების გარემო ძალიან ღრმად შეიცვალა. ყველაფერი შეიძლება იქნას გამოყენებული ჩვენს წინააღმდეგ, ამიტომ უნდა ვიყოთ ერთიანები და, რაც მთავარია, მზადყოფნაში. უკრაინაში დრონების გამოყენებამ ომის ბუნება შეცვალა. დრონები გამოყენებულ იქნა ჰიბრიდული შეტევებისთვის აგრეთვე ევროკავშირის ტერიტორიაზეც, წევრი სახელმწიფოების კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ვიხილეთ დრონები, რომლებმაც უხეშად დაარღვიეს ჩვენი საჰაერო სივრცე, ხელი შეუშალეს ჩვენი აეროპორტების მუშაობას და გამოიწვიეს სამოქალაქო თვითმფრინავების სახიფათო აცდენები. დრონების ამგვარი მავნე და უპასუხისმგებლო გამოყენება გავლენას ახდენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ჩვენს საზღვრებზე, პორტებზე, სატრანსპორტო ჰაბებსა და საზოგადოებრივ სივრცეებზე, ასევე რისკებს შეიცავს საზღვაო უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული სექტორის მიმართულებით. ეს პირდაპირ ეხება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ეკონომიკას და, შესაბამისად, მოითხოვს ეფექტურ და კარგად კოორდინირებულ პასუხს ჩვენი მხრიდან, მათ შორის — სამოქალაქო და სამხედრო ძალისხმევის ჩათვლით“, — აღნიშნავს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჰენნა ვირკკუნენი.

ევროპელების ახალი გეგმა ფოკუსირდება მზაობისა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე, ინოვაციური გადაწყვეტების, მათ შორის 5G ინფრასტრუქტურის გამოყენებით. ახალი სტრატეგია ასევე გულისხმობს იმგვარ ტექნოლოგიებში ინვესტირებას, რომლებიც მავნე დრონების სხვა დრონებისგან გარჩევას მოემსახურება.

კომისიამ ასევე განაცხადა სერტიფიცირების ახალი სქემის შესახებ დრონსაწინააღმდეგო სისტემებისთვის და დააანონსა ინდუსტრიული ფორუმის შექმნაც, რაც წარმოების გაზრდას უნდა შეუწყოს ხელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend